Thumbnail

ბრიტნი სპირსი კიდევ ერთხელ მოითხოვს, მის მეურვეობას მამამისი ჩამოცილდეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის ადვოკატმა, სემუელ ინგჰემმა ლოს ანჯელესის უმაღლეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, მომღერლის მუდმივ მეურვედ მამის, ჯეიმი სპირსის ნაცვლად მენეჯერი, ჯოდი მონტგომერი დაინიშნოს. ეს უკანასკნელი 2019 წლიდან ბრიტნის მეურვის ფუნქციას ითავსებდა მას შემდეგ, რაც ჯეიმი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით ამ საქმეს დროებით ჩამოშორდა.

ბრიტნი სპირსი: დედაჩემს უნდა, რომ სიმღერა გავაგრძელო

როგორც Variety იუწყება, მეურვის შეცვლასთან ერთად, ბრიტნი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მეურვეობის გაუქმების შუამდგომლობით. გამოცემისვე ცნობით, სპირსის მენეჯერს ექნება უფლება, მომღერალთან მისული ადამიანების სტუმრობა გააკონტროლოს და შეზღუდოს, მისი ადვოკატის ვიზიტების გარდა. მას ასევე ევალება, გადაწყვეტილებები მიიღოს მომღერლის მკურნალობის პროცესთან დაკავშირებით, რადგან, 2014 წლის განკარგულების მიხედვით, თავად ბრიტნის არ შეუძლია, თანხმობა განაცხადოს ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის ჩატარებაზე. მენეჯერმა სპირსს ასევე უნდა დაუქირავოს მომვლელები, პირადი მცველები და ა.შ. ბრიტნის ადვოკატის თქმით, ჯეიმი სპირსმა ამ უფლება-მოვალეობების შესრულებაზე უარი მაშინ განაცხადა, როცა 2019 წლის 9 სექტემბერს მოსამართლეს მეურვეობიდან დროებით ჩამოშორების თხოვნით მიმართა. სასამართლო სხდომა 27 აპრილს არის ჩანიშნული.

ბრიტნი სპირსის შეყვარებული: ბრიტნის მამა მუდმივად დაბრკოლებებს გვიქმნის

აღსანიშნავია, რომ ბრიტნის ფინანსების განკარგვის ნაწილში სასამართლომ უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება და მუსიკოსის პოზიციის გათვალისწინებით, ჯეიმის გარდა, პროცესში კერძო კომპანია Bessemer Trust ჩართო.

მუსიკოსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ, სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული