Thumbnail

დეივ გროლი: Nirvana-ს ამ სიმღერას რომ ვუსმენ, გული მტკივა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

20 თებერვალს ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Nirvana-ს ვოკალისტ კურტ კობეინს 54 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჟურნალმა Far Out ბენდის ყოფილი დრამერისა და ცნობილი როკ კოლექტივის, Foo Fighters-ის ფრონტმენის, დეივ გროლის 2019 წლის ინტერვიუ გაიხსენა. ჟურნალისტთან საუბარში გროლი "ნირვანას" იმ კომპოზიციას იხსენებს, რომელიც მას გულს ყველაზე მეტად ტკენს.

დეივ გროლი: კურტ კობეინი ჩვენი თაობის საუკეთესო სონგრაითერია

"10 წლის შემდეგ სიმღერას You Know You're Right პირველად მოვუსმინე. ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის. ეს იყო უკანასკნელი კომპოზიცია, რომელიც ერთად ჩავწერეთ. როდესაც ამ ტრეკს ვქმნიდით, ჯგუფისთვის საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ იდგა. ურთულესი იყო ბენდის არსებობის ბოლო წელიწადი. კურტი მენტალურად ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. ხან კარგად იყო, ხან ცუდად. ამ ნამუშევრის ტექსტი გულს მტკენს. კურტის ხმა და თავად კურტი მენატრება", - იხსენებდა გროლი.

You Know You're Right "ნირვანას" ჰიტების კრებულში Nirvana არის წარმოდგენილი, რომელიც 2002 წელს გამოიცა.

კურტ კობეინმა ჯგუფი Nirvana 1987 წელს შექმნა. გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ალბომის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს, კობეინის თვითმკვლელობიდან 20 წლის შემდეგ, გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული