Thumbnail

სტივი უანდერი განმარტავს, რატომ აპირებს აშშ-დან განაში საცხოვრებლად გადასვლას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, სტივი უანდერმა ცნობილ წამყვანთან, ოპრა უინფრისთან ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც 70 წლის არტისტმა გაამხილა, დასავლეთ აფრიკაში, კერძოდ კი განაში აპირებს სამუდამოდ საცხოვრებლად გადასვლას.

მოუსმინეთ: სტივი უანდერმა კომპოზიცია Where Is Our Love Song გაავრცელა

"მსურს, ჩვენი ერი კვლავ გაღიმებული ვნახო. არ მინდა, ჩემს შვილთაშვილებს მოუხდეთ თქმა - "გთხოვთ, რომ მოგწონდეთ; გთხოვთ, პატივი მეცით; გთხოვთ, იცოდეთ, რომ მნიშვნელოვანი ვარ; გთხოვთ, დამაფასეთ. აბა, ეს რა ცხოვრებაა? მინდა, ეს მანამ მოხდეს, სანამ განაში გავემგზავრები - აქაურობის დატოვებას ვგეგმავ. სამუდამოდ იქ ვაპირებ ცხოვრებას", - ამბობს მუსიკოსი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მომღერალი განაში საცხოვრებლად გადასვლაზე საუბრობს. როგორც 1994 წელს მან განაცხადა, ამ ქვეყანაში უფრო იგრძნობა საზოგადოების ერთიანობა, ვიდრე ამერიკაში.

აღსანიშნავია, რომ არტისტი ხშირად გამოდის რასობრივ უთანასწორობის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მუსიკოსმა ვიდეომიმართვა The Universe is Watching Us (მთელი სამყარო გვაკვირდება) გაავრცელა, რომელშიც აფროამერიკელებთან მიმართებით თეთრი სახლის პოლიტიკა გააკრიტიკა.

"როგორ უნდა ვიზეიმო 19 ივნისი - მონობის დასრულების დღე, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით? 18 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მარტინ ლუთერ კინგის დაბადების თარიღი ეროვნულ დღესასწაულად და უქმე დღედ გვექცია. ოდესმე სიძულვილს არას ვეტყვით? თუ ცხოვრება მთავრდება, მაშინ სხვა ყველაფერსაც შეიძლება, ჰქონდეს დასასრული. სისტემური რასიზმი, შავკანიანებზე ძალადობა და ეკონომიკური უთანასწორობაც უნდა შეწყდეს. აუცილებელია მოქმედება და ცვლილებები. ყველა წადით არჩევნებზე და მიეცით ხმა. მომავალი სწორედ თქვენს ხელშია. მოძრაობამ Black Lives Matter ეს საზიზღრობა, რაც ახლა ხდება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაამთავროს. დონალდ ტრამპს მინდა, მივმართო: სამწუხაროა, რომ მე შემიძლია, უკეთ დავინახო, რაც ხდება, ვიდრე შენ. სამყარო ჩვენ გვაკვირდება", - ამბობდა მაშინ არტისტი.

მოუსმინეთ: სტივი უანდერმა სიმღერა Can't Put It In The Hands of Fate გაავრცელა

სტივი უანდერმა შემოქმედებითი კარიერა 1961 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი The Jazz Soul of Little Stevie გაავრცელა. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტი როგორც როკ-ენ-როლის, ასევე, სონგრაითერების დიდების დარბაზის წევრია. 25 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული