Thumbnail

Spotify-მ პლატფორმიდან ათასობით კეიპოპ სიმღერა წაშალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა მუსიკალურმა პლატფორმამ Spotify სამხრეთ კორეის საზღვრების მიღმა ათასობით კეიპოპ კომპოზიცია წაშალა, მათ შორის აღმოჩნდა ისეთი არტისტების ნამუშევრები, როგორებიც არიან: Sistar, Monsta X, Epik High, IU და სხვები. როგორც გაირკვა, "სპოტიფაიმ" კომპანია Kakao M-თან, რომელიც კორეელი მუსიკოსების ნაწილის ჩანაწერებზე ლიცენზიებს ფლობს, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.

"ლიცენზიის გახანგრძლივების თაობაზე Kakao M-თან ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკებები, რათა კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფ არტისტებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, მათთვის მსოფლიოს თითქმის 170 ქვეყნის 345 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოესმინა. ჩვენი დიდი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და იძულებული ვართ, მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამ მუსიკოსების ნამუშევრები სამხრეთ კორეის საზღვრებს მიღმა წავშალოთ. ძალიან ვწუხვართ თავად არტისტებისა და მათი მსმენელების გამო. იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემის მოგვარებას მალე მოვახერხებთ. განვაგრძობთ მუშაობას", - ამბობს Spotify-ს წარმომადგენელი.

Kakao M-ის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ "სპოტიფაიმ" თავად განაცხადა ლიცენზიის ვადის გახანგრძლივებაზე უარი. აღსანიშნავია, რომ კორეული კომპანია ფლობს სტრიმინგ სერვის Melon-ს - შეთანხმება, სავარაუდოდ, სწორედ კონკურენციის გამო ვერ შედგა. აღსანიშნავია, რომ "სპოტიფაი" სამხრეთ კორეაში ოფიციალურად მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან შევიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული