Thumbnail

ემი უაინჰაუსის შესახებ დოკუმენტური ფილმი 10 Years On გავრცელდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

23 ივლისს ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ემი უაინჰაუსის გარდაცვალებიდან 10 წელი შესრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით BBC Two და BBC Music დოკუმენტურ ფილმს Amy Winehouse: 10 Years On გადაიღებენ, რომელიც დედის, ჯენისის მონათხრობს დაეფუძნება. როგორც ქალმა აღნიშნა, მას მრავლობითი სკლეროზი სჭირს, ამიტომაც, სურს, შენარჩუნებულ მოგონებებს სიცოცხლე აჩუქოს და ისინი მსოფლიოს გაუზიაროს.

"არ მგონია, რომ მსოფლიო ნამდვილ ემის იცნობდა. მინდა, რომ იცოდეთ, საიდან მოდის, ასევე, კარგად გაეცნოთ მის პერსონას", - აღნიშნა ქალმა ტელეკომპანია BBC-სთან საუბარში.

ჯეინმა 2014 წელს ემის შესახებ წიგნი სახელწოდებით Loving Amy: A Mother's Story დაწერა, რომელშიც ამბობს, რომ ძალიან ეშინია იმ დღის, როდესაც დაავადების გამო შვილის შესახებ არაფერი ემახსოვრება. მის მიერ მოთხრობილი ისტორიების გარდა, ფილმში აგრეთვე იხილავთ აქამდე უცნობ ფოტო-ვიდეო მასალას, როგორც პირადად არტისტისა და მისი ოჯახის, აგრეთვე BBC-ის არქივებიდან. სურათის რეჟისორი მარინა პარკერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ემი უაინჰაუსზე ერთი სურათი Amy უკვე გადაღებულია. ის ეკრანებზე 2015 წელს გამოვიდა და საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში ოსკარის მოპოვებაც მოახერხა. რეჟისორ ასიფ კაპადიას ნამუშევარში ემის მოღვაწეობის, ცხოვრებისა და უდროო გარდაცვალების შესახებაა მოთხრობილი.

ემი უაინჰაუსმა სადებიუტო ალბომი Frank 2003 წელს გამოუშვა. ჯაზის ელემენტებით გაჯერებული ჩანაწერი ბრიტანული მუსიკალური ჩარტების წამყვან პოზიციაზე მოექცა. 2006 წელს გამოცემული მეორე სტუდიური ალბომი Back To Black კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ნამუშევარმა 5 გრემი დაიმსახურა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა You Know I'm No Good, Back To Black, Rehab და Tears Dry On Their Own მოუტანა. 27 წლის ემი უაინჰაუსი 2011 წლის 23 ივლისს ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღებას ემსხვერპლა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული