Thumbnail

ტეკაში სიქსნაინს სტრიპტიზის მოცეკვავე სასამართლოში უჩივის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ტეკაში სიქსნაინი მორიგ სკანდალში ეხვევა. მაიამიში მდებარე ერთ-ერთი კლუბის Gold Rush Cabaret სტრიპტიზის მოცეკვავე, ალექსის სალაბერიოსი მას სასამართლოში უჩივის. ქალის განცხადებით, ინციდენტი მიმდინარე წლის 20 თებერვალს მოხდა, როდესაც ტეკაში მის სტრიპტიზ კლუბს სტუმრობდა. გამოცემა TMZ-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პიროვნებამ სიქსნაინს "ჩამშვები ვირთხა" უწოდა, საპასუხოდ მუსიკოსმა მისი მიმართულებით შამპანურის ბოთლი ისროლა. მოცეკვავის მტკიცებით, ის ადრესატს ასცდა და თავში სწორედ მას მოხვდა.

Tekashi 6ix9ine-მა გაამხილა, რატომ ჩამოშორდა ინსტაგრამს და მუსიკას 6 თვით

Tekashi 6ix9ine ქარდი ბის კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა

"ბოროტმოქმედია, მაგრამ გიყვართ" - ტეკაში საკუთარ თავს ჯოკერს ამსგავსებს

დაზარალებულის ადვოკატის, დევიდ თარლოუს თქმით, ქალს საავადმყოფოში გადაყვანა და თავის არეში ნაკერების დადება დასჭირდა. ინტერნეტსივრცეში მისი ფოტოც გავრცელდა.

ქალის თქმით, როდესაც ინციდენტი მოხდა, ტეკაშის ადგილი დაუყონებლივ დაატოვებინეს, კლუბის წარმომადგენლებმა კი ის გააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არ ეცნობებინა. თუმცა, დაზარალებულმა სამართალდამცველ უწყებას მაინც მიმართა. ის საჩივარის შეტანას კლუბის წინააღმდეგაც აპირებს, რადგან მის მიმართ ყურადღება არ გამოუჩენიათ და პირიქით - ფაქტის დამალვას შეეცადნენ.

ტეკაშის ადვოკატი, ლენს ლაზარო ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მისი კლიენტი აღნიშნულ ინციდენტში საერთოდ არ მონაწილეობდა. იურისტის განმარტებით, ამას დაწესებულების შიდა სამეთვალყურეო კამერებით გადაღებული მასალაც მოწმობს. ის მიიჩნევს, რომ ბრალდება რეპერის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული