Thumbnail

ჰოლზი ორსულობაზე: უცნაურია, რომ სხეული ასე სწრაფად მეცვლება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჰოლზი და მისი ბოიფრენდი, თურქეთში დაბადებული კინოსცენარისტი, ალევ ეიდინი პირველ შვილს ელოდებიან. 26 წლის მუსიკოსმა ორსულობის შესახებ თაყვანისმცემლებს იანვრის ბოლოს, ინსტაგრამზე გავრცელებული ფოტოსესიით ამცნო, ახლახან კი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერს, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება და შეხედულებები ბოლო პერიოდში.

Halsey: ინსტაგრამის ფილტრები ადამიანის თვითშეფასებას აზიანებს

ნახეთ: Machine Gun Kelly და ჰოლზი კლიპს Forget Me Too ავრცელებენ

"თებერვალი ყველაზე მოკლე თვეა, მაგრამ მეჩვენება, რომ ყოველი დღე ძალიან იწელება და ამასთან სწრაფადაც გადის. ჩემს სხეულზე ბევრი მიფიქრია. უცნაურია, შენი თავის ასეთ სწრაფ ცვლილებას უყურებდე.

ჩემი სხეულისადმი მომატებულმა მგრძნობელობამ სრულად გამააზრებინა საკუთარი ადამიანური ბუნება. გასაოცარი რამის მონაწილე ვარ და ეს არის მთავარი. იმედი მაქვს, რომ ეს შეგრძნებები მომავალშიც გაგრძელდება. ახლა დროს ასე ვატარებ - ბევრს ვტრიალებ სამზარეულოში, კიდევ უფრო მეტი მძინავს და უამრავს წიგნს ვკითხულობ. ჩემი ოჯახი მენატრება და თქვენც მენატრებით", - მიმართა ჰოლზიმ თაყვანისმცემლებს.

შემდეგ კი მომღერალმა კომენტარების ველში დაამატა:

"მეგონა, ჩემ მიმართ იქნებოდა მოლოდინი და წნეხი, რომ ყოველ დილით ისეთი შეგრძნებით უნდა გამეღვიძა, თითქოს ნაყოფიერების ქალღმერთი ვარ. მაგრამ ამის ნაცვლად ძილზე, ჭამასა და იმაზე ვარ ფოკუსირებული, რომ ჩემს მუცელში ადამიანი იზრდება".

არტისტის პოსტს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის, ამერიკელი პოპვარსკვლავი, კეტი პერი, რომელსაც გასული წლის ზაფხულში პირველი შვილი ეყოლა.

"მალე ნამდვილ სასწაულს მოახდენ. მანამდე კი კარგად დაისვენე. მიყვარხარ", - წერს ის.

ჰოლზის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ დედობა მისი ოცნება იყო. მან საზოგადოებას ისიც გაუმხილა, რომ საკუთარი დიაგნოზის, ენდომეტრიოზის გამო რეპროდუქციული უნარი დაქვეითებული ჰქონდა და შიშობდა, შვილს ვერასდროს გააჩენდა. მუსიკოსის თქმით, წარსულში სამჯერ მოეშალა მუცელი. ამ პრობლემის შესახებ მან თავის ბოლო ალბომში Manic წარმოდგენილ კომპოზიციაში More იმღერა.

They told me once, nothing grows
When a house ain't a home.
"მათ მითხრეს, რომ არაფერი იზრდება
როდესაც მას სახლი არ აქვს".

Feelin' so incomplete
Wonder will we ever meet?
"არასრულყოფილად ვგრძნობ თავს,
ნეტავ, შევხვდებით ოდესმე?".

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა. ბოლო, პლატინის სტატუსის მქონე ჩანაწერი Manic ჰოლზიმ 2020 წლის იანვარში გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული