Thumbnail

მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბებული პოპულარული მუსიკალური კოლექტივების დიდი ნაწილი უკვე დაშლილია, თუმცა რამდენიმე ლეგენდარული ბენდი, რომლის დაარსებიდანაც ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული, მოღვაწეობას თანამედროვე ეპოქაშიც წარმატებით განაგრძობს. ვეტერანმა შემსრულებლებმა ხანგრძლივი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში ათასობით კოლეგა შთააგონეს, მილიონობით ჩანაწერი გაყიდეს და მუსიკის ისტორიაშიც წარუშლელი კვალი დატოვეს.

ჩვენს სტატიაში სწორედ დიდი ხნის წინ დაარსებულ ათ გამორჩეულად წარმატებულ ჯგუფს წარმოგიდგენთ, რომელიც საკუთარ თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრებითა თუ კონცერტებით დღემდე ახარებს. 

10. Aerosmith

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი როკ მუსიკის ისტორიაში 1970 წელს აშშ-ის ქალაქ ბოსტონში ორი დამწყები ბენდის Chain Raction და Jam Band გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. პროექტის თავდაპირველმა შემადგენლობამ, რომელშიც სტივენ ტაილერი, ჯო პერი, რეი ტაბანო, ტომ ჰამილტონი და ჯოუი კრამერი ირიცხებოდნენ, თანამედროვეობამდე თითქმის უცვლელი სახით მოაღწია (დღესდღეობით, რიტმ გიტარისტის პოზიციას ბენდში ტაბანოს ნაცვლად ბრედ უითფორდი იკავებს). ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის განმავლობაში კოლექტივმა 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და გრემის 17 ნომინაცია მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებს შორის ხშირი კონფლიქტების მიუხედავად, "აეროსმიტი" დღემდე არასდროს დაშლილა.

9. The Zombies

ეს ლეგენდარული კოლექტივი როდ არჯენთმა, პოლ ატკინსონმა, ჰიუ გრანდიმ, პოლ არნოლდმა და კოლინ ბლანსთოუნმა ინგლისში მდებარე ქალაქ სენტ ოლბანსში 1961 წელს ჩამოაყალიბეს. ფსიქოდელიური პოპის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად აღიარებული ბენდი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე დაიშალა და აღსდგა, მისი აქტიური მოღვაწეობის პერიოდი კი ჯამში ოცდაშვიდ წელიწადს ითვლის, რომლის განმავლობაშიც მუსიკოსებმა მხოლოდ შვიდი სტუდიური ალბომი გამოსცეს. თუმცა, ეს ყველაფერი საკულტო სტატუსის მოსაპოვებლად და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მოსახვედრად სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. დღესდღეობით, ჯგუფის შემადგენლობაში დამაარსებელი წევრებიდან მხოლოდ არჯენთი და ბლანსთოუნი ირიცხებიან.

8. Deep Purple

ჰარდ როკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოლექტივი Deep Purple დიდი ბრიტანეთის ქალაქ ჰერტფორდში 1968 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფში თავდაპირველად როდ ევანსი, რიჩი ბლექმორი, ნიკ სიმპერი, ჯონ ლორდი და იენ პეისი ირიცხებოდნენ, 1969 წელს კი სიმპერი და ევანსი როჯერ გლოვერმა და იენ გილანმა ჩაანაცვლეს, რის შედეგადაც პროექტის კლასიკური შემადგენლობა დაკომპლექტდა და ჟღერადობაც საგრძნობლად შეიცვალა. ბენდის ფორმაციამ სხვადასხვა ეპოქაში უამრავი ცვლილება განიცადა (იენ პეისი ჯგუფის ერთადერთი წევრია, რომელმაც უკლებლივ ყველა ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა) და 1976-84 წლებში ის დაშლილიც კი იყო, თუმცა დღეს კვლავ წარმატებით მოღვაწეობს და 2020 წელს რიგით ოცდამეერთე სტუდიური ჩანაწერიც გამოსცა.

7. The Beach Boys

The Beach Boys ძმებმა ბრაიან, დენის და კარლ ვილსონებმა ბიძაშვილ მაიკ ლავთან და მეგობარ ალ ჯარდინთან ერთად 1961 წელს ჩამოაყალიბეს. კალიფორნიული ჯგუფის წევრები სხვადასხვა ეპოქაში ხმის ჩაწერის ტექნიკაში მომხდარი რევოლუციის შემოქმედებად და არაერთი უმნიშვნელოვანესი ინოვაციის ავტორებად მოგვევლინენ, მათი დე-ფაქტო ლიდერის, კოლეგებისა თუ კრიტიკოსების მიერ გენიოსად მონათლული ბრაიან ვილსონის საკომპოზიტორო შესაძლებლობები კი თვით მაკკარტნი-ლენონის დუეტშიც შურს აღძრავდა. დღესდღეობით, ბენდი ოფიციალურად კვლავ არსებობს, თუმცა ორიგინალური შემადგენლობის ცოცხლად დარჩენილი წევრები სცენაზე ერთად ძალზე იშვიათად იკრიბებიან.

6. The Rolling Stones

1961 წლის 17 ოქტომბერს ინგლისის ქალაქ დარტფორდში მდებარე რკინიგზის სადგურზე ერთმანეთს ყოფილი თანაკლასელები, მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი გადაეყარნენ. ძველმა მეგობრებმა საუბრისას აღმოაჩინეს, რომ მსგავსი მუსიკალური ინტერესები გააჩნდათ და რამდენიმე კვირის შემდეგ ბენდი ჩამოაყალიბეს, რომელსაც თავდაპირველად The Blues Boys, მოგვიანებით კი The Rolling Stones უწოდეს. ასე დაიწყო მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივის კარიერა, რომელმაც 240 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და ათობით პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში განხორციელებული რამდენიმე ცვლილების მიუხედავად, ჯგუფი არასდროს დაშლილა და მოღვაწეობას დღემდე უწყვეტად განაგრძობს.

5. ZZ Top

ZZ Top ტექსასში, ქალაქ ჰიუსტონში 1969 წელს ჩამოყალიბდა. ბენდის კლასიკური შემადგენლობა დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ დაკომპლექტდა და უკვე ნახევარი საუკუნეა, რაც უცვლელად მოღვაწეობს. ამერიკული ტრიოს წევრებმა სახელი ათობით ბლუზ როკ ჰიტის შექმნასთან ერთად სპეციფიკური ვიზუალის ხარჯზეც გაითქვეს - ჯგუფის ფრონტმენი, ბილი გიბბონსი და ბასისტი დასტი ჰილი საფირმო გრძელ წვერს არასდროს იშორებენ, მსმენელთა წინაშე კი სახასიათო ტანისამოსით, ქუდებითა და მზის სათვალეებით გამოდიან. აღსანიშნავია, რომ მათ ფონზე დრამერი ფრენკ ბერდი გაცილებით მოკრძალებული იმიჯით გამოირჩევა, არადა, ბედის ირონიით, ამ უკანასკნელის გვარი ინგლისურად სწორედ წვერს ნიშნავს.

4. Chicago

ქალაქ ჩიკაგოში 1967 წელს ჩამოყალიბებულ კოლექტივს თავდაპირველად Chicago Transit Authority ეწოდებოდა, თუმცა ორი წლის შემდეგ მუსიკოსებს ამავე სახელწოდების მქონე ტვირთგადამზიდი კომპანიის წარმომადგენლები სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ, რის გამოც პროექტს შემოკლებით Chicago დაერქვა. პოპ როკის, ჯაზისა და არენბის ჟანრებში მოღვაწე ჯგუფმა დღემდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, გრემის 10 ნომინაცია დაიმსახურა, არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც დაიმკვიდრა ადგილი. ამერიკული ბენდის შემადგენლობამ სხვადასხვა დროს არაერთი ცვლილება განიცადა, თუმცა არასდროს დაშლილა და დღესაც წარმატებით მოღვაწეობს.

3. The Who

ქალაქ ლონდონში 1964 წელს ჩამოყალიბებული The Who ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, პოპულარული და გავლენიანი როკ ბენდი გახლავთ. როჯერ დოლტრის, პიტ თაუნსენდის, ჯონ ენთვისლისა და კით მუნის მიერ დაარსებულმა კოლექტივმა დღემდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და სხვადასხვა დროს ათასობით არტისტისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. სამწუხაროდ, მუნი 1977 წელს ტრანკვილიზატორების ზედოზირებით გარდაიცვალა, ამ ტრაგიკული შემთხვევიდან 25 წლის შემდეგ კი ენთვისლი კოკაინის მოხმარებით გამოწვეულმა გულის შეტევამ იმსხვერპლა. თუმცა, დოლტრი და თაუნსენდი სესიურ მუსიკოსებთან თანამშრომლობით ახალი ნამუშევრების ჩაწერას კვლავაც აგრძელებენ და საკონცერტო ტურნეებსაც ხშირად აწყობენ.

2. The Sonics

დიდი ალბათობით, ჩვენს სიაში წარმოდგენილი ჯგუფებიდან მკითხველთა უმეტესობას The Sonics ყველაზე ნაკლებადად ეცნობა, თუმცა ეს ფაქტი საკულტო სტატუსის მქონე გარაჟ როკ ბენდის ისტორიულ მნიშვნელობას ოდნავადაც არ აკნინებს. აშშ-ის ვაშინგტონის შტატის ქალაქ ტაკომაში 1960 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივის ინოვაციურმა, ხაზგასმით მოუხეშავმა ჟღერადობამ სხვადასხვა ეპოქაში პანკის, პოსტ პანკის, გრანჟისა და ალტერნატიული როკის ჟანრებში მოღვაწე არტისტებზე (The Cramps, Nirvana, The White Stripes და სხვა) უდიდესი გავლენა მოახდინა. პროექტმა დაარსებიდან მოყოლებული ათობით წევრი გამოიცვალა, დღესდღეობით კი კლასიკური შემადგენლობიდან მხოლოდ ვოკალისტი და საქსოფონისტი, რობ ლინდია შემორჩენილი.

1. The Monkees

ამერიკელი რეჟისორი, ბობ რაფელსონი ჯერ კიდევ 1962 წელს ცდილობდა შეექმნა სატელევიზიო შოუ დამწყები როკ ბენდის შესახებ. მაშინ მას ეს არ გამოუვიდა, თუმცა ორი წლის შემდეგ ლეგენდარული The Beatles-ის მონაწილეობით გადაღებული ფილმის A Hard Day's Night ყურებამ ბობი დაარწმუნა, რომ საკუთარ ჩანაფიქრზე ხელი არ უნდა აეღო. მან საჭირო ფინანსების გამონახვა მოახერხა და ინგლისელი მუსიკოსის, დეივი ჯონსის სახით პროექტის პირველი წევრიც იპოვა. 1965 წლის სექტემბერში კი კოლექტივის დასაკომპლექტებლად ჩატარებულ კონკურსზე 437 კანდიდატიდან არჩევანი სამ ახალგაზრდაზე - მაიკლ ნესმიტზე, პიტერ ტორკზე და მიკი დოლენცზე შეაჩერა. ასე დაარსდა ჯგუფი The Monkees, რომელიც რამდენიმეჯერ ხანგრძლივი პერიოდით დაშლის მიუხედავად, მოღვაწეობას დღემდე განაგრძობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული