Thumbnail

რატომ შემცირდა ბრიტნი სპირსის ქონება 60 მილიონამდე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბიზნესჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, 2021 წელს ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის პირადი კაპიტალი 60 მილიონ დოლარს შეადგენს. გამოცემა დაინტერესდა, რატომ არის მომღერლის ქონება ასეთი მცირე მისი წარმატებული კარიერის გათვალისწინებით.

ჯასტინ ტიმბერლეიკი ბრიტნი სპირსს და ჯენეტ ჯექსონს ბოდიშს უხდის

ნახეთ: სახლი, რომელშიც ბრიტნი სპირსი გაიზარდა

2000-იანი წლების დასაწყისში ბრიტნის ნამუშევრები ბილბორდის ჩარტების სათავეში ხვდებოდა და გრემის ნომინაციებს იღებდა, ალბომებისა და მსოფლიო ტურნეების ბილეთების გაყიდვებით კი ის ათობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. მხოლოდ ლას ვეგასის რეზიდენტობით მან 130 მილიონი შემოსავალი მიიღო. "ფორბსი" სვამს კითხვას - რატომ შეადგენს სპირსის პირადი კაპიტალი მხოლოდ $60 მილიონს, როცა, მისივე თაობის სხვა შემსრულებლების შემთხვევაში, ეს თანხა 100 მილიონ დოლარს აღემატება? გამოცემას მაგალითად მოჰყავს ჯესიკა სიმფსონი და ჯენიფერ ლოპესი, რომელთა ქონებაც წელს 110 და 150 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

"ბრიტნი სპირსი უფრო მაღალშემოსავლიანი და გავლენიანი იყო, ვიდრე ჯენიფერი და ჯესიკა. დღესაც კი შეუძლია, თქვას, რომ მეტი ალბომი და კონცერტის ბილეთი აქვს გაყიდული, ვიდრე დანარჩენებს. მაგრამ როცა საქმე ეხება პირად კაპიტალს, სიმფსონსა და ლოპესს მასზე მეტი სიმდიდრე აქვთ დაგროვებული", - აღნიშნავს "ფორბსი".

გამოცემა CheatSheet კი ხაზს უსვამს, რომ ბრიტნი არც ისე ბევრს ხარჯავს საიმისოდ, რომ ეს მის სახსრებს ასე დასტყობოდა. მუსიკოსი არც ძვირადღირებული ბრენდების მომხმარებელია, არც ავტომობილების კოლექციას აგროვებს, არც ხშირი მოგზაურობით გამოირჩევა და პლასტიკურ ქირურგიასაც არ მიმართავს.

"ის არ არის უთავბოლო მხარჯველი. მაშინ რაშია მიზეზი, რომ 2021 წელს მისი კაპიტალი არ გაზრდილა? მისი ვაჟები არ არიან ამის მიზეზი - ბრიტნი თავის ყოფილ ქმარს, კევინ ფედერლაინს, რომელიც მათი საერთო შვილების მეურვეა, ყოველთვიურად $20 000-ს ურიცხავს. ბიჭებისთვის ძირითადად Nike-ის, Dicks Sporting Goods-ის და Adidas-ის სპორტულ ტანსაცმელს ყიდულობს. რაც არ უნდა იყოს, შოპინგში იმაზე მეტი თანხა არ ეხარჯება, რასაც პირადი მცველებს უხდის", - წერს გამოცემა.

როგორც აღმოჩნდა, ბრიტნი მილიონობით დოლარს რიცხავს იურისტების მომსახურებაში. არტისტმა, რომელსაც 2007 წელს, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება ჩამოერთვა, მეტი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, სასამართლოს მიმართა მამამისის წინააღმდეგ, რომელიც უკვე მეცამეტე წელია, მისი მეურვეა. როგორც ბრიტნის ადვოკატები ამბობენ, მანამ მისი მეურვე ჯეიმია, მუსიკოსი უარს აცხადებს კარიერის გაგრძელებასა და სარეკლამო რგოლებში მონაწილეობაზე.

ბრიტნი სპირსის შეყვარებული: ბრიტნის მამა მუდმივად დაბრკოლებებს გვიქმნის

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მითხრა, რომ მამამისის ეშინია. ბრიტნი სცენას არ დაუბრუნდება, თუ მის კარიერას ისევ ჯეიმი სპირსი გააკონტროლებს", - მიმართა გასულ წელს მისმა ადვოკატმა, სემ ინგჰემმა მოსამართლე ბრენდა პენის.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ სასამართლომ ბრიტნის ფინანსების განკარგვის უფლებამოსილება დამოუკიდებელ კომპანია Bessemer Trust-საც მიანიჭა. ამ ნაწილში ის მეურვეობას მამასთან, ჯეიმი სპირსთან ინაწილებს.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული