Thumbnail

ბილი აილიშმა ყოფილი შეყვარებულის ვინაობა და მასთან ურთიერთობის დეტალები გაამჟღავნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პლატფორმა Apple TV+-ზე პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბილი აილიშის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის The World’s A Little Blurry პრემიერა შედგა. ემის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი რეჟისორის, არ ჯეი ქათლერის ორსაათნახევრიანი ნამუშევარი, 19 წლის არტისტის კარიერის საწყის და ამჟამინდელ წარმატებულ პერიოდთან ერთად, მისი პირადი ურთიერთობების შესახებაც მოგვითხრობს. როგორც ნამუშევრიდან ირკვევა, გოგონას ლოს ანჯელესელ რეპერ ბრენდონ ადამსთან, იგივე 7:AMP-სთან ჰქონდა გასაიდუმლოებული სასიყვარულო ურთიერთობა. თავად ბილი მას კადრებში მეტსახელით Q მოიხსენიებს.

ნახეთ: ბილი აილიშმა ტანსაცმლის კოლექცია The World's a Little Blurry გამოუშვა

ბილი აილიში: არ მყავს შეყვარებული და ბედნიერი ვარ

ფილმში აილიშის ცხოვრება 2016 წელს, სადებიუტო კომპოზიციის Ocean Eyes გავრცელებიდან, 2020 წლის გრემის დაჯილდოებამდე არის აღწერილი. რეპერი პირველად ეკრანებზე 2018 წლის ბოლოს გადაღებულ კადრებში ჩნდება აილიშის გვერდით. ამ დროს გოგონა 16 წლის იყო.

ამის შემდეგ კი ჩანს, როგორ აღნიშნა წყვილმა 2018 წლის 18 დეკემბერს ბილის 17 წლის იუბილე საციგურაო მოედანზე.

2019 წელს პარიზში გამართული კონცერტის კულისებში კი ბილი უკვე ბრენდონის გარეშეა და ერთობლივ ფოტოსურათებს ათვალიერებს სმარტფონში დამალულ ფოლდერში.

კადრებში მუსიკოსი აგრეთვე ამბობს, რომ ვალენტინობის დღეს თავს მარტოსულად და უბედურად გრძნობდა.

"Q-ს სულ არაფერი გაუკეთებია?", - ეკითხება მას სტაფის წევრი.

ბილი კი პასუხობს:

"მისგან არაფერი მიმიღია. ერთი დღით ადრე ვესაუბრე, ძალიან უცნაური და გაუცხოებული ჩანდა. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ აპირებდა წასვლას. ვუთხარი, კარგად გაერთე, ჩემზე არ ინერვიულო, თავს ცუდად ვგრძნობ, მენატრები და მინდა, რომ მესაუბრო, სხვა დამლაპარაკებელი არ მყავს-მეთქი".

ბილი აილიში: ჩემს შეყვარებულებს არაფერი გაუკეთებიათ, რომ თავი სასურველად მეგრძნო

ორი თვის შემდეგ რეპერი მას კოაჩელაზე პერფორმანსის წინ გასახდელ ოთახში ესტუმრა.

"ვუთხარი, ბილეთებს გიშოვი, მაგრამ იმ პირობით, რომ დროს ჩემთან ერთად გაატარებ - უნდა მნახო, თუ უფასოდ შემოსვლის საშუალებას მოგცემ-მეთქი. ორ დღეზე მეტია, არ მინახავს", - ეუბნება გოგონა თავის ძმას და მუსიკალურ პარტნიორს, ფინიას ო’კონელს.

როგორც გამოცემა Insider წერს, ფილმში ასევე მოხვდა კადრი, როცა შოუს დასრულების შემდეგ გოგონა ბრენდონს ურეკავს და ეკითხება, მის სანახავად მივა თუ არა, ის კი პასუხობს, რომ "შეეცდება". საუბრის შემდეგ გაღიზიანებული ბილი ტელეფონს ძირს აგდებს.

დოკუმენტურ სურათში ნაჩვენებია, როგორ უყვება ბილი ბავშვობის მეგობარს, ზოის, რომ ადამსმა კედელს დაარტყა ხელი და მოიტეხა.

"ვცდილობ, ექიმთან მისვლაზე დავითანხმო. ის ისეთი თვითდესტრუქციულია", - ამბობს შემსრულებელი.

2019 წლის ივნისით დათარიღებულ სცენაში კი ბილი უკვე იმაზე საუბრობს, რომ შეყვარებულს დაშორდა.

"ბედნიერი არ ვიყავი. არ მგონია, რომ იმ ურთიერთობაში უნდა იყო, როცა ისეთი რაღაცები, რაც ერთ მხარეს აღაფრთოვანებს, მეორეს დიდად არ ადარდებს. მე მას პირდაპირ ვუთხარი - შენ საკუთარი თავის სიყვარულიც კი არ შეგიძლია, მე როგორ უნდა გიყვარდე და არც გიყვარვარ, უბრალოდ, ასე გგონია-მეთქი. მე კი ის მართლა მიყვარს და ეს საქმეს ართულებს", - ამბობს არტისტი.

ამის შემდეგ ნაჩვენებია კადრი, როცა აილიშმა სიმღერის I Love You შესრულებისას ნიუ იორკში გამართულ კონცერტზე იტირა.

ადამმა რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამის გვერდი გააუქმა. მას იქ ბილისთან ერთად გადაღებული არაერთი ფოტო ედო. თუმცა, იუთუბზე მათი ერთობლივი სთორები მაინც შემონახულია.

აღსანიშნავია, რომ აილიში მისი 2019 წლის თებერვალში გავრცელებული ალბომის Bleaupro გარეკანზეც არის გამოსახული.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული