Thumbnail

ნახეთ: Cardi B კრიტიკოსებს მიმართავს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის მფლობელი ნიუ იორკელი რეპერი, ქარდი ბი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელია. ბოლო რამდენიმე წელია, ქარდი ჟანრში დომინირებას არაერთი რეკორდისა თუ პრესტიჟული ჯილდოს წყალობით ახერხებს, თუმცა, შექებასთან ერთად ის კრიტიკასაც ხშირად იმსახურებს. 23 მარტს ბრონქსელი არტისტი ინსტაგრამზე სწორედ კრიტიკოსებს გამოეხმაურა.

Cardi B პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის კომპოზიციამაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა

"თავს გვაჩვენებთ, რომ მოგწონთ ქალების წარმატება და გსურთ, რომ ქალები სათანადოდ იყვნენ დაფასებული, თითქოს მხარს გვიჭერთ, არადა ცრუობთ, მატყუარები და შურიანები ხართ. რაც უფრო მეტად გძულვართ, მით უფრო ვძლიერდები.

ამბობენ, რომ სახალხო მუსიკა მხოლოდ "ტიკ ტოკზეა". პლატფორმის განვითარება ძალიან მახარებს, რადგან წარმატებული მუსიკოსები ადვილად ვლინდებიან, ჩვენი მოძულეები კი იმედგაცრუებულები რჩებიან. "ტიკ ტოკზე" შენი მუსიკა რეალურ ნახვებს წერს, ხალხი მათ საკუთარი სურვილით უსმენს. ეს ციფრები არც ლეიბლების დამსახურებაა და არც ბოტების. ესაა რეალური სტატისტიკა და ნუ გშურთ", - განაცხადა ბრონქსელმა.

ვიდეომიმართვასთან ერთად პოპულარულმა მუსიკოსმა მისი სხვადასხვა წარმატების ამსახველი სქრინშოთები გამოაქვეყნა.

გრემის 63-ე დაჯილდოებაზე ქარდიმ Megan Thee Stallion-თან ერთად ჰიტი Up შეასრულა, რასაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. რეპერები პროსტიტუციისა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის წახალისებაში დაადანაშაულეს. პერფორმანსის შემდეგ სინგლის მოსმენები გაიზარდა - მუსიკალურ პლატფორმებზე ის 26,5 მილიონჯერ დაისტრიმა, რის შედეგადაც ტრეკი ჩარტების პირველ პოზიციას დაუბრუნდა. ნამუშევრის კომერციული წარმატება კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება. ბოლო არასრულ კვირაში კომპოზიციის 174 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა.

Cardi B და Megan Thee Stallion გრემის პერფორმანსის გამო გააკრიტიკეს

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ბრონქსელი შემსრულებლის 2017 წლის სინგლი Bodak Yellow ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 2021 წის მარტში ქარდი ბი მუსიკის ისტორიაში პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის სინგლმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული