Thumbnail

"გჯერათ, რომ რინგო სტარი 80 წლისაა?" - რა რეაქცია მოჰყვა გრემიზე მუსიკოსის გამოჩენას

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

14 მარტს ლოს ანჯელესში გრემის რიგით 63-ე დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე ერთ-ერთ მთავარ, წლის საუკეთესო ჩანაწერის ნომინაციაში გამარჯვებული მომღერალი, ბილი აილიში ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის ყოფილმა წევრმა, რინგო სტარმა გამოაცხადა. ამ უკანასკნელის ხილვის შემდეგ მაყურებელთა ნაწილმა გაკვირვება ვერ დამალა, რადგანაც 80 წლის რინგო გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.

"გჯერათ, რომ რინგო სტარი 80 წლისაა?".

"შეგახსენებთ, რომ რინგო სტარმა, რომელიც ახლა 80 წლისაა, მაგრამ 50 წლისას ჰგავს, დრამზე დაკვრა თავისით მაშინ ისწავლა, როდესაც ბავშვობაში რესპირატორულ დაავადებას კლინიკაში თითქმის 2 წლის განმავლობაში მკურნალობდა. პანდემიის დროს პროდუქტიულობაზე რას იტყვით?".

"თქვენ მეუბნებით, რომ ეს ადამიანი 80 წლისაა? რინგო, რა არის თქვენი კანის მოვლის ყოველდღიური რუტინა?", - წერენ მომხმარებლები სოციალურ ქსელებში.

2018 წელს რინგო სტარმა გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში განმარტა, თუ რა გახლავთ მისი ფორმაში ყოფნის საიდუმლო. მუსიკოსის თქმით, ის ვეგეტარიანელია და დიდი რაოდენობით ბროკოლისა და მოცვს იღებს, აგრეთვე, ბევრს ვარჯიშობს.

"მე ვეგეტარიანელი ვარ. ბროკოლს თითქმის ყველაფერთან ერთად ვჭამ, ხოლო ყოველ დილას მოცვს ვიღებ. იმას ვაკეთებ, რაც ჩემი ჯანმრთელობისა და ფორმაში ყოფნისთვისაა კარგი. მწვრთელიც მყავს და მასთან ერთად კვირაში რამდენჯერმე ვვარჯიშობ. ეს ყველაფერი ახალგაზრდობის შენარჩუნებაში მეხმარება", - ამბობს რინგო.

ასაკის მიუხედავად რინგო მუსიკალურ საქმიანობასაც აქტიურად აგრძელებს. ის 19 მარტს თავის ახალ EP-ს სახელწოდებით Zoom In გამოსცემს.

რინგო ლეგენდარულ "ბითლზს" 1962 წელს შეურთდა. მუსიკოსი კოლექტივის 12-ვე ალბომში მონაწილეობს. მასთან ერთად ბენდმა 800 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. ამ შედეგით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო. კოლექტივის დაშლის შემდეგ რინგომ სოლო კარიერა დაიწყო. 1970 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Sentimental Journey გაავრცელა. მას დღემდე 20 სოლო ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული