Thumbnail

მედიის ცნობით, პოლიცია მერილინ მენსონის საქმეზე მოკვლევის დაწყებას აპირებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

დასავლური მედიის ინფორმაციით, ლოს ანჯელესის რაიონის საგამოძიებო დეპარტამენტი ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, მერილინ მენსონის წინააღმდეგ გამოთქმული, სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე მოკვლევის დაწყებას აპირებს. როგორც გამოცემა TMZ წყაროებზე დაყრდნობით წერს, დეტექტივები ერთ-ერთ სავარაუდო დაზარალებულთან გეგმავენ შეხვედრას, რათა დაადგინონ, არსებობს თუ არა საქმეზე გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი.

Game Of Thrones-ის მსახიობი, ესმე ბიანკო: მერილინ მენსონი ნაჯახით გამომეკიდა

ფიბი ბრიჯერსი: მენსონმა მითხრა, ქალების გასაუპატიურებლად სპეციალური ოთახი მაქვსო

"დეტექტივები მენსონის ერთ-ერთ სავარაუდო მსხვერპლს უახლოეს დღეებში გაესაუბრებიან. როგორც გვატყობინებენ, ეს შეხვედრა იმ განცხადებების ტალღის შედეგია, რომლებიც მუსიკოსის ყოფილმა პარტნიორმა ქალებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს", - წერს TMZ.

შეგახსენებთ, რომ მერილინ მენსონი სასტიკ მოპყრობაში, ფიზიკურ ძალადობაში, გაუპატიურებაში, მუქარასა და მანიპულირებაში სულ მცირე ათმა ქალმა დაადანაშაულა. პირველი იყო მსახიობი რეიჩელ ვუდი, რომელიც მერილინს 2007 და 2010 წლებში ხვდებოდა. ახლახან მათ ბრალდებებს შეუერთდა მენსონის ყოფილი ასისტენტი, დენ ქლირი. მისი მტკიცებით, მენსონი ფიზიკურად უსწორდებოდა და მოკვლით ემუქრებოდა ამჟამინდელ ცოლს, ლინდსი იუსიჩს. ქლირმა ისიც თქვა, რომ პირადად გახდა მოწმე, როგორ მდგომარეობაში იყო მუსიკოსთან ურთიერთობის დროს რეიჩელ ვუდი.

რას ჰყვებიან ქალები, რომლებიც მერილინ მენსონს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

"მაშინ რეიჩელის ქცევები რადიკალურად შეიცვალა, ისევე, როგორც მისი გარეგნობა. ის დასუსტდა და აურაც დაუმძიმდა", - ციტირებს მის სიტყვებს გამოცემა Huffpost.

მერილინის მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო მასთან საქმიანი კონტრაქტი გაწყვიტა ლეიბლმა Loma Vista Recordings. სატელევიზიო შოუებიდან American Gods და Creepshow კი მისი მონაწილეობით სცენები ამოჭრეს. თავად არტისტმა ბრალდებებს "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა და აღნიშნა, რომ ინტიმური ურთიერთობები ყოველთვის შეთანხმებული ჰქონდა პარტნიორებთან.

ბრაიან უორნერმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო. მისი ფსევდონიმი Marilyn Manson ამერიკელი მსახიობის მერილინ მონროს სახელისა და ცნობილი დამნაშავის, ჩარლზ მენსონის გვარის კომბინაციაა. სკანდალური იმიჯით გამორჩეულმა მუსიკოსმა წარმატებას მეორე სტუდიური ნამუშევრის Antichrist Superstar გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არტისტის 3 ალბომს პლატინის სტატუსი აქვს მოპოვებული. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია The Beautiful People და ინგლისური ბენდების Depeche Mode და Eurythmics ქავერები Sweet Dreams და Personal Jesus.

კომენტარები

ბოლოს დამატებული