Thumbnail

მერკურის პირველი შეყვარებული იხსენებს, როდის მიხვდა, რომ ფრედის კაცები იზიდავდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის სოლისტის, ფრედი მერკურისა და მერი ოსტინის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. მათ 1974 წლიდან, ექვსი წლის განმავლობაში, ჰქონდათ სასიყვარულო კავშირი, შემდეგ კი ახლო მეგობრებად დარჩნენ. თუმცა, ის მერკურის პირველი ქალი პარტნიორი არ ყოფილა. მანამდე არტისტი როუზ პირსონის შეყვარებული გახლდათ, რომელიც ილინგის კოლეჯში გაიცნო და 1969-70 წლებში ხვდებოდა. ქალმა გამოცემა Radio Times-თან ინტერვიუში გაიხსენა, როგორი იყო ფრედისთან ურთიერთობა და როდის მიხვდა, რომ მას კაცები იზიდავდა.

რატომ დაუტოვა ფრედი მერკურიმ მთელი ქონება ყოფილ შეყვარებულს

როგორ გახდა ფრედი მერკური მოდის კერპი

"საოცრად ქარიზმატული პიროვნება გახლდათ, თვალშისაცემი ჩაცმულობით დადიოდა, ხანდახან შორტები ეცვა მაისურის გარეშე, გარედან კი ბეწვის ქურთუკი ჰქონდა მოცმული. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მომღერალს დამსგავსებოდა. ნამდვილი მასხარა იყო, სახალისო იყო მის გვერდით ყოფნა. ამასთან, ის, ალბათ, ერთადერთი უშიშარი ადამიანია, რომელსაც ცხოვრებაში შევხვედრივარ. მგონი, ფრედის პირველი მეგობარი გოგონა ვიყავი. ჩვენ ფიზიკური კავშირი გვქონდა, ძალიან ვნებიანი საყვარელი იყო. ყველასგან განსხვავდებოდა. მომწონდა ის ფაქტი, რომ რაღაც შემოქმედებითი საქიანობით იყო დაკავებული, მაგრამ არ ვიცოდი, კონკრეტულად რა იყო ეს. მაშინ არ ვიცოდი, რომ მომღერლობას აპირებდა, მაგრამ ვვარაუდობდი", - აღნიშნავს როუზი.

ქალმა ისიც გაიხსენა, როდის მიხვდა, რომ ფრედის მამაკაცები აინტერესებდა.

"კინოთეატრში წავედით კენ რასელის ფილმის Women in Love სანახავად და მასზე ძალიან იმოქმედა შიშველი ოლივერ რედისა და ალენ ბეითსის ჭიდაობის სცენამ. მოინდომა, მომდევნო სეანსზეც დავრჩენილიყავით და კინოსურათი ხელახლა გვენახა. სისხლი გამეყინა, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ფილმი იყო, არამედ იმ შედეგების გამო, რომელიც მის ყურებას მოჰყვა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი. მანამდე კი, იმავე საღამოს, V&A-ის მუზეუმში ვიყავით, სადაც ედვარდ მეიბრიჯის ფოტოსურათი ვნახეთ, რომელზეც ერთმანეთთან მებრძოლი შიშველი კაცები იყვნენ გამოსახული. დავინახე, რომ ფრედი მას ისეთი აღფრთოვანებით შეჰყურებდა, რომ ეს ხელოვნების ნიმუშის შეფასების ფარგლებს სცდებოდა", - იხსენებს როუზი.

როუზ პირსონი

ქალისვე თქმით, ფრედის რამდენიმე კვირაში დაშორდა. როუზი Channel 5-ის 2019 წლის დოკუმენტურ ფილმშიც შეეხო ამ თემას.

"ვხედავდი, რომ ორ ცეცხლს შუა იწვოდა - ჩემთანაც უნდოდა ყოფნა და სხვა თავგადასავლებიც იზიდავდა. ისე ჩანდა, რომ ერთიც და მეორეც ერთდროულად უნდოდა. მაშინაც კი, როცა გვიან ღამით ვიყავი მის გვერდით, თბილი და მოსიყვარულე იყო, შემდეგ კი ჩაილაპარაკებდა - საინტერესოა, როგორია ეს კაცთანო. ამის მიღება ძალიან მიჭირდა. ვგრძნობდი, რომ მისთვის საკმარისი არ ვიყავი და თავდაჯერება დავკარგე. მე რამდენიმე გეი მეგობარი მყავდა სახელოვნებო სფეროდან. ვფიქრობდი, რომ, თუ მათ შეხვდებოდა, ყველაფერი დამთავრდებოდა. ისინი მას წამართმევდნენ და ისიც მიმატოვებდა. დაშორება საშინელება იყო - ფრედი მევედრებოდა, არ მიმატოვო, ვერ ვხვდები, რატომ მიდიხარო. მე კი ვიცოდი, რომ არ შემეძლო მეგობრებად დავრჩენილიყავით და მისი სხვა ურთიერთობების შესახებ მესმინა ისტორიები", - ამბობს როუზ პირსონი.

ქალმა აგრეთვე განმარტა, რაში დაეხმარა ფრედი მერკურისთან ურთიერთობა.

"წლების შემდეგ მივხვდი, რამხელა გავლენა მოუხდენია ჩემზე იმას, რომ ფრედის ვიცნობდი. ჩემთვის ის იდეალური მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ უნდა მიჰყვე საკუთარ ოცნებას. ფრედისთან ურთიერთობამ დამიტოვა შეგრძნება, რომ უარყოფილი და არათავდაჯერებული ვიყავი, თუმცა, საბოლოო ჯამში მომცა სტიმული, რომ საკუთარი თავი ვყოფილიყავი, მეცადა იმის გაკეთება, რაც მან შეძლო", - ამბობს როუზი.

ფრედი მერკურის პასუხი კითხვაზე, რა იყო მისი ჰობი

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა. არტისტი შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული