Thumbnail

ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში 120 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, მათ შორის არიან ცნობილი მუსიკოსები. იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალისა და ხანდაზმულების ვაქცინაცია ხდება, იმ არტისტთა ასაკი, რომლებმაც ვაქცინა უკვე გაიკეთეს, ძირითადად 70 წელს სცდება. მათმა ნაწილმა სამედიცინო პუნქტებში გადაღებული ფოტოები გაავრცელა, კორონოვირუსთან ბრძოლაში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ გზით შეეცადა, სხვა ადამიანებისთვის მიეცა მაგალითი.

მუსიკალური ჟანრი, რომლის მოსმენებიც კორონავირუსმა შეამცირა

Ozzy Osbourne

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა თებერვლის შუა რიცხვებში გაიკეთა. 72 წლის არტისტმა, რომელსაც ქრონიკული დაავადება, ფილტვის ემფიზემა და პარკინსონის დაავადება აქვს, გადაცემაში Loose Women სტუმრობისას განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდეგ თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს.

"ვაქცინის გაკეთების შემდეგ, თავიდან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დამჭრეს. მხარი მტკიოდა, თუმცა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე მისი გაკეთება. თავს ახლა მშვიდად და დაცულად ვგრძნობ", - აღნიშნა ოზიმ.

Alice Cooper

ამერიკელი როკ ვარსკვლავი, ელის კუპერი არიზონას შტატის ქალაქ გუდიარში 9 თებერვალს აიცრა. ვებგვერდის azcentral.com ცნობით, მან ჰოსპიტალში ავტოგრაფები დაარიგა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თავდადებული მუშაობისთვის.

Elton John

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა ოსკაროსან მსახიობ მაიკლ კეინთან ერთად მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული სამეფოს ნაციონალური ჯანდაცვის სამსახურის სარეკლამო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, მოსახლეობას აჩვენოს, რამდენად მარტივი პროცედურაა ვაქცინის გაკეთება და რატომაა ის მნიშვნელოვანი. ვიდეოინტერვიუს დროს 74 წლის არტისტმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ისევ შეუძლია ფეხზე დგომა.

Paul Stanley

ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის, KISS-ის წევრმა, პოლ სტენლიმ 16 თებერვალს თაყვანისმცემლებს ტვიტერის საშუალებით გაუზიარა ვაქცინაციის მოწმობასთან ერთად გადაღებული ფოტო.

"კოვიდის ვაქცინის მეორე დოზაც მივიღე. მადლობელი და აღელვებული ვარ. გთხოვთ, მაქსიმალურად ეცადეთ, იყოთ უსაფრთხოდ და იზრუნოთ ერთმანეთზე", - დაწერა არტისტმა.

Courtney Love

ამერიკელმა მუსიკოსმა, 56 წლის კორტნი ლავმა ვაქცინა დიდ ბრიტანეთში გაიკეთა, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობს. როგორც ადგილობრივ გამოცემას Evening Express მისმა წარმომადგენლებმა აცნობეს, არტისტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მოუწია კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის მიღება.

Andrew Lloyd Webber

ლეგენდარულმა ბრიტანელმა კომპოზიტორმა, ენდრიუ ლოიდ უებერმა ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ედვარდ ჯენერის სახელობის ინსტიტუტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის, AstraZeneca-ს თანამშრომლობით შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის პირველი დოზა ჯერ კიდევ აგვისტოში მიიღო, როდესაც ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობდა.

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დიდი და მცირე თეატრები ისევ გაიხსნას და მუსიკოსები და მსახიობები სამუშაოს დაუბრუნდნენ", - დაწერა 73 წლის მუსიკოსმა ტვიტერზე.

Tom Jones

როგორც Entertainment Weekly წერს, უელსელმა არტისტმა, ტომ ჯონსმა საახალწლო გადაცემაში Jools' Annual Hootenanny მონაწილეობისას აღნიშნა - "80 წლის ასაკს ის უპირატესობა აქვს, რომ ვაქცინის მიმღებთა რიგში პირველი ხარ". მან თაყვანისმცემლები იმაშიც დაარწმუნა, რომ ეს პროცესი საკმაოდ უმტკივნეულოა და შეგრძნებები იგივეა, რაც გრიპზე ვაქცინაციის დროს.

Dolly Parton

ცნობილი ამერიკელი ქანთრი მუსიკოსი, 75 წლის დოლი პარტონი 2 მარტს მოდერნას ვაქცინით აიცრა და ექიმის კაბინეტში თავისი ჰიტის Jolene მელოდიაზე წაიმღერა:

"ვაქცინა, ვაქცინა, ვაქცინა, ვაქცინა.
გთხოვთ, ნუ იორჭოფებთ.
ვაქცინა, ვაქცინა, ვაქცინა, ვაქცინა.
რადგან თუ მოკვდებით, უკვე ძალიან გვიან იქნება".

Carole King

კორონავირუსზე აიცრა ამერიკელი მომღერალი და ავტორ-შემსრულებელი კეროლ კინგიც. მან ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა და აღნიშნა, რომ, დოლი პარტონის შთაგონებით, თავადაც დაწერა სიმღერა ვაქცინაზე.

"როცა შენი ჯერი მოვა, უბრალოდ, გააკეთე ეს. არ დააგვიანო, პატარავ. ნუ იყოყმანებ", - მღერის 79 წლის მუსიკოსი.

Marty Wilde

81 წლის ბრიტანელი მუსიკოსი, მარტი ვაილდი ჯერ კიდევ დეკემბერში აიცრა. დილის გადაცემაში Good Morning Britain სტუმრობისას მან იმედი გამოთქვა, რომ ბევრ ადამიანს შთააგონებს ვაქცინის გაკეთებას.

Willie Nelson

იანვარში ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში მოქმედი საოჯახო ჯანდაცვის სისტემის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა ქანთრი მუსიკოსმა, უილი ნელსონმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. 87 წლის მუსიკოსს საკუთარი ავტომობილის საჭესთან გაუკეთეს ინიექცია.

Loretta Lynn

ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, ლორეტა ლინი კიდევ ერთი ქანთრი შემსრულებელია, რომელმაც იანვარში ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. 88 წლის მუსიკოსმა ამ დღეს გადაღებული სურათი ინსტაგრამზე გაავრცელა წარწერით:

"მოხარული ვარ, რომ ვაქცინა გავიკეთე და დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსი უკან მოვიტოვე", - დაწერა შემსრულებელმა, რომელმაც თავისი დოზა აგრეთვე ავტომობილში მიიღო.

Tony Bennett

18 გრემის მფლობელი მუსიკოსი, ტონი ბენეტი იანვარში აიცრა. 94 წლის არტისტმა ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერზე გაავრცელა.

"Covid-19-ის პირველი დოზა უკვე მივიღე, თავს მშვენივრად ვგრძნობ და მინდა, სტიმული მოგცეთ, რომ თქვენც იგივე გააკეთოთ", - დაწერა ბენეტმა.

Brian Wilson

საკულტო ამერიკელი კოლექტივის, The Beach Boys-ის წევრი, ბრაინ უილსონი 1 თებერვალს Dodgers Stadium-ს ესტუმრა, სადაც ლოს ანჯელესში ვაქცინაციის ყველაზე დიდი პუნქტია მოწყობილი. მუსიკოსმა სხვებსაც მოუწოდა მათთვის განსაზღვრული ვაქცინის დოზების გამოყენებისკენ.

Jeff Goldblum

68 წლის მსახიობი და მუსიკოსი, ჯეფ გოლდბუმი აგრეთვე ჩაერთო ვაქცინით იმუნიზაციის პროცესში.

"უდიდესი მადლობა ჯანდაცვის ყველა მუშაკს, რომლებიც აგრძელებენ დაუღალავ შრომას ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. როგორც პლატინის ასაკში მყოფმა ამერიკის მოქალაქემ, უკვე მივიღე ვაქცინის პირველი დოზა, ეს ფოტო კი მაშინდელია, როცა ფილმის გადაღებამდე ერთი დღით ადრე კორონავიურსზე ტესტირების სტანდარტულ პროცედურას გავდივარ. მომავალშიც ვატარებ პირბადეს და დავიცავ სოციალურ დისტანცირებას. ეს ყველაფერიც გაივლის, წინ დიდი რამეები გველოდება", - დაასათაურა არტისტმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტო.

Mavis Staples

არენბი და გოსპელ შემსრულებელმა, მეივის სტეიპლსმა 11 თებერვალს უკვე მიიღო ვაქცინის მეორე დოზა.

"მოხარული ვარ, რომ კოვიდის ვაქცინის მეორე დოზა მივიღე. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ყველას მოგიწოდებთ, მიიღოთ კუთვნილი დოზები, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემათ", - მიმართა მან ტვიტერის მომხმარებლებს.

Billy Crystal

ცნობილმა ამერიკელმა კომიკოსმა და მუსიკოსმა, ბილი კრისტალმა სტივენ კოლბერტის ღამის შოუში სტუმრობისას აღნიშნა, რომ მოდერნას ვაქცინა გაიკეთა. 72 წლის არტისტის თქმით, ამისთვის ლოს ანჯელესში, Dodgers Stadium-ზე მოწყობილ სამედიცინო პუნქტში ელოდა საკუთარ რიგს.

"სხვა თუ არაფერი, ეს იმიტომაა კარგი, რომ ისევ მომეცემა ჩემი შვილების და შვილიშვილების ჩახუტების საშუალება", - აღნიშნა არტისტმა.

კვლევა: როგორ აისახა პანდემია დიჯეებზე

კვლევა: 2020 წელს მუსიკოსების ფსიქიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა

ცნობილი მუსიკოსების გარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვა ადამიანებმაც, მათ შორის არიან მსახიობები: შონ პენი, ენტონი ჰოპკინსი, ვუპი გოლდბერგი, არნოლდ შვარცენეგერი, იენ მაკკელენი, სემუელ ელ ჯეკსონი, სტივ მარტინი, ცნობილი მწერალი, სტივენ კინგი, აშშ-ის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი, ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა, პრინცი ჩარლზი, ტიბეტელი ხალხისა და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი, დალაი ლამა და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული