Thumbnail

მუსიკალური ანსამბლის ხელმძღვანელის უძველეს გამოსახულებას ძვ.წ. 2723-2563 წლებით დათარიღებული ძველი ეგვიპტური სამარხის კედელზე ვხვდებით. მასზე ნაჩვენები, ქეირონომიის სახელით ცნობილი მეთოდი მაშინ ჯერ კიდევ არარსებული ნოტაციის სისტემის მაგივრობას სწევდა და მისი გამოყენებით გუნდის ლიდერი დანარჩენ წევრებს მიანიშნებდა, რომელი ნოტი უნდა დაეკრათ.

ანტიკური ეპოქიდან დღემდე სადირიჟორო ხელოვნებამ ევოლუციის ძალზე ხანგრძლივი გზა განვლო და მსოფლიო კულტურის მნიშვნელოვან ასპექტადაც იქცა, თუმცა, მუსიკის მოყვარულთა საკმაოდ დიდ ნაწილს დირიჟორის ფუნქციების შესახებ დღესაც კი ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს და არც მისი სპეციფიკური ჟესტიკულაციის დანიშნულება იცის.

ჩვენს სტატიაში სწორედ დირიჟორის როლისა და ტექნიკის შესახებ ვისაუბრებთ. იქიდან გამომდინარე, რომ სადირიჟორო ხელოვნება უაღრესად კომპლექსური ფენომენია და მის ამომწურავად დახასიათებას უზარმაზარი ტექსტი ესაჭიროება, ამ შემთხვევაში თქვენს ყურადღებას მხოლოდ ძირითად, ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებზე გავამახვილებთ.

მუსიკალური ანსამბლის ხელმძღვანელის გამოსახულება ძვ.წ. 2723-2563 წლებით დათარიღებულ ეგვიპტურ სამარხში.

დირიჟორის დანიშნულების გასაცნობიერებლად, პირველ რიგში, ის გარემოება უნდა ვახსენოთ, რომელიც მის საჭიროებას წარმოშობს - ორკესტრის წევრებს რიტმის, დინამიკისა თუ ჰარმონიის ცნებების ინდივიდუალური, ურთიერთგანსხვავებული აღქმა აქვთ. სწორედ ამიტომ, კომპლექსური ნაწარმოების სათანადოდ შესრულებისთვის მუსიკოსებს ერთი ისეთი პიროვნების ხელმძღვანელობა ესაჭიროებათ, რომელიც მათ ტემპს უკარნახებს, ამა თუ იმ სექციის ინტენსიურობას დაარეგულირებს, აკუსტიკურ ბალანსს გააკონტროლებს და, რაც მთავარია, მთელ ანსამბლს შთააგონებს, მის არტისტულ ხედვას მიჰყვნენ.

ალბათ, ამიტომაა, რომ მსმენელთა თუ მუსიკათმცოდნეთა ნაწილი სადირიჟორო ხელოვნებას მხედარმთავრის როლს ადარებს, ნაწილიც მარიონეტისტის საქმიანობას და ა.შ. ბრიტანელი მაესტრო, საიმონ რეტლი კი პარალელს საფეხბურთო კლუბის მწვრთნელობასთან ავლებს და აღნიშნავს, რომ "ლივერპულის" ამჟამინდელი თავკაცის, იურგენ კლოპის ექსპრესიული ჟესტიკულაცია მისთვის ინსპირაციის განსაკუთრებული წყაროა.

დასაწყისისთვის გეტყვით იმას, რომ ორკესტრის ხელმძღვანელობის პროცესში დირიჟორის ჯოხის გამოყენება ნებაყოფლობითია და არაერთი გამოჩენილი ხელოვანი მასზე საერთოდ უარს ამბობს. მარჯვენა ხელი ძირითადად მეტრონომის ფუნქციას ასრულებს (რა თქმა უნდა, ეს დებულება ცაცია დირიჟორებზე არ ვრცელდება) და შემსრულებლებს ნაწარმოების ტემპსა და ნოტების გრძლიობას კარნახობს, მის მიერ ჰაერში გამოყვანილი ფიგურები კი სხვადასხვა ზომებს შეესაბამება. მაგალითისთვის, ქვემოთ წარმოდგენილ ანიმაციაზე სტანდარტული, 4/4 თვლის აღმნიშვნელი მოძრაობის ხილვა შეგიძლიათ.

ანიმაციაზე სტანდარტული, 4/4 თვლის აღმნიშვნელი მოძრაობაა ნაჩვენები.

ამა თუ იმ ზომას სხვადასხვა ფიგურა შეესაბამება, რომელთა ნაწილის ხილვაც ქვემოთ მოცემულ ილუსტრაციაზე შეგიძლიათ. აქვე, ხაზი უნდა გავუსვათ სადირიჟორო ხელოვნების ერთ-ერთ უმთავრეს აქსიომას - ტაქტის პირველ წილზე (მუსიკაში თანაბარზომიერი პულსის აღმნიშვნელი ერთეული) ხელის ან ჯოხის ზემოდან ქვემოთ მოძრაობა მიანიშნებს, უკანასკნელზე კი - პირიქით, ქვემოდან ზემოთ.

მარცხენა ფიგურაზე გამოსახულია 2/2, 2/4 და 6/8 ზომები, მარჯვენაზე კი - 3/4 და 3/8.

ფართოდ გავრცელებული შეხედულებით, მარცხენა ხელის უმთავრეს ფუნქციას ნაწარმოების განწყობისა და ატმოსფეროს მართვა წარმოადგენს. ამ უაღრესად აბსტრაქტული დებულების უკეთ განმარტებისთვის მეტაფორა რომ მოვიშველიოთ, თუ მარჯვენას დანიშნულება წარმოსახვით აკუსტიკურ ტილოზე შტრიხების გამოყვანაა, მარცხენას მათი ფერებით შევსება ევალება. სწორედ ამიტომ, მისი გამოყენების მეთოდიკას ამა თუ იმ დირიჟორის ინდივიდუალური ფილოსოფია უფრო განსაზღვრავს, ვიდრე წინასწარ გაწერილი, ფორმალური ინსტრუქციები. ეს საკითხი სხვადასხვა ეპოქაში წამყვან კომპოზიტორებსა თუ მუსიკათმცოდნეებს შორის მწვავე დისკუსიის საგნად ხშირად ქცეულა - არაერთი გავლენიანი ფიგურის მტკიცებით, ემოციური გამომსახველობითობის მისია ორივე ხელზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს და ამ როლის ექსკლუზიურად მარცხენაზე დაკისრება სრულიად მიუღებელია.

ზემოხსენებულ გარემოებათა მხედველობაში მიღების შემდეგ ნათელი ხდება, რომ სადირიჟორო ხელოვნება მკაცრად მოწესრიგებულ დისციპლინას სულაც არ წარმოადგენს და მასში ინდივიდუალური სტილის ფაქტორი განსაკუთრებულ როლს თამაშობს. თითოეულ გამოჩენილ მაესტროს საკუთარი, უნიკალური ხედვა გააჩნია, რაც ამა თუ იმ ნაწარმოების ხასიათზე, ფორმასა და ემოციურ ეფექტზე უდიდეს გავლენას ახდენს. შედარებისთვის, პაბლო პიკასოსთვის, სალვადორ დალისთვის და ჯექსონ პოლოკისთვის ერთი და იმავე ყვავილის დახატვა რომ გეთხოვათ, შედეგად სამ სრულიად განსხვავებულ ტილოს მიიღებდით. ანალოგიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჰერბერტ ფონ კარაიანის, ლეონარდ ბერნშტაინისა და სეიძი ოძავას დირიჟორობით ერთი და იმავე სიმფონიის სამ საგრძნობლად განსხვავებულ ინტერპრეტაციას ვისმენთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მუსიკის სამყაროში დირიჟორის მარცხენა ხელის ფუნქციასთან დაკავშირებით ურთიერთგანსხვავებული მოსაზრებებია გავრცელებული, თუმცა არსებობს მისი გამოყენების ფართოდ დამკვიდრებული, თითქმის უნივერსალური მეთოდებიც. მაგალითად, დირიჟორი ამა თუ იმ სექციას ან სოლისტს ხშირად სწორედ მარცხენა ხელის დახმარებით მიანიშნებს, როდის უნდა დაიწყოს და დაასრულოს საკუთარი პარტია.

როდესაც დირიჟორის მარჯვენა ხელი ტემპის კონტროლითაა დაკავებული, იგი ორკესტრს ან ამა თუ იმ სექციას მარცხენა მტევნის ნელ-ნელა აწევით მიანიშნებს, რომ დინამიკა უნდა გაზარდოს, ანუ უფრო და უფრო ხმამაღლა დაუკრას. საპირისპირო შემთხვევაში კი, მარცხენა მტევნის ნელი დაწევა დინამიკის თანდათან შესუსტებაზე მიუთითებს.

მარცხენა ხელის ჰორიზანტალურად, ნელა გასმით ან ტალღოვანი მოძრაობის შესრულებით დირიჟორი ორკესტრს მიანიშნებს რომ მუსიკოსებმა ელეგანტურად, გაბმულად და დახვეწილი ფრაზირებით უნდა დაუკრან.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დირიჟორობის პროცესში არა მხოლოდ ხელები, არამედ მთელი სხეული მონაწილეობს. ხშირად, დირიჟორი განწყობის ცვლილების შესახებ მუსიკოსებს ტანის მკვეთრი მოძრაობისა თუ ექსპრესიული მიმიკის დახმარებით მიანიშნებს, რის შედეგადაც ნაწარმოების კონკრეტული მონაკვეთი მელანქოლიურ, აგრესიულ ან მხიარულ ხასიათს იძენს. (აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი დირიჟორი ამ ხერხს ხაზგასმით უგულებელყოფს და მთელი კონცერტის განმავლობაში თითქმის უცვლელ გამომეტყველებას ინარჩუნებს). მაგალითისთვის, ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეორგოლში ჩვენს მიერ უკვე ნახსენები ლეონარდ ბერნშტაინის ხილვა შეგიძლიათ, რომელიც ორკესტრს ხელების გამოყენების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ სახის ნაკვთების თამაშით უძღვება.

ერთი სიტყვით, შეკითხვაზე, რა წარმოადგენს დირიჟორის რეალურ დანიშნულებას, არაერთ ურთიერთგანსხვავებულ პასუხს მოისმენთ. თუმცა, ის ფაქტი, რომ მუსიკალური ანსამბლის მართვის პროცესს თან არაამქვეყნიური მაგია ახლავს და ის გამორჩეულ ტალანტსა თუ გამოცდილებას საჭიროებს, დისკუსიის თემას ნამდვილად არ წარმოადგენს. ჩვენი სტატიის ფინალური ნოტის სახით კი ლეგენდარული მაესტროს, კლაუდიო აბადოს ერთ-ერთ საუკეთესო პერფორმანსს და სადირიჟორო დიდოსტატობის ჭეშმარიტ ეტალონს ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე წარმოგიდგენთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული