Thumbnail

უკანასკნელი სიმღერა, რომელიც კურტ კობეინმა სცენაზე შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

1994 წლის 1 მარტს ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა, Nirvana-მ გერმანიის ქალაქ მიუნხენში, Terminal Einz club-ში უკანასკნელი კონცერტი გამართა. ეს ბოლო შემთხვევა იყო, როდესაც ბენდის ფრონტმენი, კურტ კობეინი კოლექტივთან ერთად სცენაზე წარდგა. რიგით 23-ე ტრეკი, რომლითაც არტისტი საღამოზე შეკრებილებს დაემშვიდობა, Heart-Shaped Box გახლდათ. ქვემოთ მოცემულია შესრულების აუდიოჩანაწერი.

კურტ კობეინის ფავორიტი წევრი The Beatles-იდან

იმ პერიოდში კურტი მენტალურად თავს კარგად არ გრძნობდა და სურდა, რომ მეტი კონცერტი ჯგუფს აღარ ჩაეტარებინა, თავად მას ბენდი დაეტოვებინა, ცოლთან განქორწინებულიყო და განმარტოვებით ეცხოვრა. მიუნხენში გამართული უკანასკნელი ღონისძიებიდან ორი დღის თავზე მუსიკოსი სასტუმროში შამპანურისა და საძილე პრეპარატის ზედოზირებით უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ერთ თვეში მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კურტ კობეინმა მუსიკალური კარიერა 1982 წელს დაიწყო, ჯგუფი Nirvana კი 1987 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივს მსოფლიო აღიარება 1991 წლის ალბომმა Nevermind და მასში შესულმა სინგლმა Smells Like Teen Spirit მოუტანა. 1994 წლის 5 აპრილს დეპრესიაში მყოფმა არტისტმა საკუთარ სახლში მოიკლა თავი, რის შემდეგაც "ნირვანას" მოღვაწეობა აღარ გაუგრძელებია.

გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ნამუშევრის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული