Thumbnail

შერონ სტოუნი: 2007 წელს, როცა ბრიტნი სპირსი ცუდად იყო, დახმარება მთხოვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, შერონ სტოუნმა მომღერალ კელი კლარკსონის შოუში სტუმრობისას გაამხილა, რომ 2007 წელს ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა წერილი გაუგზავნა, რომელშიც დახმარებას სთხოვდა. სტოუნის თქმით, ეს იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ტაბლოიდები აქტიურად წერდნენ, რომ სპირსმა თავი ფსიქიკური პრობლემების გამო გადაიპარსა.

ბრიტნი სპირსი: აქ იმისთვის არ ვარ, რომ სრულყოფილი ვიყო, მოსაწყენია

კიმ კარდაშიანი: ბრიტნი სპირსის კარგად მესმის, მედია მეც საშინლად მომექცა

"ბრიტნიმ ძალიან გრძელი, მნიშვნელოვანი და სევდიანი წერილი მომწერა თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში. უნდოდა, რომ დავხმარებოდი. მაშინ ჩემი თავის დახმარებაც კი არ შემეძლო. რეალურად ორივეს გვჭირდებოდა შველა", - აღნიშნა შერონმა.

მართალია, 63 წლის შერონს გადაცემაში არ უთქვამს, როგორ უპასუხა სპირსს და არც ის დაუკონკრეტებია, თავად რა პრობლემების წინაშე იდგა მაშინ, თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ მემუარებში The Beauty of Living Twice Hardcover ბავშვობაში გადატანილ სექსუალურ ძალადობაზე ღიად ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტნიმ ერთი კვირის წინ ინსტაგრამზე შერონის და კიდევ რამდენიმე ქალის, მათ შორის პოპვარსკვლავ მაილი საირუსის და მსახიობების, ნატალი პორტმანისა და სარა ჯესიკა პარკერის სურათები გამოაქვეყნა და ისინი თავისი შთაგონების წყაროდ დაასახელა.

"ესენი არიან ქალები, რომლებმაც ცხოვრებაში ნამდვილი შთაგონება მომცეს. მათ ყოველთვის შემოაქვთ სხივი ჩემს ყოველდღიურობაში", - წერს მომღერალი.

ბრიტნი 2007 წელს პაპარაცების დიდი ყურადღების ქვეშ იყო. ფსიქორეაბილიტაციის ცენტრებში ხშირი სტუმრობის გარდა, მუსიკოსი ყოფილ ქმარს, კევინ ფედერლაინს შვილების მეურვეობასთან დაკავშირებით სასამართლოში ედავებოდა. თავგადაპარსული მომღერალი პაპარაცებმა ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე შენიშნეს. ფოტოგრაფების ყურადღებით გაღიზიანებული არტისტი მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანის, დენიელ რამოსის ავტომობილს ქოლგით ხელში დაესხა თავს. მანქანის დაზიანებასთან ერთად, ბრიტნი ფიზიკურად თავად პაპარაცისაც გაუსწორდა.

5 მუსიკოსი, რომელიც პაპარაცებს ფიზიკურად გაუსწორდა

2008 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრიტნის ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ, სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა. გასული წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, მამის ნაცვლად მუდმივ მეურვედ მისი მენეჯერი, ჯოდი მონტგომერი დანიშნულიყო. სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული