Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესის და მისი საქმროს პირველი ფოტო დაშორების ჭორის შემდეგ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

რამდენიმე კვირის წინ დასავლურ მედიაში დაიწერა, რომ ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი და მისი საქმრო, ბეისბოლის ვარსკვლავი, ალექს როდრიგესი ოთხწლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა, აღნიშნა, რომ ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდათ. მართლაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯეილო და ალექსი, რომლებიც ინსტაგრამზე აქტიურობით გამოირჩევიან, ერთად გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს არ ავრცელებდნენ. ცოტა ხნის წინ მათ ჭორის უარყოფიდან პირველად ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნეს და თაყვანისმცემლებს გაუზიარეს, რომ ჟელიბონების მწარმოებელი კომპანიის Goli Nutrition წარმომადგენლები გახდნენ.

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაშორებას უარყოფენ

"მე და ჯენიფერი ძალიან ბედნიერები ვართ გაცნობოთ, რომ Goli Nutrition-ის რიგებს შევუერთდით. მათ ინოვაციური, გემრიელი და ნოყიერი ჟელიბონების გამოშვებით რევოლუცია მოახდინეს ინდუსტრიაში", - დაწერა ალექს როდრიგესმა ფოტოს გამოქვეყნებისას.

თავად ჯეილომ, რომელმაც ბოლო კვირები დომინიკელთა რესპუბლიკაში გაატარა ფილმის Shotgun Wedding გადაღებებზე, ინსტაგრამზე აუზში გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც კოქტეილით ხელში DJ Khalid-ისა და Drake-ის ტრეკზე Popstar ცეკვავს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ამ უკანასკნელისა და ჯეილოს რომანზე აქტიურად საუბრობდნენ. მედიაში ისიც დაიწერა, რომ მომღერალმა დრეიქისგან 100 000-დოლარიანი ყელსაბამი მიიღო საჩუქრად.

აღსანიშნავია, რომ ალექს როდრიგესმა ჯენიფერს სწორედ დომინიკელთა რესპუბლიკაში ჩააკითხა ურთიერთობის დასალაგებლად. წყვილი 2017 წლიდან ერთად ცხოვრობს. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ისინი ოფიციალურად დაინიშნენ. 2020 წლის ზაფხულში ჯეილო და ალექსი გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავდნენ იტალიაში, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები ჩაეშალათ. მომღერალს წინა ქორწინებიდან 13 წლის ტყუპი და-ძმა, ემა და მაქსი ჰყავს, როდრიგესი კი ორი გოგონას, ნატაშას და ელას მამაა.

ჯენიფერ ლოპესი: მე და ალექსს კითხვა გაგვიჩნდა, საერთოდ გვინდა თუ არა დაქორწინება

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი შვილებთან ერთად

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული