Thumbnail

ჯეი ზიმ პლატფორმა Tidal-ის წილი გაყიდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მობილური გადახდების კომპანია Square, რომელსაც სოციალურ ქსელ ტვიტერის თანადამფუძნებელი, ჯეკ დორსი მართავს, გავლენიანი ბრუკლინელი ემსის, ჯეი ზის მუსიკალური პლატფორმის მსხვილი მეწილე გახდა. მან სტრიმინგ სერვისის აქციების უდიდესი ნაწილი 297 მილიონ დოლარად შეიძინა. გარიგების თანახმად, რეპერმა თანხასთან ერთად Square-ის ბორდის წევრობა მიიღო. ამასთან, შეთანხმების მიხედვით, ვარსკვლავებს: ბიონსეს, მადონასა და რიანას კომპანიის თანამფლობელობა შეუნარჩუნდათ.

Nas: ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჯეი ზისთან მქონდა დაპირისპირება

Megan Thee Stallion საუბრობს, რა რჩევებს აძლევენ მას ბიონსე და Jay-Z

"რატომ უნდა გაერთიანდნენ მუსიკის სტრიმინგ სერვისი და ფინანსური მომსახურების კომპანია? მიზეზი მარტივია: მოძებნო ახალი გზები არტისტების დასახმარებლად. იდეები სხვადასხვა სფეროს გადაკვეთისას ჩნდება. ეს გზაჯვარედინი მუსიკასა და ეკონომიკას შორის ძალიან მყარია", - დაწერა დორსიმ ტვიტერზე.

აღსანიშნავია, რომ ჯეიზიმ კიდევ ერთი კომპანია, შამპანურის მწარმოებელი Ace of Spades მოდის კონგლომერატ LVMH-ს მიჰყიდა. შეთანხმების დეტალები არ გასაჯაროებულა, თუმცა, ბრენდი ბიზნესჟურნალმა Forbes 650 მილიონ ამერიკულ დოლარად შეაფასა.

"თაიდალი" მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 70 მილიონ კომპოზიციასა და 250 000 ვიდეორგოლს სთავაზობს, თუმცა, ბაზარზე დომინაციას Spotify, Apple Music და Amazon Music ინარჩუნებენ. გასულ თვეში "სპოტიფაიმ" თავის პლატფორმას კომპოზიციის უმაღლესი ხარისხით ჩართვის ფუნქციაც დაამატა, რითიც "თაიდალთან" კონკურენციაში შევიდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ჯეი ზიმ "სპოტიფაიდან" საკუთარი შემოქმედება წაშალა, თუმცა, 2019 წელს, თავის 50-ე დაბადების დღეზე, ნამუშევრები პოპულარულ სტრიმინგ სერვისზე დააბრუნა.

22 გრემის მფლობელმა ჯეი ზიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ჩანაწერი Reasonable Doubt, რომელიც გაყიდვაში 1996 წელს ჩაეშვა, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მუსიკალურმა გამოცემამ Rolling Stone ნამუშევარი ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს შონ კარტერის ქონებამ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. შედეგად, ის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რეპერად ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული