Thumbnail

Black Sabbath-ის ტონი აიომი საუბრობს, რატომ არ მოკვდება როკი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Black Sabbath-ის ყოფილი გიტარისტი, ტონი აიომი ამერიკული ბენდის, KISS-ის ჯინ სიმონსს გამოეხმაურა, რომელმაც ახლახან აზრი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აღარაა როკი აქტუალური. ტონი აიომიმ გამოცემა Consequence of Sound-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს ჟანრი არ მოკვდება, რადგან ხარისხიანი მუსიკა არასდროს ქრება.

KISS-ის ჯინ სიმონსი განმარტავს, რატომ მოკვდა როკი

"ნამდვილად არ მგონია, რომ როკი მოკვდება. ამას უკვე რამდენი წელია, ამბობენ. ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს ფრაზა ძალიან ბევრჯერ მომისმენია. კარგი მუსიკა არ გაქრება. ის ბაზარზე ყოველთვის იქნება. მართალია, არაერთმა ბენდმა დაკარგა პოპულარობა, თუმცა, ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდებოდა და მოხდება. სამაგიეროდ, ახალი კოლექტივები ჩნდებიან, რომლებიც სახელს იხვეჭენ. ავიღოთ Metallica - გამორიცხულია, რომ ვინმეს დაავიწყდეს. მათ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ", - ამბობს ტონი აიომი.

ჯინ სიმონსმა გამოცემა Consequence of Sound-თან ინტერვიუში ისაუბრა:

"როკი მოკვდა. თუ ავიღებთ 1958-88 წლებს, რაც ჯამში 30 წელია - გვყავდა ელვისი, The Beatles, The Stones, Pink Floyd და ა.შ. უფრო მძიმე Metallica, Maiden, გნებავთ KISS, AC/DC. თუნდაც დევიდ ბოუი, U2, Prince, Eagles. შემდეგ დისკო მუსიკა და მადონა. 1988 წლიდან დღემდე რომელია ახალი "ბითლზი"? მიზეზი ის კი არ არის, რომ მუსიკოსებს ტალანტი არ აქვთ, უბრალოდ, ახალგაზრდა მსმენელმა გადაწყვიტა, რომ აღარ სურს მუსიკაში ფულის გადახდა. უნდა, რომ გადმოიწეროს ფაილი და გააზიაროს. ამან მოუკლა მომავალი ახალი თაობის ბენდებს. ფაქტმა, რომ მუსიკა უფასოდ იშოვებოდა. არტისტები ყვავილებივით არიან - თუ მათ არ მორწყავ და მზის სხივებს მოაშორებ, ისინი მოკვდებიან. ხალხს კი უკვირს, სად გაქრა ის ლამაზი ყვავილები. იმიტომ, რომ მორწყვა შეწყვიტეთ. დღეს თუ სიმღერას გადმოწერ, არტისტს ასი ცენტიდან ერთი ერგება. თუნდაც Spotify, მუსიკოსები ძალიან მცირე თანხას გამოიმუშავებენ ამ პლატფორმიდან. ასე რომ, იღებ იმას, რასაც იხდი. იმედია, როდესაც პანდემია დასრულდება, კონცერტებზე ივლით და ახალბედა კოლექტივებს მხარს დაუჭერთ", - აღნიშნა არტისტმა.

ტონი აიომიმ კარიერა 1964 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჯგუფ Black Sabbath-ში მოღვაწეობით მოიპოვა. ტონი ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტს შორის 25-ე ადგილზე გაიყვანა. სადებიუტო სოლო ალბომი აიომიმ 2000 წელს გამოუშვა. 2011-ში მან ავტობიოგრაფიული წიგნი Iron Man: My Journey Through Heaven and Hell with Black Sabbath გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული