Thumbnail

რატომ ფიქრობდა ლანა დელ რეი 2011 წელს, რომ სიმღერას ვეღარ შეძლებდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ლანა დელ რეიმ ჟურნალ Mojo-სთან ინტერვიუში გაიხსენა, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც ბრიტანელი ვარსკვლავის, ემი უაინჰაუსის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. არტისტის თქმით, ემის სიკვდილმა მასზე იმდენად იმოქმედა, რომ ეგონა, სიმღერას ვეღარასდროს შეძლებდა.

ალბომის გარეკანი, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც ლანა დელ რეი გააკრიტიკეს

"იმ დღეს ჩემ შესახებ დაწერილი პირველი რეცენზია მივიღე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი აღფრთოვანების 10 წამი, შემდეგ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ემი გარდაიცვალა. ამ სიახლეს ყველა მედია აცხადებდა, მე კი ვიმეორებდი - არა, არა, არა-მეთქი. მაშინ ნამდვილად მეგონა, რომ სიმღერას ვეღარ შევძლებდი", - ამბობს შემსრულებელი.

27 წლის ემი უაინჰაუსი 2011 წლის 23 ივლისს ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღებას ემსხვერპლა. მას ლანა დელ რეი სხვადასხვა ინტერვიუში თავისი შთაგონების წყაროდ ასახელებდა. 2017 წელს დელ რეიმ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ფოტო გაავრცელა, რომელშიც ემი მანქანაში მის გვერდით ზის. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ფოტოშოპით დამუშავებული სურათი იყო, რომლის ავტორმაც, ინსტაგრამის მომხმარებელმა @tselekoglu-მ, ბრიტანულ გამოცემას Metro განუცხადა, რომ მან ეს კადრი 2013 წელს გამოაქვეყნა ისევე, როგორც მუსიკოსების სხვა ერთობლივი ფოტოები, რომლებიც ინტერნეტში იძებნება.

რაც შეეხება მუსიკალურ გეგმებს, გამოცემა Mojo-ს ლანამ გაუმხილა, რომ ქანთრი სიმღერების ქავერ ალბომზე მუშაობს.

"ჩემს ნამუშევრებს Ride და Video Games მივუბრუნდი. მათ ქანთრი ჟღერადობა აქვთ. პოპ ჩანაწერები ნამდვილად არ არის. შესაძლოა, Video Games განახლების შემდეგ პოპ კომპოზიციად იქცა, თუმცა, მასში აშკარაა ამერიკული მუსიკის ფესვები. ასე რომ, ვნახოთ, რა გამოვა", - აღნიშნა არტისტმა.

ლანა დელ რეი Mojo-ს გარეკანზე

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული