Thumbnail

სიმღერა, რომელიც ჯორჯ ჰარისონმა პირველ ცოლთან დაშორებას მიუძღვნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის წევრმა, ჯორჯ ჰარისონმა თავის პირველ ცოლს, მოდელ პეტი ბოიდს არაერთი კომპოზიცია მიუძღვნა, მათ შორის იყო 1974 წელს გავრცელებულ ალბომში Dark Horse შესული So Sad, რომელიც ჯორჯმა პეტისთან დაშორების შესახებ დაწერა.

რატომ არ იყვნენ ჯონ ლენონი და რინგო სტარი ჯორჯ ჰარისონის ქორწილში

ჯორჯ ჰარისონის რჩეული ალბომი The Beatles-ის შემოქმედებიდან

"ოცნებები, რომლებიც ოდესღაც გვქონდა,
ახლა თაროზე უნდა შემოვდოთ.
უკვე ძალიან გვიანია ხელახლა დაწყება.
ის ისეთი მარტოსულია სიყვარულის გარეშე.
რა სამწუხარო და ცუდია", - მღერის ჰარისონი.

"Of the dream we once held
Now it's got to be shelved
It's too late to make a new start
And he feels so alone
With no love of his own
So sad, so bad, so sad, so bad".

მწერალმა იან ინგლისმა, რომელიც ჯორჯ ჰარისონის შესახებ დაწერილი ბიორგაფიული წიგნის The Words and Music of George Harrison ავტორია, მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს პირველი სიმღერა იყო, რომელშიც მუსიკოსი პირდაპირ საუბრობს მის წარუმატებელ ქორწინებაზე.

"ამ სიმღერაში ნათლად ჩანს, რომ დანაკარგს ჰარისონი გულწრფელად განიცდიდა", - ამბობდა იანი.

თავად ჯორჯი კი ავტობიოგრაფიულ წიგნში I, Me, Mine იხსენებს, რომ სიმღერის წერა მანჰეტენის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში დაიწყო.

ჯორჯ ჰარისონმა პეტი ბოიდზე 1966 წლის 21 თებერვალს იქორწინა. წყვილი ოფიციალურად 1977 წელს დაშორდა, თუმცა, სიმღერა, რომელიც ჰარისონმა 1972 წელს დაწერა, მოწმობს, რომ მათი ურთიერთობა უკვე უკვე დიდი ხნის დასრულებული იყო. განქორწინებიდან ერთ წელიწადში ჯორჯმა ამერიკელ მწერალსა და პროდიუსერზე, ოლივია ტრინიდად ჰარისონზე იქორწინა, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა, პეტი კი ჰარისონის მეგობარს, ლეგენდარულ გიტარისტ ერიკ კლეპტონს გაჰყვა ცოლად, რომელსაც 1989 წელს დაშორდა. ბოიდის შთაგონებით ჰარისონმა The Beatles-ისთვის ისეთი კომპოზიციები შექმნა, როგორებიცაა: If I Needed Someone და For You Blue. ითვლება, რომ კოლექტივის ჰიტი Something ასევე პეტის მიეძღვნა, თუმცა, როგორც მუსიკოსმა 1996 წელს ჟურნალისტ ჯორჯ პოლ ქაშმირისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ხალხი ასე იმიტომ ფიქრობდა, რომ სიმღერასთან ერთად გავრცელებულ სარეკლამო ფილმში მის გვერდით პეტიც გადაიღეს.

ჯორჯი და პეტი ქორწილის დღეს

1960-70 წლებში ჯორჯ ჰარისონი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის, The Beatles-ის წევრი იყო ჯონ ლენონთან, პოლ მაკკარტნისა და რინგო სტართან ერთად. ჰარისონმა ჯერ კიდევ "ბითლზის" დაშლამდე გამოუშვა ორი ალბომი. სოლო კარიერის განმავლობაში ის აქტიურად მართავდა ტურნეებს და თანამშრომლობდა რინგო სტართან, ერიკ კლეპტონთან, ტომ პეტისთან და სხვა არტისტებთან. ჯორჯი 2001 წელს, 58 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული