Thumbnail

მუსიკოსები, რომლებიც წელს გრემის გაუნაწყენდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

იმის მიუხედავად, რომ მუსიკის მოყვარულები უკვე დიდი ხანია, აქტიურად განიხილავენ, თუ როგორ დაზიანდა ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის დაჯილდოების Grammy Awards პრესტიჟი, შოუს სატელევიზიო რეიტინგი კი ყოველწლიურად ეცემა, გრემი მუსიკოსებისთვის მაინც ყველაზე სანატრელ ჯილდოდ რჩება. ამას მოწმობს იმედგაცრუება და უკმაყოფილება, რომელიც წლიდან წლამდე ნომინაციებისა და გამარჯვებულების გამოცხადებას სდევს თან. გამონაკლისი არც წლევანდელი ცერემონია ყოფილა.

ნახეთ: Grammy 2021-ის გამარჯვებულები ცნობილია

10 ყველაზე უსამართლო გამარჯვება გრემის ისტორიაში

წარმოგიდგენთ არტისტებს, რომლებმაც წელს ღიად გამოხატეს გრემის მიმართ უკმაყოფილება.

The Weeknd

მას შემდეგ, რაც 2020 წლის ნოემბერში გაირკვა, რომ პოპულარული კანადელი მუსიკოსი The Weeknd, წარმატებული წლის მიუხედავად, გრემის 63-ე დაჯილდოებაზე ნომინაციის გარეშე დარჩა, არტისტმა წყენა ტვიტერზე გამოხატა და ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემია არაობიექტურობასა და კორუმპირებულობაში დაადანაშაულა.

"აკადემია ტრადიციულად არაკეთილსინდისიერი და კორუმპირებულია. თქვენ პირადად ჩემი, თაყვანისმცემლებისა და მთლიანად მუსიკის ინდუსტრიის წინაშე გამჭვირვალობა გმართებთ", - დაწერა არენბი შემსრულებელმა ტვიტერზე.

როგორც გამოცემა TMZ წერდა, ხმის ჩამწერი აკადემიის წარმომადგენლებმა მუსიკოსი დილემის წინაშე დააყენეს - მას ან გრემიზე უნდა გაემართა პერფორმანსი, ანაც ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალურ მატჩზე, Super Bowl-ზე. უიქენდმა ეს უკანასკნელი არჩია. როგორც ჩანს, მას ვერც მომავალ დაჯილდოებებზე ვიხილავთ, რადგან შემსრულებელმა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა.

"ლეიბლს აღარ მივცემ უფლებას, ჩემი მუსიკა გრემიზე წარსადგენად გაგზავნოს", - განუცხადა უიქენდმა გაზეთ The New York Times-ს.

Drake, Elton John, Kid Cudi & Charlie Puth

უიქენდის ნომინაციის გარეშე დატოვება ასევე გააპროტესტეს მისმა კოლეგებმა, დრეიქმა, ელტონ ჯონმა, ქიდ ქადიმ და ჩარლი პუტმა.

"ჩემი მოკრძალებული აზრით, Blinding Lights წლის სიმღერა და წლის ჩანაწერია", - დაწერა ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა ინსტაგრამზე ჰეშთეგით #GrammySnub (საყვედური გრემის).

"მაინც, როგორ დარჩა Blinding Lights ნომინაციის გარეშე? სასაცილოა", - წერდა ამერიკელი მუსიკოსი, ჩარლი პუტი ტვიტერზე.

"აბელი გაძარცვეს", - აღნიშნა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქიდ ქადიმ გრემის ნომინანტთა ვინაობის გამოცხადების შემდეგ.

"ვფიქრობ, უკვე აღარ უნდა გვაგდებდეს შოკში ყოველწლიურად, თუ როგორ ვერ ხვდება დაჯილდოებებზე ისეთი მუსიკა, რომელსაც ნამდვილად აქვს გავლენა ადამიანებზე. უნდა გვესმოდეს, რომ ჯილდოს, რომელიც ერთ დროს აღიარების უმაღლეს ფორმად ითვლებოდა, შესაძლოა, აღარ ჰქონდეს მნიშვნელობა დღეს მოღვაწე ხელოვანებისთვის და მათთვის, ვინც მომავალში გამოჩნდება ამ ინდუსტრიაში", - დაწერა ინსტაგრამის სთორიში გავლენიანმა მუსიკოსმა, დრეიქმა.

Zayn Malik

ხმის ჩამწერი აკადემია გააკრიტიკა ბოიბენდ One Direction-ის ყოფილმა წევრმა, ბრიტანელმა მუსიკოსმა ზეინ მალიკმაც. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, გრემის ნომინაციის მისაღებად აუცილებელია, აკადემიის წევრებს საჩუქრები უგზავნო.

"გრემის და ყველა მასთან დაკავშირებული ადამიანის დედაც. თუ თითოეულს ხელს არ ჩამოართმევ და საჩუქრებს არ გაუგზავნი, ნომინანტად არც კი განგიხილავენ. მომავალ წელს ტკბილეულით სავსე კალათს მოგართმევთ", - წერს მომღერალი ტვიტერის გვერდზე.

უცნობია, რასთან დაკავშირებით გააკრიტიკა მუსიკოსმა ხმის ჩამწერი აკადემია. მისი ბოლო სოლო ალბომი Nobody Is Listening მიმდინარე წლის 15 იანვარს გავრცელდა. წლევანდელ გრემიზე კი 2019 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 31 აგვისტომდე გამოსული ნამუშევრები იყო წარდგენილი. ამ პერიოდში ზეინმა მხოლოდ ერთი კომპოზიცია, მაროკოელ-ნიდერლანდელ დიჯეისთან R3hab-თან და ბრიტანელ არტისტ Jungleboi-სთან ერთად ჩაწერილი ტრეკი Flames გამოუშვა.

Halsey

კორუფციაში დაადანაშაულა გრემი ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჰოლზიმაც, რომელიც წლევანდელ გრემიზე ნომინაციის გარეშე დარჩა. ის კიდევ ერთი არტისტი იყო, რომელმაც უიქენდს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"გრემიმდე მიღწევა რთულია. კულუარებში ხშირად მიდის საუბარი იმაზე, რომ საჭირო ადამიანებს უნდა იცნობდე; ქრთამებზე, რომლებიც საკმარისად ორაზროვანია საიმისოდ, რომ პირდაპირ ქრთამად იქნას აღქმული. და თუ მათთან ახლოს მიაღწევ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ექსკლუზიურ პერფორმანსს შესთავაზებ და აკადემიას შოუს განმავლობაში რეკლამებით მილიონების გამომუშავებაში დაეხმარები. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში კი, მაგრამ გრემი ყოველთვის მუსიკის, ხარისხის ან კულტურის გამომხატველი არ არის. უიქენდი მეტს იმსახურებდა. ასევე ჩემი ალბომი Manic. მოხარული ვარ ჩემი ნიჭიერი მეგობრების გამო, რომლებიც წელს დააფასეს, მაგრამ უფრო მეტ გამჭვირვალობას, ანაც, რეფორმას ველი მომავალში", - დაწერა ჰოლზიმ ინსტაგრამის სთორიში.

Justin Bieber

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა წელს გრემის ოთხი ნომინაცია მიიღო, თუმცა, ამის მიუხედავად, ის ამერიკის ხმისჩამწერ აკადემიაზე მაინც განაწყენდა. როგორც გაირკვა, მომღერალი R&B ჟანრში დაწესებულ ნომინაციებს მოელოდა და მოულოდნელი აღმოჩნდა, როდესაც ალბომი Changes და მასში შესული კომპოზიციები ჟიურიმ პოპ მუსიკისთვის განკუთვნილ ნომინაციებში გაიყვანა.

"მე არენბი ალბომზე ვიმუშავე. Changes იყო და არის არენბი ნამუშევარი, მაგრამ ის ამ ჟანრის ალბომად არ ჩაუთვლიათ, რაც ძალიან უცნაურია. მე გამიზნულად სწორედ ამ მიმდინარეობის ჩანაწერის შექმნა მინდოდა. აკორდებიდან დაწყებული, მელოდიით, შესრულების სტილით და ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტალით დამთავრებული, ეს უდავოდ არენბი ალბომია. აქვე დავაზუსტებ, რომ პოპ მუსიკა ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს, უბრალოდ, ის არ არის, რაზეც ამჯერად ვიმუშავე. ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობელი ვარ და დაფასებულად ვგრძნობ თავს გრემიზე ნომინირების გამო. გთხოვთ, უმადურობაში ნუ ჩამომართმევთ ზემოთქმულს, უბრალოდ, მინდოდა, ჩემი აზრი გამეზიარებინა. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც იბრძოლეს იმისთვის, რომ საერთოდ დავესახელებინეთ", - წერდა ბიბერი.

Lil Wayne

გავლენიანმა ლუიზიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ლილ უეინმა ცერემონიის შემდეგ ტვიტერზე დაწერა - "გრემის დედაც".

2020 წლის დეკემბერში კი რეპერი უფრო კონკრეტულად წერდა, თუ რატომ იყო გაბრაზებული ამერიკის ხმის ჩამწერ აკადემიაზე:

"როგორც არტისტი, როცა გრემი ახლოვდება და მე ცერემონიის მონაწილეთა და სტუმართა შორის არ ვარ, ვფიქრობ - მიზეზი ჩემშია, ჩემს მუსიკაში თუ რაიმე ტექნიკური საკითხია? არაფრად ვღირვარ? შემდეგ ვხედავ, რომ წარსულში მიღებული ხუთი გრემი შემომყურებს და სტუდიაში სამუშაოდ მივდივარ ახალი მუსიკის შესაქმნელად".

BTS

პოპულარულ სამხრეთკორეულ ბოიბენდს წელს პირველად მიეცა გრემის ჯილდოს დაუფლების შანსი ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში - მუსიკოსები დუეტის/ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში იყვნენ წარდგენილი სიმღერით Dynamite. ბიჭები ჯერ კიდევ ღონისძიების გამართვამდე აღნიშნავდნენ, რომ მოგებას დიდად არ ელოდნენ, თუმცა, მაინც ვერ დამალეს იმედგაცრუება, როცა მათ კატეგორიაში გამარჯვებულად კონკურენტები, ლედი გაგა და არიანა გრანდე დასახელდნენ სიმღერით Rain on Me.

"ხომ ვაბობდი", - ამბობს კოლექტივის წევრი, არემი ვიდეოში, რომელიც თავად გაავრცელეს ტვიტერზე იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეხვდნენ გამარჯვებულის გამოცხადებას.

კოლექტივის წევრს გრემის გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილება არ გამოუხატავს, რასაც ვერ ვიტყვით მათ თაყვანისმცემლებზე. ისინი უკვე ორი დღეა, ხმის ჩამწერ აკადემიას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ.

Teyana Taylor

ცნობილი არენბი შემსრულებლის, ტიანა ტეილორის განაწყენება კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ წლის არენბი ალბომის კატეგორიაში ვერცერთი ქალი მუსიკოსი ვერ მოხვდა.

"სჯობდა, ნომინაციისთვის პირდაპირ მამაკაცის საუკეთესო არენბი ალბომი დაგერქმიათ, რადგან ამ კატეგორიაში მხოლოდ კაცების გენიტალიებს ვხედავ", - დაწერა მან აკადემიის პოსტის გაზიარებისას ტვიტერზე.

Fiona Apple

ქალ მუსიკოსს გამოუცხადა მხარდაჭერა ფიონა ეფლმაც. მან ამერიკელი პროდიუსერის, Dr. Luke-ის ნომინანტად დასახელების გამო ხმის ჩამწერი აკადემია გააკრიტიკა იმ ფონზე, როცა სიმღერით Say So წლის ჩანაწერის კატეგორიაში დასახელებულ პროდიუსერს მომღერალი კეშა გაუპატიურებასა და სხვა სახის ძალადობრივ ქმედებებში სდებს ბრალს.

"რა აბსურდია", - განუცხადა ფიონამ Guardian-ს აკადემიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

Moneybagg Yo

იმ არტისტების რიცხვს, რომლებიც გრემის პატივს აღარ სცემენ, შეუერთდა მემფისელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დიმარიო დიუეინ უაით უმცროსიც.

"ადრე ისე ძალიან მინდოდა გრემის მოპოვება, შემდეგ კი გავიაზრე, რომ ეს ჩვეულებრივი თასია. არ განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ხარ შენ და რას აკეთებ", - დაწერა მან ტვიტერზე.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკური კომპანია Nielsen-ის მონაცემებით, გრემის დაჯილდოების 63-ე ცერემონიას იმის ნახევარი მაყურებელიც არ ჰყოლია, რაც გასული წლის შოუს. კლება შეინიშნებოდა დაჯილდოების სამიზნე აუდიტორიაშიც. ცერემონიას მხოლოდ 2.1 მილიონი 18-დან 49 წლამდე მაყურებელი ადევნებდა თვალს, მაშინ, როდესაც შარშან ეს რიცხვი 5.4 მილიონს შეადგენდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული