Thumbnail

გატაცებული ძაღლები ლედი გაგას უცნობმა ქალმა დაუბრუნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ლედი გაგას ორი ფრანგული ბულდოგი, კოჯი და გუსტავი, რომლებიც გასულ კვირას შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა გაიტაცეს, მუსიკოსს უვნებლად დაუბრუნეს. როგორც Associated Press წერს, ისინი უცნობმა ქალმა იპოვა და ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში მიიყვანა. მას შემდეგ, რაც გაგას წარმომადგენლებმა ძაღლები იცნეს, ისინი მომღერლის სახლში წაიყვანეს. დეტექტივების ინფორმაციით, ქალს დანაშაულთან კავშირი არ ჰქონია, თუმცა, უცნობია, რა ვითარებაში აღმოჩნდნენ ცხოველები მასთან.

ლედი გაგა: თეთრკანიანებს ჩაგვინერგეს, რომ ჩვენ კი არა, სხვებს სჭირდებათ გამოსწორება

ლედი გაგა: ჩემი ყველაზე დიდი მტერი ლედი გაგა იყო

რაც შეეხება გაგას ძაღლების მომვლელს, რაიან ფიშერს, რომელიც თავდასხმის დროს დაჭრეს, ექიმები მის სრულ გამოჯანმრთელებას პროგნოზირებენ. როგორც ცნობილია, მომღერალს საყვარელი შინაური ცხოველების დაბრუნების სანაცვლოდ ჯილდოდ ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი ჰქონდა დაწესებული. მან მომხდარზე პირველი კომენტარი ტვიტერის საშუალებით გააკეთა და აღნიშნა, რომ ფიშერი გმირულად მოიქცა, როდესაც ბოროტმოქმედებისგან ძაღლების დაცვას შეეცადა.

"თუ ისინი იყიდეთ ან იპოვეთ, ჯილდო იმავე რაოდენობისაა. რაიან ფიშერ, შენი სიცოცხლე ჩაიგდე საფრთხეში ჩვენი ოჯახის დასაცავად. მიყვარხარ და სამუდამო გმირად დარჩები", - მიმართა მან რაიანს.

სამეთვალყურეო კამერის მიერ გადაღებული კადრები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ცდილობს ფიშერი ბოროტმოქმედებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა.

"არა, არა. მიშველეთ", - ყვიროდა ის.

შემთხვევა 24 თებერვალს, ჰოლივუდის დასახლებაში მოხდა - ადგილობრივი დროით 22:00 საათზე, როცა ფიშერი მომღერლის სამ ძაღლთან ერთად სიერა ბონიტას ქუჩაზე გადაადგილდებოდა. მესამე ბულდოგმა, აზიამ გაქცევა მოახერხა, ის იმავე ღამეს იპოვა პოლიციამ. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.

პოლიცია ლედი გაგას ბულდოგის, აზიას პოვნის შემდეგ

ლედი გაგა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იტალიაში, რომში იმყოფება რეჟისორ რიდლი სკოტის ფილმის Gucci გადაღებებზე.

11 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული