Thumbnail

მამაკაცს, რომელიც ბილი აილიშს სიკვდილით ემუქრებოდა, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა უცნობი მამაკაცის, ჯონ ჰერლის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოწერა მოითხოვა. 19 წლის მომღერლის მტკიცებით, ეს პიროვნება 2020 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ლოს ანჯელესში, მისი სახლის სიახლოვეს, სკოლასთან იყო დაბანაკებული და მუდმივად აკვირდებოდა, როდის ტოვებდა ბილი საცხოვრებელს და როდის ბრუნდებოდა შინ. ასევე ცდილობდა მასთან ინტერაქციას ჟესტების საშუალებით, კერძოდ, იმის ჩვენებით, თუ როგორ გამოჭრიდა ყელს.

გამოცემა TMZ-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ჯონ ჰერლი აილიშს პერიოდულად წერილებსაც უგზავნიდა და სიკვდილით ემუქრებოდა.

უცნობმა მამაკაცმა ბილი აილიშის სახლში შეჭრა სცადა

"ვერ მიიღებ იმას, რაც გინდა, თუ შენი სურვილი ჩემთვის სიკვდილი არ არის. ძალიან მალე წყალი ადიდდება და ცოცხალი აღარ იქნები. მოკვდები", - მიმართავს მამაკაცი ბილის წერილის ერთ-ერთ მონაკვეთში.

სასამართლო დოკუმენტებში აილიში აღნიშნავდა, რომ ეს მამაკაცი მისთვის და მისი ოჯახისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. მოსამართლემ მომღერლის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჯონ ჰერლის მასთან და მის მშობლებთან 183 მეტრი დისტანციის დაცვა დაავალდებულა.

საქმეზე გამოძიება ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო, თუმცა, მამაკაცი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული