Thumbnail

Cardi B: ჩემი ჰიტით Bodak Yellow კოდაკ ბლექიც მდიდრდება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მიმდინარე თვის დასაწყისში პოპულარული ბრონქსელი რეპერის, ქარდი ბის 2017 წლის ჰიტის Bodak Yellow გაყიდვებმა 10 მილიონს გადააჭარბა და, შესაბამისად, ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა. შედეგად მუსიკოსი პირველი ქალი ემსი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.

Cardi B პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის კომპოზიციამაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა

ცნობილი ფაქტია, რომ ნიუ იორკელმა რეპერმა ხსენებული კომპოზიცია მისი ფლორიდელი კოლეგის, კოდაკ ბლექის 2014 წლის ფრისტაილის No Flockin’ შთაგონებით დაწერა. თხრობის მანერის გარდა, ამაზე ქარდის სინგლის სახელწოდებაც მეტყველებს, რომელიც სწორედ კოდაკის პატივსაცემად შეირჩა.

ბრილიანტის სტატუსის მოპოვების შემდეგ, რამდენიმე მსმენელმა ქარდის სოციალურ ქსელში ჰკითხა, რატომ არ იღებდა ნამუშევრიდან შემოსავალს კოდაკ ბლექი, რაზეც ბრონქსელმა უპასუხა:

"კოდაკი კომპოზიციის ავტორთა შორის მოხსენიებულია და ამ ტრეკის დამსახურებით ორივე ცხოვრების ბოლომდე გამდიდრებას განვაგრძობთ. სინგლისთვის ეს სახელი ტყუილად არ დამირქმევია. სულელურ კითხვებს ნუ სვამთ", - განაცხადა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.

ქარდი კომპოზიციის წარმატებას ინსტაგრამზეც გამოეხმაურა:

"მადლობა ყველას მოლოცვისთვის. რამდენიმე წლის წინ ბრილიანტის სტატუსის მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი. Bodak Yellow-მ ჩემი ცხოვრება შეცვალა".

აღსანიშნავია, რომ ქარდიმ 2017 წელს, Bodack Yellow-ს გავრცელების შემდეგ, მისი რემიქს ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც კოდაკ ბლექი მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული