Thumbnail

რატომ არ იყვნენ ჯონ ლენონი და რინგო სტარი ჯორჯ ჰარისონის ქორწილში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის წევრმა, ჯორჯ ჰარისონმა თავის პირველ ცოლზე, მოდელ პეტი ბოიდზე 1966 წლის 21 თებერვალს იქორწინა. იმ დროისთვის "ბითლზს" უკვე არაერთი ალბომი ჰქონდა გამოშვებული, მათ შორის Help! და Rubber Soul. შესაბამისად კოლექტივის წევრები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ საიმისოდ, რომ რომელიმე მათგანის ქორწილს მშვიდ გარემოში ჩაევლო. სწორედ ამიტომ, ბენდის მენეჯერმა, ბრაიან ეპსტაინმა ჰარისონს გრანდიოზული ცერემონიის ჩატარებისგან თავის შეკავება სთხოვა.

ჯორჯ ჰარისონის რჩეული ალბომი The Beatles-ის შემოქმედებიდან

ჯონ ლენონის რჩევა, რომელიც ჯორჯ ჰარისონს სიმღერების შექმნაში დაეხმარა

იმის გამო, რომ ეკლესიაში დაქორწინებას ვერ მოახერხებდნენ, ჯორჯმა და პეტიმ დიდი დრო აღარ დახარჯეს ქორწილის ორგანიზებაზე და სურეის საგრაფოს ქალაქ ეპსომის ქორწინების სახლში ვიწრო წრეში მოაწერეს ხელი. ჰარისონის ხელის მომკიდე პოლ მაკკარტნი იყო, ცერემონიას დაესწრო ეპსტაინიც, თუმცა, სტუმრებს შორის არ ყოფილან ჯონ ლენონი და რინგო სტარი.

პოლი, პეტი და ჯორჯი ქორწილის დღეს

როგორც ბრიტანული გამოცემა Express წერს, ჯონი და რინგო იმ პერიოდში დასასვენებლად იმყოფებოდნენ და მოკლე დროში ორგანიზებული ცერემონიისთვის დაბრუნება ვერ მოასწრეს. ეს ერთადერთი რამ არ იყო, რაც გეგმის მიხედვით არ წავიდა. ახალდაქორწინებულებს და მათ მეგობრებს ქუჩაში პაპარაცები დახვდნენ, რომლებსაც საიდუმლო ქორწილის შესახებ გაეგოთ. ეს დღე პეტი ბოიდმა ავტობიოგრაფიულ წიგნში Wonderful Tonight: George Harrison, Eric Clapton, and Me აღწერა.

"ეს არ იყო ისეთი ქორწილი, როგორზეც ვოცნებობდი. ვისურვებდი, ქორწინება ეკლესიაში გაგვეფორმებინა, მაგრამ ბრაიან ეპსტაინს ხმაურის გამოწვევა არ სურდა. კოლექტივის წევრები მას იმდენად უპირობოდ ენდობოდნენ, რომ, როცა თქვა, სარეგისტრაციო ოფისში ხმაურის გარეშე მოაწერეთ ხელიო, ჯორჯი მას დაეთანხმა. ის ასევე ამბობდა, რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო - თუ პრესა ამის შესახებ შეიტყობს, ნამდვილი ქაოსი ატყდებაო. ქუჩაში გამოსულებს კი ათობით ფოტორეპორტიორი დაგვხვდა", - იხსენებდა ბოიდი.

ცერემონიიდან მეორე დღეს პეტიმ და ჯორჯმა პრესკონფერენცია გამართეს და ქორწინების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს, შემდეგ კი ბარბადოსზე გაემგზავრნენ თაფლობის თვის გასატარებლად. წყვილი 1977 წელს დაშორდა. ერთ წელიწადში ჯორჯმა ამერიკელ მწერალსა და პროდიუსერზე, ოლივია ტრინიდად ჰარისონზე იქორწინა, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა, პეტი კი ჰარისონის მეგობარს, ლეგენდარულ გიტარისტ ერიკ კლეპტონს გაჰყვა ცოლად, რომელსაც 1989 წელს დაშორდა.

პოლ მაკკარტნი: ჯორჯ ჰარისონს სიკვდილამდე შევხვდი, ვისხედით, მისი ხელი მეჭირა

პეტი ბოიდის შთაგონებით ჰარისონმა The Beatles-ისთვის ისეთი კომპოზიციები დაწერა, როგორებიცაა: If I Needed Someone და For You Blue. ითვლება, რომ კოლექტივის ჰიტი Something ასევე პეტის მიეძღვნა, თუმცა, როგორც ჯორჯმა 1996 წელს ჟურნალისტ ჯორჯ პოლ ქაშმირისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ხალხი ასე იმიტომ ფიქრობდა, რომ სიმღერასთან ერთად გავრცელებულ საპრომოუშენო ფილმში მის გვერდით პეტიც გადაიღეს.

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული