Thumbnail

პოპულარული მუსიკოსების სატელევიზიო დებიუტის ამსახველი ჩანაწერები ჭეშმარიტ მელომანებს შორის განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს. ახალბედა არტისტების გამოსვლა ზოგჯერ ნამდვილ ფურორს ახდენდა, თუმცა უმეტეს შემთხვევებში მაყურებლებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას ადევნებდნენ თვალს. 

ჩვენს სტატიაში სწორედ 10 ლეგენდარული არტისტის სატელევიზიო დებიუტს წარმოგიდგენთ.

10. ბობ დილანი

საკულტო ამერიკელი მუსიკოსი ტელეეკრანზე პირველად 1963 წლის მარტში გამოჩნდა. გამოსვლისას მან კომპოზიციები Blowin' in the Wind, Man of Constant Sorrow და Ballad of Hollis Brown შეასრულა. სამივე ტრეკი შემსრულებლის მეორე სტუდიურ ალბომში The Freewheelin' Bob Dylan შედიოდა, რომელიც კონცერტის ეთერში გასვლიდან სულ რაღაც ერთ თვის შემდეგ გამოიცა და უდიდეს წარმატებასაც მიაღწია.

9. Queen

ეპოქალური ბრიტანული როკ ბენდის სატელევიზიო დებიუტი 1974 წლის 21 თებერვალს, BBC-ის ყოველკვირეულ გადაცემაში Top of the Pops შედგა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, მაშინ ჯერ კიდევ ახალბედა კოლექტივის წევრებმა კომპოზიცია Seven Seas of Rhye ფონოგრამის თანხლებით შეასრულეს, რის გამოც აუდიტორიისთვის თავისი არაჩვეულებრივი მუსიკალური შესაძლებლობების სრულფასოვნად დემონსტრირების საშუალება არ მიეცათ.

8. Red Hot Chili Peppers

პოპულარულმა ამერიკულმა კოლექტივმა კარიერაში პირველი სატელევიზიო პერფორმანსი 1984 წლის 16 მარტს, ალან თიქის შოუში გამართა. იმ პერიოდში კალიფორნიული ბენდის შემადგენლობა დღევანდელისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა. ჯგუფში გიტარისტის პოზიციას ჯეკ შერმანი იკავებდა, დრამერისას კი კლიფ მარტინესი, რომელიც დღეს ცნობილი კინოკომპოზიტორია.

7. Depeche Mode

ამ ბრიტანული კოლექტივის სატელევიზიო დებიუტიც გადაცემაში Top of the Pops შედგა. 1981 წლის 25 ივნისს მუსიკოსებმა ფონოგრამის თანხლებით საკუთარი ჰიტი New Life შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისთვის ჯგუფის შემადგენლობაში ჯერ კიდევ ირიცხებოდა სინთპოპის მომავალი ლეგენდა, ვინს კლარკი. ამ უკანასკნელმა Depeche Mode სულ რაღაც ხუთ თვეში დატოვა და მოგვიანებით პროექტებში Yazoo და Erasure მოღვაწეობით გაითქვა სახელი.

6. Led Zeppelin

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა სადებიუტო ალბომის გამოცემიდან ორ თვეში, 1969 წლის 14 მარტს შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში კომპოზიციის Communication Breakdown პრომო ვიდეორგოლი გადაიღო, რომელიც სატელევიზიო ეთერით იმავე თვის მიწურულს გადაიცა. ჯგუფის წევრებს პერფორმანსის ჩატარება ფონოგრამის თანხლებით მოუწიათ, რითიც ძალზე იმედგაცრუებულნი დარჩნენ. თუმცა, სამი დღის შემდეგ რამდენიმე ტრეკის ცოცხლად შესრულების საშუალება დანიურ ტელეარხზე Byen მიეცათ.

5. U2

1978 წლის 2 მარტს ირლანდიური საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ახალბედა როკ ბენდმა სახელწოდებით Hype კომპოზიცია Street Mission შეასრულა. ამ პერფორმანსის ამსახველი ჩანაწერი ეთერში მხოლოდ ივნისში გავიდა, როცა ზემოხსენებულ კოლექტივს უკვე ახალი სახელი U2 ერქვა. ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეორგოლის მიწურულს გადაცემის წამყვანი სწორედ ამ ფაქტს უსვამს ხაზს.

4. Nirvana

ამერიკული გრანჟ კოლექტივის სატელევიზიო დებიუტი ოკეანის გადაღმა, დიდ ბრიტანეთში შედგა. 1991 წლის 8 ნოემბერს Nirvana კონტროვერსიულ სატელევიზიო გადაცემაში The Word მიიწვიეს, სადაც ეპოქალური ტრიოს წევრებმა ორი თვით ადრე გამოცემული ალბომის Nevermind ცენტრალური კომპოზიცია Smells Like Teen Spirit შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ კურტის იმდროინდელი მეგობარი გოგონა და ჯგუფ Hole-ის ლიდერი, კორტნი ლავი ფართო საზოგადოებამ სწორედ ამ პერფორმანსით გაიცნო.

3. Elvis Presley

1956 წელს ტელეკომპანიამ CBS ელვის პრესლი პროგრამაში Stage Show ორი თვის განმავლობაში ექვსი შოუს მოსაწყობად მიიწვია. დაგეგმილი კონცერტებიდან პირველი 28 იანვარს შედგა. პრესლიმ სამი კომპოზიცია I Got a Woman, Shake Rattle and Roll და Flip, Flop and Fly შეასრულა. მაშინ ის ჯერ კიდევ დამწყებ მუსიკოსად მიიჩნეოდა, თუმცა ელვისის პოპულარობა ელვის სისწრაფით იზრდებოდა და რამდენიმე თვეში შემსრულებელი უკვე სუპერვარსკვლავის სტატუსით სარგებლობდა.

2. David Bowie

დევიდ ბოუი ტელევიზიაში პირველად 1964 წელს გამოჩნდა, თუმცა იმ ჯერზე BBC-ის სტუდიაში არა პერფორმანსის ჩასატარებლად, არამედ გრძელთმიანი მამაკაცების მიმართ საზოგადოებაში არსებულ სტიგმებსა და სტერეოტიპებზე სასაუბროდ იყო მისული. 1969 წლის 10 ნოემბერს კი ბრიტანელი არტისტის მუსიკალური დებიუტი ერთ-ერთი შვეიცარიული ტელეარხის ეთერში შედგა, სადაც ბოუიმ ფონოგრამის თანხლებით თავისი უკვდავი ჰიტი Space Oddity შეასრულა.

1. Radiohead

ეპოქალური ბრიტანული კოლექტივის სატელევიზიო დებიუტი დაარსებიდან 8 წლის შემდეგ შედგა. ბენდი 1993 წლის 14 ივლისს ცნობილი ამერიკელი მსახიობისა და კომიკოსის, არსენიო ჰოლის შოუში სადებიუტო ალბომის Pablo Honey ცენტრალური კომპოზიციით Creep წარსდგა. როგორც მოგეხსენებათ, მცირე ხანში ამ ტრეკმა მასშტაბური პოპულარობა მოიპოვა, ტომ იორკსა და კომპანიას კი მისი დაკვრა იმდენად მობეზრდათ, რომ საკონცერტო რეპერტუარიდან თითქმის სრულიად ამოიღეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული