Thumbnail

თებერვალი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2021 წლის თებერვალში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Wolf Alice - The Last Man On Earth

ბრიტანულმა ჯგუფმა Wolf Alice ახალი სიმღერა The Last Man On Earth და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია კოლექტივის რიგით მესამე ალბომში Blue Weekend იქნება წარმოდგენილი, რომელიც 4-წლიანი პაუზის შემდეგ, 11 ივნისს გამოიცემა.

9. Freddie Gibbs - Winter in America

ცნობილმა ინდიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ფრედი გიბსმა ახალი ნამუშევარი Winter In America გაავრცელა. კომპოზიცია ლეგენდარული პოეტისა და მუსიკოსის, ჯილ სკოტ-ჰერონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩანაწერის ქავერია. ის კომპილაციურ ჩანაწერში Black History Always - Music for the Movement Vol. 2 შევიდა, რომელიც გაყიდვაში 26 თებერვალს ჩაეშვა.

8. Yelawolf x Caskey - Been A Problem

ალაბამელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაიკლ ათამ, ფსევდონიმით Yelawolf, ახალი კომპოზიცია Been A Problem და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ქანთრი რეპერის ჩანაწერში მისი ფლორიდელი კოლეგა Caskey მონაწილეობს. ნამუშევრის პროდიუსერი კი სწორედ ქესქისთან თანამშრომლობით სახელგანთქმული Taysty გახლავთ.

7. Cassandra Jenkins - Ambiguous Norway

ამერიკელმა მუსიკოსმა, კასანდრა ჯენკინსმა ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი სიმღერა Ambiguous Norway გაავრცელა. კომპოზიცია შემსრულებლის რიგით მეორე ალბომში An Overview on Phenomenal Nature შევიდა, რომელიც 19 თებერვალს გამოიცა.

6. Rakim - Black Messiah

ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, უილიამ მაიკლ გრიფინ უმცროსმა, ფსევდონიმით Rakim, ახალი კომპოზიცია Black Messiah გაავრცელა. ჩანაწერი ფილმისთვის Judas and the Black Messiah შეიქმნა და ის შემსრულებელმა მე-20 საუკუნეში მოღვაწე აქტივისტს, მემარცხენე-რადიკალური პოლიტიკური მოძრაობა "შავი პანტერების" ერთ-ერთ ლიდერს, ფრედ ჰემფთონს მიუძღვნა.

5. Creams - Sleep On Me

ნათია ჭიჭინაძემ, ფსევდონიმით Creams, ახალი სიმღერა Sleep On Me და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია მუსიკოსის ამავე სახელწოდების სადებიუტო EP-ში შევიდა, რომელიც 3 თებერვალს გამოიცა. აღსანიშნავია, რომ არტისტმა სტუდიური ჩანაწერი ცნობილ ბრიტანულ ლეიბლზე AWAL გამოაქვეყნა.

4. J.I.D - Skegee

ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, დესთინ რუთმა, ფსევდონიმით J.I.D, ახალი კომპოზიცია Skegee და მასზე გადაღებული შავ-თეთრი კლიპი გაავრცელა. ჩანაწერის პროდიუსერი Christo გახლავთ.

3. Melqo - მე პასუხად ვმღეროდი

მუსიკოსმა დავით მანჩხაშვილმა, სასცენო სახელით Melqo, ახალი კომპოზიცია "მე პასუხად ვმღეროდი" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ეს რიგით მეორე ტრეკია, რომელიც არტისტმა მიმდინარე წელს გამოაქვეყნა.

2. Nick Cave & Warren Ellis - White Elephant

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ნიკ ქეივმა და მისი ჯგუფის Nick Cave and the Bad Seeds წევრმა, უორენ ელისმა ახალი სიმღერა White Elephant გაავრცელეს. კომპოზიცია მათ ერთობლივ სტუდიურ ალბომში Carnage შევიდა, რომელიც გაყიდვაში 25 თებერვალს ჩაეშვა.

1. Black Country, New Road - Opus

ბრიტანულმა ჯგუფმა Black Country, New Road ახალი კომპოზიცია Opus გაავრცელა. ჩანაწერი ბენდის სადებიუტო სტუდიურ ალბომში For the First Time შევიდა, რომელიც 5 თებერვალს გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული