Thumbnail

Killing Floor - როცა კლეპტონი შეხვდა ჰენდრიქსს

დიმიტრი ლიპარტელიანი პროფილის ფოტო
დიმიტრი ლიპარტელიანი

პროლოგი

Killing Floor - ასე უწოდებენ სასაკლაოების იმ სივრცეს, სადაც პირუტყვს კლავენ. ბლუზში ეს სიტყვათა შეთანხმება პირველად კომპოზიციაში Hard Time Killin' Floor Blues გაჟღერდა, რომელშიც ფინგერსტაილის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შემსრულებლად მიიჩნეულმა სკიპ ჯეიმსმა დიდი დეპრესიის პერიოდში მცხოვრები აფროამერიკელების რთული ცხოვრება აღწერა. რაოდენ ირონიულია, რომ სწორედ ამ ტერმინს უკავშირდება ელექტროგიტარის ღმერთის სიკვდილიც და ახალი მესიის დაბადებაც. ის დრამა კი, რომელმაც მუსიკის ისტორია შეცვალა, 1966 წლის 1-ლი ოქტომბრის საღამოს გათამაშდა, როცა ერიკ კლეპტონი ჯიმი ჰენდრიქსს შეხვდა.


ერიკ კლეპტონი სამხრეთ ლონდონში მდებარე Bromel Club-ის სცენაზე იდგა და საზიზღრად გამოიყურებოდა. იმ საღამოს შეკრებილი აუდიტორიის წინაშე The Yardbirds უკრავდა. მუსიკოსები ჰაულინ ვულფის ენერგიულ კომპოზიციას Smokestack Lightning ასრულებდნენ, ერიკი კი სცენაზე ისე ცქმუტავდა, რომ ყველა ხვდებოდა, ერთი სული ჰქონდა, კულისებისკენ როდის გაიქცეოდა. "ისე გამოიყურები, თითქოს ყველაფერი მობეზრებული გაქვს", - ხმა მიაწვდინა წინა რიგში მდგომმა მსმენელმა კლეპტონს. "სწორად შენიშნე", - ცალყბა ღიმილით უპასუხა ერიკმა. გავა რამდენიმე კვირა და ის "იარდბერდსის" შემადგენლობას დატოვებს.

ჯგუფის მიერ მიღწეული წარმატებით გამოწვეულმა ეიფორიამ კლეპტონს მალევე გადაუარა. კონცერტებისას წინა რიგებში მდგომი მკივანა გოგონების ყურადღება ახალგაზრდა გიტარისტს თავიდან ძალიანაც მოსწონდა, თუმცა დროთა განმავლობაში ამ საყოველთაო აღტაცების მიმართ მისი ინტერესი საგრძნობლად განელდა. თანაც, "იარდბერდსის" მენეჯერის, ჯორჯიო გომელსკის მეცადინეობით, კოლექტივმა ბლუზიდან პოპისკენ გადაუხვია, რაც ნამდვილად არ იყო ის გზა, რომლითაც სიარულს კლეპტონი აპირებდა. გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი მას არც ჯგუფში მოსვლამდე აკლდა, მაგრამ ახლა ბენდისგან ერიკის დისტანცირება სულ უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდებოდა. კლეპტონს საკუთარი ფან-კლუბი ჰყავდა, რაც სრულიად ახალი და უცხო მოვლენა იყო იმდროინდელი მუსიკის სცენისთვის. როგორც წესი, ბენდში ყველაზე კაშკაშა ფიგურა ვოკალისტი იყო, მაგრამ კლეპტონი ამ პარადიგმას უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. ჯგუფის დანარჩენი წევრებისა და მენეჯერისათვის გასაგები იყო, რომ ის წასვლას გეგმავდა. ისინი ახალ გიტარისტს უკვე დაუფარავად ეძებდნენ, რაც ერიკის ქცევაზეც ახდენდა გავლენას. ოდეონის თეატრში გამართულ საღამოზე ის საერთოდაც არ გამოცხადდა.

The Yardbirds: პოლ სემუელ-სმიტი, კრის დრეია, ჯიმ მაკკარტი, კით რელფი და ერიკ კლეპტონი. 1964 წ. 

1965 წელს “იარდბერდსმა” მეინსტრიმულ პოპ მუსიკაში ოფიციალურად შეაბიჯა. ჯგუფის სინგლმა For Your Love ბრიტანულ ჩარტებში მეორე ადგილი დაიკავა. რელიზის მეორე მხარეს ჯორჯიო გომელსკის კომპოზიცია Got to Hurry იყო ჩაწერილი, სადაც კლეპტონი თავისი ვირტუოზული შესრულებით ყველას ნათლად აჩვენებდა, რომ მისი ადგილი ნამდვილად ბლუზში იყო. სინგლის გამოსვლის დღესვე ერიკმა ჯგუფი დატოვა. "საკუთარი დაკვრით შეცბუნებული ვიყავი და საერთოდ არ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. მე ჩემი ღირებულებები დავკარგე", - აღნიშნავდა ის მოგვიანებით.

ლოკალურმა ბლუზ სცენამ კლეპტონის გადაწყვეტილება ღირსეულ ნაბიჯად შეაფასა. თუმცა, საკუთარი პრინციპების ერთგულების გარდა, ის დაკვრის არაჩვეულებრივი ტექნიკითაც გამოირჩეოდა, რასაც ახლად გამოსული ჩანაწერიც ამტკიცებდა. სწორედ მისი წყალობით მოიპოვა მან ადგილი ჯგუფში Bluesbreakers, რომელსაც ბრიტანული ბლუზის ერთ-ერთი პატრიარქი, ჯონ მეიოლი ხელმძღვანელობდა. ერიკს აღაფრთოვანებდა ჟანრისადმი მისი ერთგულება და კოლექტივში გამეფებული მკაცრი დისციპლინა. ახალ ბენდში ის თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. "მიეცით ღმერთს სოლო!" - ყვიროდნენ კლეპტონის ფანები "ბლუზბრეიქერსის" კონცერტებზე. ერიკი მათთვის ღმერთის ტოლფასი ფიგურა იყო და მის მიმართ სიყვარულის გამოხატვას ოდნავადაც არ ერიდებოდნენ. 1960-იანი წლების შუა პერიოდში ლონდონში რომ გემოგზაურათ, ხშირად წააწყდებოდით აგურის კედლებზე პულვერიზატორით გაკეთებულ წარწერებს Clapton is a God! ასე თანდათან ერიკ კლეპტონი ბრიტანული ბლუზის საკულტო ფიგურად ჩამოყალიბდა.

წარწერა კედელზე: "კლეპტონი ღმერთია!"

ჯონ მეიოლის ჯგუფში ყოფნისას კლეპტონმა ბასისტი ჯეკ ბრუსი გაიცნო. მართალია, ეს უკანასკნელი ამ კოლექტივში არცთუ დიდი ხნის განმავლობაში ირიცხებოდა, მაგრამ მისმა დაკვრის სტილმა ერიკი ძალიან მოხიბლა. რეპეტიციების დროს ისინი ხშირად იმპროვიზირებდნენ და ერთმანეთს მუსიკალურადაც ძალზე კარგად შეეწყვნენ. ქარიზმა და ტემპერამენტიც მსგავსი ჰქონდათ, თუმცა კლეპტონის მძიმე ხასიათი ბრუსის ზღვარგადასულ კონფლიქტურობასთან შედარებით მონაგონი გახლდათ.

"ბლუზბრეიქერსში" გადმოსვლამდე ბრუსმა მეტად საინტერესო კარიერული გზა განვლო. თავდაპირველად ბრიტანული ბლუზის კიდევ ერთი პიონერის, ალექსის კორნერის ჯგუფში Blues Incorporated უკრავდა, რომლის დაშლის შემდეგაც გრემ ბონდის Тhe Graham Bond Organisation-ში ამოჰყო თავი. ასეთივე გზა განვლო ჯინჯერ ბეიკერმაც. დასარტყამი ინსტრუმენტების ჟღალთმიანი ჯადოქარი 1960-იანი წლების მუსიკის სცენაზე გარდამტეხ ფიგურად მიიჩნევა. მის გამოჩენამდე დრამზე უკლებლივ ყველა მოკრძალებულად უკრავდა, ბეიკერი კი თავის დანადგარზე ნამდვილ ქარიშხალს ატრიალებდა. სწორედ მისი წყალობით, მუდმივად უკანა ფონზე მყოფი არტისტი, რომელსაც ბენდში მხოლოდ რიტმის წაყვანის ფუნქცია ეკისრებოდა, კოლექტივის ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულ და მნიშვნელოვან წევრად ტრანსფორმირდა.

ბეიკერიცა და ბრუსიც ჯგუფის რიტმ სექციაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, მაგრამ მათი ურთიერთობა რაღაც მომენტებში სრულიად დისფუნქციური ხდებოდა. Тhe Graham Bond Organisation-ის ერთ-ერთი ლაივზე, ბეიკერის ხმამაღალი დაკვრით გაბრაზებულმა ბრუსმა მას ყვირილით ანიშნა, ცოტა ხმას დაუწიეო. ამის თქმა იყო და სკამიდან წამომხტარმა ჯინჯერმა ბასისტს მუშტები გამეტებით დაუშინა. დაცვამ მოუსწრო, თორემ სახელდახელოდ გახსნილ დანასაც ურტყამდა. გალახულ ჯეკ ბრუსს ბეიკერმა ჯგუფი პირდაპირ სცენიდანვე დაატოვებინა.

The Graham Bond Organisation: დიკ ჰეკშტალ სმიტი, ჯეკ ბრუსი, გრემ ბონდი და ჯინჯერ ბეიკერი. 1965 წ.

1966 წლის მაისში დიკ როუს ლეიბლზე Decca Records ალბომი Blues Breakers with Eric Clapton ჩაიწერა. "იარდბერდსისგან" განსხვავებით, კლეპტონის გიტარის ხმა ახლა უფრო ხმამაღლა ისმოდა. კომპოზიციაში All Your Love მისი სოლო პარტია ნათლად წარმოაჩენს ერიკის საშემსრულებლო პოტენციალს, რომელიც კიდევ უფრო კარგად გაიშალა ინსტრუმენტულ ნამუშევრებში Hideaway და Steppin' Out. ჩანაწერი კომერციულადაც წარმატებული გამოდგა და კრიტიკოსების ქებაც დაიმსახურა. ეს კი ერთ რამეს ნიშნავდა - ერიკი კიდევ ერთხელ დაფიქრდა, იყო თუ არა იქ, სადაც უნდოდა და აკეთებდა თუ არა იმას, რაც სურდა. შედეგად, ის იმ აზრამდე მივიდა, რომ დრო იყო, საკუთარი ჯგუფი ჩამოეყალიბებინა.

სანამ კლეპტონის თავში ეს იდეა სულ უფრო მეტად იხვეწებოდა, მის ერთ-ერთ გამოსვლას ჯინჯერ ბეიკერი დაესწრო. მან ბენდს მათთან ერთად დაკვრა სთხოვა და უარიც არავის უთქვამს. იმ პერიოდის ბრიტანული მუსიკის სცენა ამ მხრივ სრულიად თავისუფალი სივრცე იყო. თუ დაკვრა კარგად გამოგდიოდა, მსგავსი სპონტანური კოლაბორაციები ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. ბეიკერის შესრულებამ კლეპტონი აღაფრთოვანა. გამოსვლის შემდეგ კი, როცა კულისებში ჯინჯერმა მას პირდაპირ ჰკითხა, რა აზრის იყო ერთობლივი ჯგუფის შექმნაზე, ბევრი აღარ უფიქრია და შემოთავაზებას დათანხმდა. როდესაც ჯერი ბასისტის არჩევაზე მიდგა, ერიკმა ჯეკ ბრუსის კანდიდატურა წამოაყენა. წარსული უთანხმოებების მიუხედავად, ბეიკერს უარი არ უთქვამს. ასე შეიქმნა მსოფლიოში პირველი სუპერჯგუფი Cream.

Cream: ჯეკ ბრუსი, ჯინჯერ ბეიკერი და ერიკ კლეპტონი. 1966 წ.

პირველი დიდი გამოსვლა სამეულს 1966 წლის 31 ივლისს უინძორის ჯაზისა და ბლუზის ფესტივალზე ჰქონდა. ერთი შეხედვით, ეს თარიღი არაფერით იყო გამორჩეული, მაგრამ ჯგუფი დებიუტისთვის უკეთეს დროს ვერც კი ინატრებდა. წინა დღეს ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დასავლეთ გერმანიის გუნდი დაამარცხა. ამ წარმატებას ალბიონელებისთვის დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა და ისე მოხდა, რომ საერთო ეგზალტაციამ ისინი მუსიკის ფესტივალზე მიიყვანა. უამინდობის მიუხედავად ღონისძიებას 15 ათასი ადამიანი დაესწრო. სცენაზე მათთვის The Who, The Spencer Davis Group, The Move და სხვა შემსრულებლები გამოდიოდნენ. მათ შორის იყო ნაკლებად ცნობილი კოლექტივი Bluesology, რომელშიც კლავიშებზე ახალგაზრდა რეჯი დუაითი უკრავდა. წლების შემდეგ მას მსოფლიო ელტონ ჯონის სახელით გაიცნობს.

"ქრიმს" გამოსვლისთვის რეპერტუარი ფაქტობრივად არ მოუმზადებია. მუსიკოსებს მხოლოდ ოთხი კომპოზიცია ჰქონდათ დამუშავებული და ისე გამოვიდა, რომ თითოეულის დაკვრა ორ-ორჯერ მაინც მოუხდათ. კლეპტონის ტექნიკამ დამსწრე საზოგადოება შოკში ჩააგდო. მსმენელი სულ უფრო მეტსა და მეტს ითხოვდა. ჯგუფმა ვილი დიქსონის Spoonful, ჯეკ ბრუსის Sleepy Time Time და Traintime შეასრულა. თუმცა, იმ წვიმიან საღამოს ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ჯინჯერ ბეიკერის Toad და მისი სოლო დრამ პარტია გამოდგა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჟღალთმიანი ვირტუოზის უნიკალურობას.

კონცერტის შემდეგ "ქრიმის" წევრებმა თავიანთი მენეჯერის სახლში გამართულ წვეულებას მიაშურეს. ბრუსმა და ბეიკერმა გულიანად მოილხინეს, მაგრამ კლეპტონი კუთხეში, იატაკზე იჯდა და სახეზე ეტყობოდა, რომ მისთვის ჩვეულ ფიქრებში იყო ჩაფლული. კოლექტივის დებიუტიდან საათები იყო გასული და ის კიდევ ერთხელ აღმოჩნდა კონფლიქტში საკუთარ თავთან. მისი წარმოდგენით, ჯგუფს ბლუზი პატარა პაბებში უნდა დაეკრა და თავი ასე გაეტანა, მაგრამ ერიკმა ვერ გათვალა, რომ საამისოდ მისი სამივე წევრი მეტისმეტად კაშკაშა და ქარიზმატული ფიგურა იყო. დრამერისა და ბასისტის დაუსრულებელი ჩხუბიც უკვე ყელში ჰქონდა ამოსული და არც მათი კონფლიქტებისას მუდმივად მედიატორის როლში ყოფნა ხიბლავდა. თუმცა, ამ შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად, კლეპტონი კარგად იაზრებდა, რომ "ქრიმს" გამოსვლები უკვე დაგეგმილი ჰქონდა და ყველაფრის ასე დასაწყისშივე მიტოვება არაფრით გამოვიდოდა.

1966 წლის 1-ლი ოქტომბერიც მისი ჯგუფისთვის ერთი რიგითი საღამო იყო. მათ ლონდონის ცენტრში მდებარე პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პატარა დარბაზში სტუდენტებისთვის უნდა დაეკრათ, მაგრამ სცენაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯგუფს კულისებში The Animals-ის ბასისტი, ჩეს ჩენდლერი ეწვია და იკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ "ქრიმთან" ერთად მის ამერიკელ პროტეჟეს, ჯიმი ჰენდრიქსს დაეკრა.

15 წლის ჯიმი ჰენდრიქსი თავისი პირველი გიტარით, 1957 წ.

ჯიმი ჰენდრიქსის გენეტიკურ კოდში მთელი ამერიკა იყო მოქცეული. მის სხეულში აფროამერიკელის, თეთრკანიანისა და ინდიელი ჩეროკის სისხლი ერთდროულად ჩქეფდა. ჩაკეტილობა და სიმორცხვე ადრეული ბავშვობიდან თან სდევდა, მაგრამ საკმარისი იყო, ხელში გიტარა აეღო და ამოუხსნელი ძალის ბუნებრივ სტიქიად იქცეოდა ხოლმე. თავის დროზე, ბაპტისტურ ეკლესიაში მას წირვის კარნავალურობა უფრო იზიდავდა, ვიდრე თავად რწმენა. თუმცა, ეს ნაივური აღტაცება 8 წლის ასაკში ჩაუკლეს, როცა აჩაჩულ-დაჩაჩული ტანსაცმლის გამო ტაძრიდან გამოაგდეს. ჯიმი უკან არასდროს დაბრუნებულა და მთელი თავისი ინტერესი რადიოსკენ მიმართა, საიდანაც დღენიადაგ როკ-ენ-როლი ისმოდა. მამამისი იხსენებს, რომ 13 წლის ასაკში ცოცხით ხელში შეუსწრო. ჯიმის ის გიტარასავით ეჭირა და პირით დაკვრის ხმის იმიტირებას ცდილობდა. უფროსი ჰენდრიქსი დიდი ყიამყრალი კაცი კი იყო, მაგრამ შვილისთვის სადღაც სარდაფში მიგდებული დამტვრეული უკულელე გამოაძვრინა და მის შეკეთებას შეუდგა. მალე, ეს მცირე ზომის საკრავი ასევე დეფექტურმა, 5 დოლარად შეძენილმა აკუსტიკურმა გიტარამ ჩაანაცვლა და შემდეგი ორი წელი ჯიმის ის ხელიდან არ გაუგდია. ცაცია ბიჭისთვის დაკვრა საკმაოდ რთული იყო და რაკი მამას მოდიფიცირებული ინსტრუმენტის საყიდელი ფული არ ჰქონდა, მას თავისი გიტარის მარცხენა ხელისთვის გადაწყობა მოუხდა. როცა 1957 წელს სიეტლს ელვის პრესლი ესტუმრა, კონცერტზე დასასწრები ბილეთი 3,5 დოლარი ღირდა. ამიტომ 15 წლის ჯიმი როკ-ენ-როლის მეფის გამოსვლას მახლობელი გორაკიდან უსმენდა. შესაძლოა, სწორედ ეს დღე გახდა გარდამტეხი მის ცხოვრებაში. შინ დაბრუნებულმა ჰენდრიქსმა სკოლის ბენდში დაკვრა გადაწყვიტა.

უფროს კლასებში დამწყები მუსიკოსის ტრანსფორმაციას ყველა ამჩნევდა. აიღებდა თუ არა ხელში გიტარას, მორიდებულ და მორცხვ ახალგაზრდას უჩვეულო სილაღე ემატებოდა. სცენაზე მყოფი ჯიმი წინა რიგებში მდგომ იმ გოგონებსაც კი ეფლირტავებოდა, რომლებსაც სხვა დროს გამარჯობის თქმას ვერ უბედავდა. ჯგუფის დატოვება მას ვოკალისტთან ხელჩართული ჩხუბის შემდეგ მოუწია, როცა ამ უკანასკნელმა თავის გერლფრენდზე იეჭვიანა. უცნაურია, მაგრამ ეს ისტორია ჯიმის ცხოვრებას ერთგვარ რეფრენად გაჰყვება. მის ქარიზმატულობას არაერთი ცნობილი მუსიკოსისთვის დაუწყვეტია ნერვები. The Who-ს გიტარისტის, პიტ თაუნსენდის მონათხრობით, ერთხელ ის ჰენდრიქსის ლაივს მეგობარ გოგონასთან ერთად დაესწრო, ჯიმიმ კი სცენაზე ისეთი ცეცხლი დაანთო, ისეთ სექსუალურ ენერგიას ასხივებდა, რომ პიტმა ინანა, შეყვარებული აქ რამ მომაყვანინაო. მოგვიანებით, მან მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნილი მიკ ჯაგერიც ნახა. როგორც თაუნსენდი იხსენებს, ჯიმიმ მიკს გვერდი ისე აურა, თითქოს არც დაუნახავს და მის გერლფრენდს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ცოტაც და ჯაგერი იმ ღამეს სახლში მარტო დაბრუნდებოდაო, ჰყვებოდა მუსიკოსი.

ჯიმი ჰენდრიქსი სამხედრო ბენდში. ფორტ კემპბელი, 1961 წ.

ჰენდრიქსმა სკოლა მალევე მიატოვა და ისე მოხდა, რომ ცხოვრებამ ის არჩევანის წინაშე დააყენა - მანქანის ქურდობის გამო ორი წლით ან ციხეში უნდა წასულიყო, ანაც სამხედრო სამსახურში. ჯიმიმ, რა თქმა უნდა, არმია აირჩია. სიეტლიდან ის კენტუკიში, ფორტ კემპბელის სამხედრო ბაზაზე აღმოჩნდა. ასე შემოვიდა ჰენდრიქსის ცხოვრებაში ბლუზი, რომელიც სამხრეთული შტატისთვის ორგანული რამ გახლდათ. მისთვის დამახასიათებელი ღრმა ლირიკა და მრავალფეროვანი მელოდიები ჯიმისთვის სრულიად უცხო იყო, სიეტლის რადიო ხომ თავის ეთერში ამ ჟანრის ჩანაწერებს ძალზე იშვიათად უშვებდა. ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა, ჰენდრიქსის მშობლიურ ქალაქში არც ისე ბევრი აფროამერიკელი ცხოვრობდა და თანაც, ბლუზი ხალხში არც თუ სახარბიელო რეპუტაციით სარგებლობდა.

მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის აფროამერიკულ საზოგადოებაში მუსიკალური გემოვნების თვალსაზრისით მკაცრი შიდა დაყოფა არსებობდა. მუშათა კლასის წარმომადგენელთა უმეტესობა რელიგიური ხალხი იყო და შესაბამისად, მათი ინტერესები გოსპელით შემოიფარგლებოდა. უფრო შეძლებულები უპირატესობას ჯაზს ანიჭებდნენ, ბლუზი კი დეკლასირებული ადამიანების მუსიკად მიიჩნეოდა. ესენი უმეტესად გარეუბნებში მცხოვრები აფროამერიკელები იყვნენ, რომლებიც თავის გასატანად ყველაფერზე იყვნენ წამსვლელი, იქნებოდა ეს ძარცვა, ნარკოტიკებით ვაჭრობა თუ პროსტიტუცია. ამის გათვალისწინებით მარტივი მისახვედრია, რომ ბლუზი ქვეყანაში სტიგმატიზებული გახლდათ.

ჯარში ჰენდრიქსს ყველა შეშლილად მიიჩნევდა. ის ჰყვებოდა, თუ როგორ ცდილობდა ბავშვობაში გიტარით მარშ-ბენდების საყვირის ხმის იმიტირებას ან პარაშუტის გაშლისას გამოცემული ხმების გამეორებას. მსგავსი საუბრების გამო ჯიმის ხშირად დასცინოდნენ, სცემდნენ, გიტარას უმალავდნენ და მანამ არ უბრუნებდნენ, სანამ მუხლებზე დაჩოქილი პატიებას არ ითხოვდა. ასეთი სირთულეების მიუხედავად, არმიამ მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში მაინც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რასაც მუსიკოსი მოგვიანებით უფრო მკაფიოდ გაუსვამს ხაზს, როცა ვუდსტოკის ფესტივალზე აშშ-ის ჰიმნის The Star-Spangled Banner არაორთოდოქსული შესრულების გამო საზოგადოების რისხვა დაატყდება თავს. მის საბედნიეროდ, ჯარში სამსახური დიდხანს არ გაგრძელდა. პარაშუტით ოცდამეექვსედ გადმოხტომისას ჯიმი მიწაზე ცუდად დაეშვა და ზურგი დაიზიანა. 1962 წლის ზაფხულში ის არმიიდან გამოუშვეს და ამით კმაყოფილი ორივე მხარე დარჩა. ჰენდრიქსი სიეტლში აღარ დაბრუნებულა და საცხოვრებლად თავის ყოფილ სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარე ქალაქ კლარკსვილში დარჩა, შემდეგ კი ნეშვილს მიაშურა, რომელიც დღემდე ქანთრის დედაქალაქის საპატიო წოდებას ატარებს.

ჯიმი ჰენდრიქსი და The Isley Brothers: ო'კელი აილი და რონ აილი, 1964 წ.

ახალგაზრდა ჰენდრიქსი ყველანაირად ცდილობდა, მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ადგილი ეპოვნა. ნეშვილში მან ბეჯითი მოსწავლის როლი მოირგო, სწავლობდა ყველასგან და დაუღალავად შრომობდა საშემსრულებლო ტექნიკის დახვეწაზე. ასეთი მონდომების მიუხედავად, მას სამსახურებში დიდად არ უმართლებდა. ლოკალურ სცენაზე გიტარისტების დეფიციტი ნამდვილად არ იყო და ისიც ხშირად მოტყუებული თუ მიტოვებული აღმოჩნდებოდა ხოლმე. ზოგჯერ თვითონ აგვიანებდა საკონცერტო ტურნეზე მიმავალ ავტობუსზე, ზოგჯერ კი ჯგუფის სხვა წევრები რომელიმე მიყრუებულ ადგილზე ტოვებდნენ. უფულო ჰენდრიქსიც სასტუმროებიდან ჩუმად იპარებოდა და ავტოსტოპით ისევ ნეშვილში ბრუნდებოდა.

თუმცა, 1963 წლიდან ჯიმი ბლუზის, არენბისა და სოულის ისეთი ცნობილი წარმომადგენლების ბენდებში ჩნდება, როგორებიც არიან უილსონ პიკეტი, სლიმ ჰარპო, სემ კუკი, ჯეკი უილსონი, აიკ და თინა ტერნერები. 1964 წლის ზაფხულში კი მას The Isley Brothers-ის ქასთინგზე იბარებენ. ძმები იხსნებდნენ, რომ ჰენდრიქსის აყვანა პირველივე აღებული აკორდის შემდეგ გადაწყვიტეს - მათ ასეთი შემსრულებელი ადრე არასდროს შეხვედროდათ. ჯიმი ჯგუფთან ერთად უშვებს ჩანაწერს Testify და მიდის ტურნეში, მაგრამ მალევე ბეზრდება ყველა კონცერტზე ერთი და იმავე რეპერტუარის შესრულება და რამდენიმე თვეში კოლექტივს ტოვებს. შემდეგ ლეგენდარულ ლითლ რიჩარდს ხვდება, რომელსაც როკ-ენ-როლში დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი და აკომპანიატორ მუსიკოსებს ეძებდა. მის მიერ არჩეულ არტისტებში ჰენდრიქსიც მოხვდა. ფსევდონიმით მორის ჯეიმსი ჯიმი რიჩარდს ტურნეში მიჰყვება და ლოს ანჯელესში ყოფნისას მასთან ერთად სინგლს I Don't Know What You Got, But It's Got Me წერს.

ამ კოლაბორაციამ ახალგაზრდა გიტარისტზე წარუშლელი კვალი დატოვა. ინგლისში ჩასული, ჟურნალისტებს ხშირად უმეორებდა, ვცდილობ, გიტარაზე ისე დავუკრა, როგორც ლითლ რიჩარდი მღერისო. ექსცენტრიკული, ბრჭყვიალა და თვალისმომჭრელი ჩაცმულობა მორისმა ჩემგან აიღოო, თავის მხრივ ამტკიცებდა როკ-ენ-როლის პიონერი, როცა ჟურნალისტები საუბარს ჯიმი ჰენდრიქსზე ჩამოუგდებდნენ.

ჯიმი ჰენდრიქსი და ლითრ რიჩარდი სან ფრანცისკოში გამართულ კონცერტზე, 1965 წ.

ლითლ რიჩარდისა და ჰენდრიქსის გზები მალევე გაიყარა. ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. ჰენდრიქსის მონათხრობით, რიჩარდმა ის ჯგუფიდან იმიტომ გააგდო, რომ ერთ-ერთ კონცერტზე მანჟეტიანი პერანგით გამოცხადდა. ასე მითხრა, მხოლოდ მე მაქვს უფლება, ლამაზად მეცვასო, ამტკიცებდა ჯიმი. რიჩარდს კი ეს ამბავი სხვაგვარად ახსოვდა, ჰენდრიქსი მუდმივად აგვიანებდა რეპეტიციებსა და ავტობუსზეო. კიდევ ერთი ვერსიით, რიჩარდმა ჰენდრიქსს ხელფასი დროულად არ გადაუხადა და ჯიმისთვის მუდმივ სიღარიბეში ცხოვრება უკვე აუტანელი იყო. ასეა თუ ისე, ჰენდრიქსი ნეშვილში დაბრუნდა, იქ მცირე ხანს დაჰყო და 1966 წელს საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა.

ქალაქში, რომელსაც არასდროს სძინავს, ჰენდრიქსს ხელგაშლილი არავინ შეგებებია. იმ პერიოდში ჯიმის ფინანსურად ისე უჭირდა, რომ მისი გიტარა სიმების გარეშე იყო დალომბარდებული. სამსახურის ძიებაში მან გრინვიჩ ვილიჯს, ხელოვნების მაშინდელ მექას მიაშურა, რომელიც ჰენდრიქსისთვის თვითგანვითარებისა და ექსპერიმენტების ადგილად იქცა. ის თავს LSD-თი თუ მარიხუანით ირთობდა და უამრავ ჩანაწერს უსმენდა, რათა საკუთარი ჟღერადობა ეპოვნა. თვითგამორკვევის პროცესში მისი მუსიკალური თვალსაწიერი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. სწორედ ამ დროს, მან კერტის ნაითი გაიცნო, რომელიც არც კარგი მომღერალი იყო და ვერც გიტარისტად ვარგოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჰყავდა ჯგუფი და ჰენდრიქსისნაირ ვირტუოზ შემსრულებელს ეძებდა. ჯიმი მის კოლექტივს The Squires შეუერთდა და ამდენი ხნის განმავლობაში პირველად, უკრავდა იმას, რაც მართლა სიამოვნებდა.

წლების განმავლობაში ნასწავლ ილეთებს ჯიმი კონცერტებზე წარმატებით იყენებდა. გიტარას ხან კისრის უკან გადაიგდებდა, ხანაც სიმებს კბილებით ჭიმავდა და ძალიან ბევრს იმპროვიზირებდა. კერტის ნაითთან ერთად იმ პერიოდში გაკეთებული ჩანაწერებიდან, როგორიცაა, მაგალითად, No Such Animal, მისი სახასიათო ჟღერადობის ერთგვარი კონტურების გამოკვეთაც შეგვიძლია. გრინვიჩ ვილიჯში ჰენდრიქსს უკვე სულ უფრო მეტი ადამიანი იცნობდა. მალე, მას კლუბში Cafe Wha? დაკვრა შესთავაზეს, ჯიმიმ საკუთარი ჯგუფი The Blue Flames შექმნა და ნიუ იორკის სცენის დაპყრობას შეუდგა.

ჯიმი ჰენდრიქსი, კერტის ნაითი და მისი ჯგუფი Тhe Squires, 1965 წ.

თავის წარმოუდგენელ დაკვრის ტექნიკას ჰენდრიქსი გამოსვლიდან გამოსვლამდე ხვეწდა, რითიც დამსწრე აუდიტორია აღტაცებაში მოჰყავდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი The Rolling Stones-ის გიტარისტის, კით რიჩარდისის შეყვარებული, ლინდა კითი გახდა. მან ჯიმის შესახებ თავის მეგობარს, The Animals-ის ბასისტ ჩეს ჩენდლერს უამბო. ეს უკანასკნელი თავისი ჯგუფიდან ახალი წამოსული იყო, მენეჯერის კარიერის დაწყებას გეგმავდა და ნიჭიერ არტისტებს ეძებდა. ლინდამ ჩესს უთხრა, თუ ვინმესთან კონტრაქტის დადებას აპირებ, ეს აუცილებლად ჯიმი ჰენდრიქსი უნდა იყოსო და მის ლაივზე დასწრება ურჩია. კლუბში მისული ჩესი ჰენდრიქსის საშემსრულებლო ოსტატობით გაოცებული დარჩა. ის მიხვდა, რომ ჯიმის ბრიტანეთში ჩაყვანის შემთხვევაში, მისთვის იქ სახელის მოხვეჭას და სამშობლოში ვარსკვლავად დაბრუნებას შეძლებდა. დასრულდა თუ არა კონცერტი, ჩესი ჰენდრიქსთან მიიჭრა და კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. მრავალწლიანმა თავდაუზოგავმა შრომამ, როგორც იქნა, შედეგი გამოიღო. ჩენდლერის შემოთავაზებას ჯიმი ისე დათანხმდა, რომ მათ ანაზღაურებაზე საუბარიც კი არ ჰქონიათ. ახალგაზრდა გიტარისტს სრულიად სხვა რამ აინტერესებდა. ჰენდრიქსმა ჩესს სთხოვა, მისთვის ჯეფ ბეკი და ერიკ კლეპტონი გაეცნო. და აი, 1966 წლის 24 სექტემბერს ჯიმი გიტარისა და ნასესხები 40 დოლარის ამარა აეროპორტში იდგა და ლონდონში გასაფრენად ემზადებოდა.

1960-იანი წლების ბრიტანულ შოუბიზნესს მკაცრი იერარქიულობა ახასიათებდა. თავში The Beatles და Тhe Rolling Stones იყვნენ მოქცეული, The Who ყველაზე კარგ შოუებს დგამდა, ხოლო Cream ყველაზე მოდურ ჯგუფად მიიჩნეოდა. ერიკ კლეპტონი გიტარის ღმერთის ტიტულს ატარებდა და მას კონკურენციას მხოლოდ ჯეფ ბეკი უწევდა, ჯინჯერ ბეიკერი და კით მუნი კი დასარტყამი ინსტრუმენტების შეშლილი ჯადოქრები იყვნენ. ჩეს ჩენდლერი გრძნობდა, რომ ჯიმი ჰენდრიქსის სახით ისეთ საიდუმლო იარაღს ფლობდა, რომელსაც ამ იერარქიის თავდაყირა დაყენება შეეძლო.

ლონდონში ჩასვლისთანავე ჯიმი ადგილობრივ სცენას გაეცნო. ჩენდლერს ის ყველგან თან ახლდა: The Who-ს ჩამწერ სტუდიაში, ღამის კლუბებსა თუ მუსიკოსების საყვარელ ბარებში. ჰენდრიქსი ყველას გაცნობას და კავშირების გაბმას ცდილობდა. თანამოსაუბრეებს ის თავს სიმორცხვით, უჩვეულო ზრდილობითა და მსუბუქი, უწყინარი ფლირტით ამახსოვრებდა. პარალელურად, საკუთარ ჯგუფთან თუ მასპინძელ არტისტებთან ერთად კლუბებში, სტუდიებსა და სარეპეტიციოებში უკრავდა და დამსწრეები აღფრთოვანებაში მოჰყავდა. ნოემბერში კი ჩენდლერმა ჯიმის კლუბში The Bag O'Nails კონცერტი დაუჯავშნა და მასზე ქალაქში მყოფი ყველა დიდი მუსიკოსი მოიწვია. ჰენდრიქსის გამოსვლას პოლ მაკკარტნი, მიკ ჯაგერი, კით რიჩარდსი, ბრაიან ჯონსი, ჯეფ ბეკი, ერიკ ბარდონი, ჯონ მეიოლი და The Who-ს მთელი შემადგენლობა ესწრებოდა. ახალგაზრდა მუსიკოსებით გადაჭედილი სივრცე ყოველთვის ხმაურიანი ადგილი იყო, სადაც ადამიანებს ერთმანეთის ხმა რომ გაეგოთ, ყვირილით უნდა ესაუბრათ. ვოკალისტი ტერი რიდი იხსენებდა, რომ, როცა ჰენდრიქსი დაკვრას მორჩა, დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ნანახითა და მოსმენილით ყველა განცვიფრებული იყო, არავინ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ერთ-ერთი პირველი ჯეფ ბეკი გამოერკვა, ჯიმისთან გასაცნობად მივიდა და გაკვირვებისგან ყურებს არ დაუჯერა, როცა გაიგო, რომ ის მის შემოქმედებაში კარგად ერკვეოდა. ჯონ მეიოლის თქმით კი, ჰენდრიქსის შესახებ ბრიტანელებს ადრეც გაეგოთ და მის გამოსვლასაც სულმოუთქმელად ელოდებოდნენ, თუმცა ნანახმა მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ჯიმი ჰენდრიქსი და მისი ჯგუფი The Experience: მიჩ მიჩელი და ნოელ რედინგი. ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, 1966 წ. 

ასე რომ, როცა ამ კონცერტამდე ერთი თვით ადრე, 1966 წლის 1-ლ ოქტომბერს, ჩეს ჩენდლერი ლონდონის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში "ქრიმთან" მივიდა და მუსიკოსებს ჰენდრიქსთან ერთად დაკვრა შესთავაზა, მის წევრებს ჯიმის შესახებ უკვე სმენოდათ, თუმცა მისი შესრულება მოსმენილი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ. კლეპტონი და ბრუსი მაშინვე დათანხმდნენ, მაგრამ ბეიკერს სცენაზე უცხო ადამიანი არ სჭირდებოდა. საბოლოოდ, საკითხი ხმათა უმრავლესობით გადაწყდა. ჰენდრიქსმა თავისი გიტარა ბრუსის ბასის გამაძლიერებელში შეაერთა და იკითხა, რის დაკვრას აპირებდნენ. "ქრიმი" საღამოს გახსნას ჰაულინ ვულფის კომპოზიციით, Killin' Floor გეგმავდა.

ჰაულინ ვულფი ჩესტერ არტურ ბარნეტის სასცენო სახელი იყო. მისისიპიში დაბადებულმა არტისტმა კარიერა ჩიკაგოში აიწყო და ბლუზის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურადაც იქცა. Killin’ Floor მან 1964 წელს ჩაწერა და გამოცდილმა მსმენელებმაც ის მაშინვე სკიპ ჯეიმსის კომპოზიციასთან Hard Time Killin' Floor Blues დააკავშირეს. მუსიკის კრიტიკოსების ნაწილს მიაჩნდა, რომ ვულფი დეპრესიის შესახებ მღეროდა, ნაწილს კი ეს სიტყვათა შეთანხმება სასაკლაოების სისხლიან იატაკს ახსენებდა. მისისიპის დელტიდან ჩრდილოეთით, სარჩოს საძიებლად წასული აფროამერიკელებისთვის ხომ ეს ჩვეული სამუშაო იყო. თუმცა, სინამდვილეში სიმღერის ინსპირაცია სრულიად სხვა რამ გახლდათ.

გიტარისტი ჰიუბერტ სამლინი იხსენებდა, რომ ვულფი დიდი მექალთანე გახლდათ და ერთდროულად რამდენიმე ქალთან ჰქონდა რომანი. ერთ-ერთი მათგანმა, ჰელენმა ტურნედან ახლად ჩამოსული ბლუზმენი ვახშმისთვის სურსათის შესაძენად ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზიაში გაგზავნა, მის არყოფნაში კი ბენდის სამოგზაურო ავტობუსში შეიპარა და საგულდაგულო ჩხრეკის შემდეგ იქ ქალის საცვლები აღმოაჩინა. ეჭვიანი შეყვარებული სახლში მიბრუნდა და მაღაზიიდან მომავალ ვულფს მეორე სართულის ფანჯრიდან სანადირო თოფი ესროლა. მუსიკოსი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. ამბობდნენ, რომ ექიმები მისი სხეულიდან საფანტის მარცვლებს მთელი კვირის განმავლობაში იღებდნენ. სწორედ ამ ამბის შესახებ დაიწერა ეს კომპოზიცია და მისი ტექსტიც პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. 

ჰაულინ ვულფი და ჰიუბერტ სამლინი, 1961 წ.

ერიკ კლეპტონს ვულფის კოპოზიცია სირთულის გამო დიდად არ მოსწონდა და კონცერტზე მის დასაკრავად გულმოდგინედ ვარჯიშობდა. აი, ჰენდრიქსს კი კერტის ნაითის ჯგუფთან ერთად ის უკვე არაერთხელ ჰქონდა შესრულებული. მეტიც, 1965 წლის 26 დეკემბერს ნიუ ჯერსიში მდებარე კლუბში George's 20 გამოსვლისას მუსიკოსებმა Killin’ Floor-ის ჩაწერაც კი მოასწრეს. 

ჯიმიმ სიმღერის შესრულება მის ნორმალურ რიტმთან შედარებით სამჯერ უფრო სწრაფად დაიწყო და "ქრიმის" დანარჩენი წევრებიც მას აჰყვნენ. ყველა უკრავდა, კლეპტონის გარდა, რომელიც მის თვალწინ გათამაშებულ სცენას გაოგნებული უყურებდა. ჩეს ჩენდლერი იხსენებს, რომ ერიკს გიტარიდან ხელები უბრალოდ ჩამოუვარდა. ის ჯიმის თვალს ვერ აშორებდა. ცაცია ჰენდრიქსმა ყველა დასწავლილი ილეთი გამოიყენა: გიტარა ზურგს უკან გადაიგდო, ფეხებს შორის გაიტარა, უკუღმა დაიჭირა და ზედ კბილებითაც დაუკრა. ამ დროს ის იმდენად ლაღი და თავისუფალი იყო, რომ კლეპტონმა მეტს ვეღარ გაუძლო, ინსტრუმენტი გამაძლიერებლიდან გამოაძრო და სცენიდან გავარდა.

ჯეკ ბრუსი აღნიშნავდა, რომ ჯიმი ნამდვილი სტიქიური მოვლენა იყო და მასთან შედარებით ერიკი უბრალოდ გიტარაზე უკრავდა, მეტი არაფერი. კულისებში შესულ ჩენდლერს კლეპტონი აკანკალებული დახვდა. ამაოდ ცდილობდა, სიგარეტისთვის ცეცხლი მოკიდებინაო, იხსენებდა ჩესი. შენ არ გითქვამს, რომ ის ასეთი კარგია, ეს სიტყვები წარმოთქვა და ალბათ, მიხვდა კიდეც, რომ იმ მომენტიდან საუკეთესო გიტარისტი აღარ იყო. ამას დარბაზში მყოფი თითოეული მსმენელიც ნათლად იაზრებდა. გიტარის ღმერთი მათ თვალწინ სამსხვერპლო ზვარაკივით დაკლეს. დიდება ახალ ღმერთს!

ჯიმი ჰენდრიქსი და ერიკ კლეპტონი, 1967 წ.

დიდ ბრიტანეთში ჯიმი ჰენდრიქსის ნიჭი მთელი ბრწყინვალებით გაიშალა. მისმა გამოჩენამ მსოფლიო მუსიკის სცენა თავდაყირა დააყენა და როკი სამუდამოდ შეცვალა. ჰენდრიქსის ხელში ელექტროგიტარა 60-იანი წლების კონტრკულტურული მოძრაობის მჭექარე ხმად იქცა. მისი თვალისმომჭრელი არტისტიზმისა თუ წარმოუდგენელი საშემსრულებლო ტექნიკის მიღმა კი მუსიკის ღრმა ცოდნა და დაუღალავი შრომა იმალებოდა. და ეს ყოველივე იმის ფონზე, რომ თავად ნოტების კითხვა არ შეეძლო და არც ფორმალური მუსიკალური განათლება მიუღია.

The Who-ს დესტრუქციული გიტარისტი, პიტ თაუნსენდი როკის ისტორიას კონცერტებზე საკუთარი ინსტრუმენტების მსხვრევითა და ეგზალტირებული მსმენელის შოკირებით წერდა, თუმცა, როცა ჯიმი ჰენდრიქსმა თავის გიტარას ცეცხლი წაუკიდა, გაოცებისგან რა უნდა ექნა, არ იცოდა. მონტერეის ფესტივალზე ჯიმის ლეგენდარული გამოსვლიდან რამდენიმე დღეში თაუნსენდი მას აეროპორტში შეხვდა და სამახსოვროდ გიტარის ნამტვრევი სთხოვა. ჰენდრიქსმა მას დამცინავი ღიმილით შეავლო თვალი: "ჰო არა? ხელიც ხომ არ მოგიწერო?"


ეპილოგი

1970 წლის 17 სექტემბერს ერიკ კლეპტონი ერთ-ერთ მაღაზიაში სპეციალურად ცაციებისთვის დამზადებული გიტარა შენიშნა. ასეთ რამეს მრავლისმნახველი მუსიკოსი პირველად წააწყდა და მას წუთიც არ უფიქრია, ინსტრუმენტი ისე შეიძინა. საღამოს ერიკი ჯიმი ჰენდრიქსთან შეხვედრას და მისთვის გიტარის ჩუქებას გეგმავდა. ის იხსენებს, რომ იმ ღამეს ჯიმის ნახვა ვერ მოახერხა და ყუთში ჩადებული საჩუქარიც მეორე დღისთვის შეინახა. თუმცა, 1970 წლის 18 სექტემბრის დილას ჯიმი ჰენდრიქსი უკვე ცოცხალი აღარ იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული