Thumbnail

7 უძველესი მუსიკალური ნაწარმოები

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

კაცობრიობამ რომ მუსიკის შექმნა ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში დაიწყო, ამაზე მთელ მსოფლიოში მიმოფანტულ გამოქვაბულებსა თუ სამარხებში ნაპოვნი ინსტრუმენტები მოწმობენ. თუმცა, არქეოლოგიური არტეფაქტები და ისტორიული წყაროები ამა თუ იმ ნაწარმოების მეტ-ნაკლები სიზუსტით დათარიღების შესაძლებლობას ძალზე იშვიათად იძლევა, ათასობით ხალხური სიმღერისა და მელოდიის შემთხვევაში კი მათი წარმოშობის შესახებ არანაირი ცნობა მოგვეპოვება. შესაბამისად, ყველაზე ძველი მუსიკალური კომპოზიციების სიის შედგენა მხოლოდ ზემოხსენებულ, უაღრესად მწირ ინფორმაციაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი.

ჩვენს სტატიაში სწორედ შვიდ უძველეს მუსიკალურ ნაწარმოებს წარმოგიდგენთ, რომელმაც თანამედროვეობამდე მოაღწია.

7. ნათელი მხიარული

Phos Hilaron დღევანდელობამდე სრული ფორმით მოღწეული ყველაზე ძველი არაბიბლიური ჰიმნია, რომელიც თანამედროვე ღვთისმსახურებაში კვლავაც გამოიყენება. მის სავარაუდო ავტორად ჩვ. წ. 329-379 წლებში მცხოვრები წმინდანი, ბასილი დიდი სახელდება, თუმცა ამ უკანასკნელის თანახმად, მის ეპოქაში "ნათელი მხიარულის" შესრულება უკვე ფართოდ დამკვიდრებულ ტრადიციას წარმოადგენდა, შესაბამისად, საქმე გაცილებით დიდი ისტორიის მქონე ნაწარმოებთან შეიძლება გვქონდეს. Phos Hilaron ბერძნულიდან ათობით სხვადასხვა ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის, ქართულადაც - "ნათელო მხიარულო წმიდისა დიდებისა უკვდავისა მამისა ზეცათასა. წმიდისა ნეტარისაო იესო ქრისტე. მოსრულნი დასვლასა მზისასა მხილველნი ნათლისა სამწუხროსა ვაქებთ მამასა, და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა. ღირსმცა-ხარ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა ხმითა ტკბილითა ძეო ღმრთისაო ცხოვრების მომცემელო, რომლისათვისცა ყოველი სოფელი შენ გადიდებს".

6. მის წინაშე დადუმდეს მთელი ქვეყნიერება

ე.წ. იაკობის ჟამის წირვა ყველაზე ძველი ქრისტიანული ლიტურგიაა, რომელმაც თანამედროვეობამდე სრული სახით მოაღწია. სპეციალურად ღვთისმსახურების ამ ფორმისთვის შექმნილი გალობა "მის წინაშე დადუმდეს მთელი ქვეყნიერება" დაახლოებით ჩვ. წ. 275 წლით თარიღდება და ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნიდან (აბაკუმი 2:18 - 20) აღებულ ნაწყვეტს ეფუძნება, რომლის ავტორიც ძვ. წ. VII საუკუნეში მცხოვრები წმინდანი, აბაკუმ წინასწარმეტყველი გახლავთ. 1906 წელს ბრიტანელმა კომპოზიტორმა, რალფ ვონ უილიამსმა ფრანგულ ხალხურ მელოდიაზე Picardy დაყრდნობით ჰიმნის ახალი არანჟირება შექმნა. ეს უკანასკნელი დასავლურ ლიტურგიკაში Let All Mortal Flesh Keep Silence-ის სახელწოდებითა და მცირედ შეცვლილი ტექსტის თანხლებით დღესაც ფართოდ გამოიყენება, ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეორგოლში კი მისი ორიგინალური, ბერძნულ ენაზე შესრულებული ვერსია შეგიძლიათ მოისმინოთ.

5. ოქსირინჰუსის ჰიმნი

1918 წელს თანამედროვე ეგვიპტის ტერიტორიაზე მდებარე ანტიკური ქალაქის, ოქსირინჰუსის ნანგრევებში არქეოლოგებმა ათასობით პაპირუსი აღმოაჩინეს, რომელთა შორის განსაკუთრებული ყურადღება ჩვ. წ. III საუკუნით დათარიღებულმა არტეფაქტმა მიიპყრო. მასზე გამოსახული, ოქსირინჰუსის ჰიმნის სახელით ცნობილი სიმღერა ბერძნული ქრისტიანული მუსიკის ყველაზე ძველი ნიმუშია, რომელიც როგორც ტექსტს, ასევე ნოტაციას შეიცავს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სანოტო ჩანაწერი ქრისტიანული გალობის ჩვ. წ. I-IV საუკუნეებიდან შემორჩენილ არცერთ სხვა ფრაგმენტს ახლავს თან, რაც ზემოხსნებული მანუსკრიპტის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას განუზომლად ზრდის. უცნობი ავტორის მიერ შექმნილი ნაწარმოების ტექსტი წმინდა სამებას განადიდებს, თუმცა მასში ბიბლიური ჩანართები თუ მოციქულთა სწავლებებიდან აღებული ციტატები არ გვხვდება.

4. სეიკილოსის ეპიტაფია

მსოფლიოში ცალკეული მუსიკალური ფრაგმენტების უფრო ადრეული ნიმუშებიც მოიძებნება, თუმცა ჩვ. წ. I-II საუკუნეებით დათარიღებული სეიკილოსის ეპიტაფია ყველაზე ძველი კომპოზიცია გახლავთ, რომელმაც თანამედროვეობამდე სრული ფორმით მოაღწია. ნაწარმოების ტექსტი და ნოტაცია დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ აიდინში ნაპოვნ საფლავის ფილაზეა ამოტვიფრული, მისი მიახლოებითი თარგმანი კი შემდეგნაირად ჟღერს: "იბრწყინე, სანამ ცოცხლობ, მწუხარებას ნუ მიეცემი, ცხოვრება ხანმოკლეა, დრო კი თავისას მოითხოვს". სიმღერის ავტორი ვინმე სეიკილოსი იყო, რომელმაც ნამუშევარი ევტერპეს (სავარაუდოდ, ან საკუთარ ცოლს, ან ბერძნულ მითოლოგიაში მუსიკის ამავე სახელით ცნობილ მუზას) მიუძღვნა. 1883 წელს აღმოჩენილმა არტეფაქტმა მფლობელი რამდენჯერმე გამოიცვალა და ამჟამად ის დანიის ნაციონალურ მუზეუმში ინახება.

3. დელფოს ჰიმნები

ფოკიდას მხარეში მდებარე ქალაქი დელფო, რომელსაც სახელი სინათლისა და ხელოვნების ღმერთის, აპოლონის შვილის პატივსაცემად ეწოდა, ანტიკურ საბერძნეთში უმნიშვნელოვანეს რელიგიურ და კულტურულ ცენტრად მიიჩნეოდა. იქ მდებარე ერთ-ერთ ისტორიულ ძეგლზე, ათენელთა საგანძურის სახელით ცნობილ საკურთხეველზე ამოტვიფრული ორი ჰიმნი დასავლურ სამყაროში მუსიკალური ნოტაციის ყველაზე ძველი ნიმუშებია, რომელთა ავტორის ვინაობაც ზუსტადაა ცნობილი. კომპოზიციები ვინმე ათენაიოსმა აპოლონისადმი მიძღვნილი რიტუალური პროცესიების მუსიკალური გაფორმების მიზნით შექმნა. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ორივე ნაწარმოები ძვ. წ. 128 წელს დაიწერა, დანარჩენთა მოსაზრებით კი, მეორე ჰიმნი კიდევ უფრო ადრეულია და მას ძვ. წ. 138 წლით ათარიღებენ.

2. მე ძლიერ ვგოდებ

ძვ. წ. V საუკუნის ათენში მოღვაწე ევრიპიდე სოფოკლესთან და ესქილესთან ერთად ანტიკური საბერძნეთის სამ უდიდეს ტრაგიკოსს შორის მოიხსენიება. ეპოქალური მწერლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის, "ორესტესის" პირველმა სტასიმონმა (ანტიკურ დრამატურგიაში განვრცობილი სიმღერა, რომელიც ქოროს პარტიას მოსდევს) Katolophyromai (ბერძნულად: მე ძლიერ ვგოდებ) ჩვენამდე საგრძნობლად დაზიანებული ფრაგმენტის სახით მოაღწია. ნაწარმოების რამდენიმე ფრაზა და მუსიკალური ნოტაციის მცირე მონაკვეთი თანამედროვე ეგვიპტის ტერიტორიაზე მდებარე უძველესი ქალაქის, ჰერმოპოლისის ნანგრევებში აღმოჩენილ პაპირუსზეა აღბეჭდილი, რომელიც ძვ. წ. III საუკუნით თარიღდება. სიმღერის მელოდიის ავტორის ვინაობა დღემდე დისკუსიის საგნად რჩება, თუმცა უაღრესად საინტერესო და დამაინტრიგებელი ვერსიის თანახმად, ის თავად ევრიპიდეს ეკუთვნის.

1. ხურიტული ჰიმნი ნიკკალს

1950-იან წლებში არქეოლოგებმა ძვ. წ. XII საუკუნეში განადგურებული ქალაქ-სახელმწიფოს, უგარითის ნანგრევებში რელიგიური ჰიმნების შემცველი ათობით თიხის დაფა აღმოაჩინეს, რომლებიც ჩრდილო-შუამდინარულ კულტურას, ხურიტების ტომს ეკუთვნოდა. არტეფაქტების ამ სერიიდან მეტ-ნაკლებად სრული ფორმით შემონახულ ერთადერთ ნიმუშზე, ე.წ. "მეექვსე დაფაზე" ტექსტთან ერთად მუსიკალური ნოტაციის ყველაზე ადრეული ფრაგმენტი, შესაბამისად, კაცობრიობის ისტორიაში უძველესი სიმღერის ნაწყვეტია გამოსახული. უცნობი ავტორის მიერ ლურსმული დამწერლობით შექმნილი ნაწარმოები ხეხილის ბაღების ქალღმერთს, ნიკკალს ეძღვნებოდა და თანდართული ინსტრუქციის თანახმად, ცხრასიმიან არფაზე, სამუმზე სრულდებოდა. ძვ. წ. 1400 წლით დათარიღებული უნიკალური რელიკვია დამასკოს ნაციონალურ მუზეუმში ინახება და "ხურიტული ჰიმნი ნიკკალს" სახელწოდებით არის ცნობილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული