Thumbnail

დემი ლოვატო: დილერმა გამაუპატიურა და ნარკოტიკით გათიშული სიკვდილისთვის გამწირა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში, ყოველწლიური ღონისძიების South by Southwest ფარგლებში გამართულ კინოფესტივალზე, ამერიკელი პოპვარსკვლავის, დემი ლოვატოს შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის Dancing with the Devil (ეშმაკთან ცეკვა) პრემიერა შედგა. როგორც გამოცემა People წერს, რეჟისორ მაიკლ რატნერის ნამუშევარში 28 წლის მუსიკოსი ყვება, როგორ გააუპატიურა საკუთარმა დილერმა იმ ღამეს, როცა ნარკოტიკების ზედოზირებით საავადმყოფოში მოხვდა.

"იმ ღამეს მხოლოდ ზედოზირება არ ყოფილა. ჩემზე იძალადეს კიდეც. როცა მიპოვეს, სრულიად შიშველი და გალურჯებული ვიყავი. მან, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გამწირა მას შემდეგ, რაც გამაუპატიურა", - ამბობს ლოვატო.

მუსიკოსის თქმით, საავადმყოფოში გონზე მოსვლის შემდეგ მას ჰკითხეს, იყო თუ არა სექსუალური კავშირი მასთან შეთანხმებული.

"ერთადერთი ის მახსოვდა, რომ ის ჩემზე ზემოდან იყო მოქცეული. ამან გამიელვა თავში და ექიმებს ვუპასუხე - დიახ. ზედოზირებიდან ერთი თვე იქნებოდა გასული, როცა გავაანალიზე, რომ ასეთ დროს არ ხარ საღ აზრზე, რაიმე გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნავს დემი.

დემი ლოვატო საუბრობს, რაში დაეხმარა ვარცხნილობის შეცვლა

არტისტი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი წარსულშიც გამხდარა. როგორც People წერს, ლოვატომ გაამხილა, რომ პირველად 15 წლის ასაკში გააუპატიურეს.

"თინეიჯერობისას მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი. ქალწულობა გაუპატიურების შედეგად დავკარგე. იმ ადამიანს, ვინც ჩემზე იძალადა, ვხვდებოდი, მაგრამ მან იცოდა, რომ სექსისთვის ჯერ მზად არ ვიყავი. მაშინ "დისნეიში" ვმუშაობდი და იმ ხალხს მივეკუთვნებოდი, რომლებიც ხმამაღლა ამბობენ, რომ ქორწინებამდე მოიცდიან. ჩემი პირველი ღამე კი არ ყოფილა რომანტიკული. ამის შემდეგაც ხშირად მიწევდა იმ ადამიანის ნახვა. ვთქვი, ჯანდაბასაც წაუღია, ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი-მეთქი და უფროსებს გავუმხილე მომხდარის შესახებ, მაგრამ ამის გამო მას პრობლემა არ შექმნია. ერთი თვის შემდეგ მე თვითონ დავურეკე, მინდოდა, თავად მემოქმედა, მაგრამ ამან კიდევ უფრო ცუდად გამხადა. წლების განმავლობაში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. მიჭირდა თვალის გასწორება იმასთან, რომ ეს გაუპატიურება იყო", - იხსენებს მომღერალი.

დემი ლოვატომ მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა.

2018 წელს მომღერალი ოპიოიდური საშუალებების, ოქსიკოდონისა და ფენტანილის ზედოზირებით მიღების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოპვარსკვლავი ნარკოდამოკიდებულების, ფსიქიკური პრობლემებისა და კვებითი დარღვევების გამო სარეაბილიტაციო ცენტრში მანამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული