Thumbnail

უნდა შეეცვალა თუ არა ჯორჯ მაიკლს ფრედი მერკური - როჯერ ტეილორის პასუხი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის დრამერი, როჯერ ტეილორი ჟურნალ Classic Rock-თან ახალ ინტერვიუში გამოეხმაურა ჭორს, რომლის თანახმადაც ის და ბრაიან მეი კოლექტივის ფრონტმენად ჯორჯ მაიკლის აყვანას აპირებდნენ, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 1992 წელს ლონდონში, უემბლის სტადიონზე ფრედი მერკურის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ კონცერტზე იმღერა, თუმცა, მაშინ მაიკლი შეთავაზებაზე არ დასთანხმდა.

ნახეთ: როჯერ ტეილორმა კომპოზიციაზე Isolation შექმნილი კლიპი გაავრცელა

"მახსოვს, ასეთი ხმები დადიოდა, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ჯორჯი ლაივ ბენდთან მუშაობას მიჩვეული არ იყო. როცა რეპეტიციის დროს გაიგონა, როგორი ძალა ტრიალებდა მის უკან, დაჯერება უჭირდა. ეგონა, ტურბორეაქტიული ძრავის მქონე თვითმფრინავში იჯდა, ან რამე ასეთი", - აღშნიშნა ტეილორმა.

როჯერმა, რომლის შეფასებითაც ჯორჯს ბრწყინვალე პერფორმანსი ჰქონდა, ასევე გაამხილა, რომ ამავე კონცერტმა კინაღამ ელტონ ჯონისა და Guns N' Roses-ის ფრონტმენის, აქსლ როუზის ერთობლივი გამოსვლის გარეშე ჩაიარა.

"მახსოვს, როგორ შეუპოვრად ვცდილობდი ელტონს აქსლთან ერთად ემღერა. ეს უკანასკნელი კი რეპეტიციებზე არ დადიოდა. წინასწარ ძნელი იყო თქმა, შედგებოდა თუ არა ეს ნომერი".

ელტონმა და აქსლმა კონცერტზე "ქუინის" ჰიტი Bohemian Rhapsody წარმოადგინეს ბრაინთან და როჯერთან ერთად. ჯორჯ მაიკლი კი კომპოზიციების Somebody to Love, 39 და These Are the Days of Our Lives შესასრულებლად გამოვიდა სცენაზე კოლექტივის წევრების გვერდით. 1993 წელს Queen-მა EP გამოუშვა სახელწოდებით Five Live, რომელშიც ჯორჯთან და ბრიტანელ არტისტ ლიზა სტენსფილდთან ერთად შესრულებული კომპოზიციები იყო თავმოყრილი. ჩანაწერმა გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში პირველ პოზიცია დაიკავა.

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის შემდეგ დიკონი ჯგუფის წევრებთან ერთად სცენაზე სულ სამჯერ გამოჩნდა. ცოტა ხანში კი განაცხადა: "აზრი არ აქვს ამის გაგრძელებას. ფრედის შეცვლა შეუძლებელია" და 1997 წელს კოლეგებს დაემშვიდობა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული