Thumbnail

ლილ ნას იქსს FKA twigs-ის კლიპის კოპირებაში ადანაშაულებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელი მუსიკოსის, FKA twigs-ის თაყვანისმცემლებმა პოპულარული ქანთრი რეპერის, Lil Nas X-ის ახალი კლიპის Montero (Call Me By Your Name) ხილვის შემდეგ ატლანტელი არტისტი მათი საყვარელი შემსრულებლის იდეების კოპირებაში დაადანაშაულეს. სცენამ, რომელშიც ლილ ნასი ძელზე სტრიპტიზის ცეკვამდე სამოთხიდან ჯოჯოხეთში ეშვება, მათ ბრიტანელი არტისტის კომპოზიციაზე cellophane გადაღებული ვიდეორგოლის ერთ-ერთი ეპიზოდი გაახსენა - ორი წლის წინ გავრცელებულ კლიპში ნაჩვენებია, როგორ მიიწევს სტრიპტიზის ცეკვისას თვიგსი ნათელი, არაამქვეყნიური სივრცისკენ, შემდეგ კი ჯურღმულისკენ მიექანება.

FKA Twigs: შაია ლაბაფი სხვა კაცებისთვის თვალებში შეხედვასაც კი მიკრძალავდა

"ვფიქრობ, ლილ ნასმა ბევრი რამ გადაიტანა რეჟისორ ენდრიუ ტომას ჰუანგისა და FKA twigs-ისგან თავის ახალ კლიპში. აი, ორივე ვიდეორგოლის ნაწყვეტები გვერდიგვერდ და თქვენ განსაჯეთ", - დაწერა ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

"გრემი, რომელიც FKA twigs-ს cellophane-ისთვის უნდა მიეღო, ლილ ნას იქსს დარჩა. ახლა კი ისე გამოვიდა, რომ მან cellophane-ის კონცეფციის ნაწილი მოიპარა თავისი ახალი კლიპისთვის?", - აღნიშნავს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი, რომელმაც გრემის 62-ე დაჯილდოება გაიხსენა, როცა თვიგსის ზემოხსენებული ვიდეორგოლი და ლილ ნას იქსის Old Town Road წლის კლიპის კატეგორიაში იყო ნომინირებული, გამარჯვება კი ამ უკანასკნელს დარჩა.

ტვიტერზევე გამოხატა საკუთარი აზრი თვიგსის ვიდეორგოლის რეჟისორმაც.

"მე ლილ ნას იქსის ფანი ვარ. ესთეტიკის გაზიარება და პატივისცემის გამოხატვა შემოქმედებითი პროცესის ნაწილია. კოლექტიური ცნობიერება რეალურად არსებობს. ამასთან, ძვირი ჯდება გამოსახულებების შექმნა. cellophane-ზე მუშაობას წლები დასჭირდა, როგორც ფიზიკურ მომზადებას, ასევე ემოციურ შრომას თვიგსის ცხოვრების ამოსახსნელად, რათა შექმნილიყო მისი ტრავმისა და გაჯანსაღების სურათი. როცა ძალაუფლების მქონე არტისტი (რომელსაც გავლენიანი ხმისჩამწერი კომპანიები, სოციალური ქსელები, საზოგადოებრივი კავშირები და ბევრი სხვა რამ უწყობს ხელს) სხვისი იდეების გადამუშავებას ახდენს საკუთარი ბრენდის იმიჯისთვის, მას ზიანი მოაქვს იმ შემოქმედი ადამიანებისთვის, რომლებმაც რეალური შრომა გასწიეს", - დაწერა ენდრიუ ტომასმა.

ამერიკელი რეპერი ბრალდებებს ინსტაგრამის საშუალებით გამოეხმაურა. მან cellophane-დან კადრი გაავრცელა და აღნიშნა, რომ თვიგსმა პირადად ჩააყენა საქმის კურსში ამ ორი კლიპის მსგავსებასთან დაკავშირებით.

"მინდა, ჩემი სიყვარული გამოვხატო FKA twigs-ისა და რეჟისორ ენდრიუ ტომას ჰუანგის მიმართ. cellophane-ის ვიზუალი შედევრია. მადლობა თვიგსს, რომ დამირეკა და მესაუბრა ამ ორ ვიდეოს შორის არსებულ მსგავსებასთან დაკავშირებით, რადგან თავად არ ვიცოდი, რომ ისინი ასე ჰგავდნენ ერთმანეთს. ვხვდები, რამდენად რთულია იმაზე მუშაობა, რომ ასეთი ვიზუალი შექმნა. თქვენ უდიდეს სიყვარულსა და შექებას იმსახურებთ", - დაწერა მუსიკოსმა. აღსანიშნავია, რომ ორივე კლიპის ქორეოგრაფი კელი ივონია.

ამის შემდეგ, FKA twigs-მა ინსტაგრამზე ლილ ნასის სურათი გამოაქვეყნა წარწერით:

"მადლობა გულწრფელი საუბრისა და იმ შთაგონების აღიარებისთვის, რომელიც cellophane-მა შენ და შენს შემოქმედებით გუნდს მოგცათ ამ საკულტო ვიდეოს შექმნისას. საოცარი ნამუშევარია და სრულად ვუჭერ მხარს შენს სიმამაცეს, როდესაც კულტურას ქვიარ ადამიანების საკეთილდღეოდ იყენებ".

Lil Nas X-ის მომავალ ალბომში Montero შესულ კომპოზიციაზე Montero (Call Me By Your Name) გადაღებული კლიპი 26 მარტს გავრცელდა და ინტერნეტმომხმარებლების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. განსაკუთრებული კრიტიკა ხვდა წილად ვიზუალური ნამუშვრის იმ ნაწილს, რომელშიც ლილ ნასი სატანის კალთაში მჯდომი ცეკვავს. კრიტიკული შეფასებების ავტორებმა ვიდეორგოლს ამორალური, დემონური და ბავშვებისთვის საზიანო უწოდეს.

Lil Nas X-ის ახალმა კლიპმა საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა

კომენტარები

ბოლოს დამატებული