Thumbnail

რატომ არ სურდა ელვის პრესლის The Beatles-ის წევრებთან შეხვედრა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ეპოქალური ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის თაყვანისმცემლებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ კოლექტივის წევრები ახალგაზრდობაში ლეგენდარული ამერიკელი არტისტის, ელვის პრესლის მსმენელები იყვნენ. მათ ფანებს ყოველთვის აინტერესებდათ, გადაკვეთილა თუ არა არტისტების გზები ოდესმე. ამ კითხვას პასუხი ელვისის ყოფილმა ცოლმა, პრისცილა პრესლიმ გასცა ბიოგრაფიულ წიგნში Elvis by the Presleys. როგორც ირკვევა, ამერიკელი მუსიკოსი 1960-იან წლებში "ბითლზის" წევრებს ნამდვილად შეხვდა, თუმცა, სულაც არ დარჩენილა აღფრთოვანებული, როცა მისმა მენეჯერმა, ტომ პარკერმა აცნობა, რომ ამ შეხვედრას გეგმავდა. პრისცილას განმარტებით, მიზეზი, ერთის მხრივ, მისი კონკურენტების მიმართ დამოკიდებულება გახლდათ. იმის მიუხედავად, რომ ელვისი ინგლისური მუსიკის ახალი ტალღით იყო დაინტერესებული, ნერვიულობდა, რომ თავად ჩრდილში მოექცეოდა, თუ ისინი შტატებში მიაღწევდნენ წარმატებას.

რატომ აღარ მოსწონდათ ელვის პრესლი ჯონ ლენონს და პოლ მაკკარტნის

"ელვისი პატივს სცემდა იმას, თუ როგორ მიაღწიეს მათ შემოქმედებით თავისუფლებას. თუმცა, არ იყო დარწმუნებული, რომ ჯგუფის წევრების ახლოს გაცნობა სურდა. ელვისი, როგორც საკულტო ფიგურა გასართობი ინდუსტრიიდან, კონკურენტების შესახებ კარგად იყო ინფორმირებული. ესმოდა, რომ კერპები მიდიან და მოდიან, "ბითლზი" კი ამ თაობისთვის ახალი კერპი იყო", - წერს პრისცილა.

ამასთან, არტისტის ყოფილი ცოლის განმარტებით, ელვისი, ზოგადად, უნდობლობით იყო განწყობილი ვარსკვლავების მიმართ და მათთან ახლო კონტაქტში შესვლა არ უყვარდა. მისი ახლო წრე ბავშვობის მეგობრებითა და იმ ადამიანებით შემოიფარგლებოდა, რომლებიც აშშ-ის არმიაში მსახურობის პერიოდში გაიცნო. პრისცილა ამის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ პრესლი ჰოლივუდს "თვალთმაქცი ადამიანების სახლად" აღიქვამდა. ჯონ ლენონი, პოლ მაკკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი ელვისს 1965 წლის 27 აგვისტოს კალიფორნიაში, შინ ესტუმრნენ. როგორც ქალი იხსენებს, ელვისი მათ ცივად შეხვდა და საღამოს კარგი პირი არ უჩანდა.

"როცა ჯონი, პოლი, რინგო და ჯორჯი სახლში შემოვიდნენ, ელვისი სავარძელში იყო მოკალათებული და ტელევიზორს უყურებდა, რომელსაც ხმა ბოლომდე ჰქონდა ჩაწეული. მან ნაძალადევად შეიწუხა თავი, რომ წამომდგარიყო. სპეციალურად იქცეოდა ასე. უნდოდა, ეგრძნობინებინა, რომ მისი ადგილი ისევ მეფის ტახტზე იყო. ამან იმუშავა კიდეც - განსაკუთრებით შეშინებული და შეურაცხყოფილი ჯონ ლენონი და პოლ მაკკარტნი ჩანდნენ", - აღნიშნავდა პრისცილა წიგნში.

ერთადერთი ფოტო, რომელზეც ელვისი "ბითლზის" წევრთან, კონკრეტულად კი ლენონთან ერთად არის აღბეჭდილი

არტისტების შეხვედრის შესახებ ცნობები ასევე მოიპოვება ვებგვერდზე elvisbiography.com. როგორც ირკვევა, სიჩუმე ელვისმა დაარღვია, რომელმაც ბენდის წევრებს მიმართა:

"თუ აპირებთ, ასე იჯდეთ და მომაშტერდეთ, დასაძინებლად წავალ", - ხოლო მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა არტისტებმა გაიცინეს, მან გააგრძელა - "იმედი მქონდა, დავსხდებოდით და მუსიკის შესახებ ვისაუბრებდით, ან ჯემ სეიშენს მოვაწყობდით".

როგორც პრისცილა წიგნში Elvis by the Presleys აღნიშნავს, არტისტებს შორის უხერხულმა სიჩუმემ ნახევარ საათს გასტანა და საბოლოოდ სწორედ მუსიკისადმი სიყვარულმა აპოვნინა მათ საერთო ენა.

"ელვისმა ბას გიტარა მოიმარჯვა და ჩარლი რიჩის სიმღერის დაკვრა დაიწყო. დარჩენილი საღამოს განმავლობაში უფრო მეტი მუსიკა ისმოდა, ვიდრე საუბარი", - იხსენებდა პრესლის ყოფილი ცოლი, რომელიც მაშინ მისი საცოლის სტატუსით ესწრებოდა შეხვედრას.

მუსიკალური ჯგუფი, რომელსაც ელვის პრესლი სიკვდილის წინ უსმენდა

რა ვითარებაში გარდაიცვალა ელვის პრესლი სააბაზანოში

ელვის პრესლი მუსიკის ისტორიაში დღემდე ყველაზე გაყიდვად სოლო არტისტად რჩება. როკ-ენ-როლის მეფემ სიცოცხლეში 24 ალბომის ჩაწერა მოასწრო. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემსრულებელს პოპულარობა ისეთმა სიმღერებმა მოუტანა, როგორებიცაა: Jailhouse Rock, Can't Help Falling In Love, Always On My Mind და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული