Thumbnail

Bebe Rexha: სიმღერას ვწერ და მინდა, ის BTS-მა შეასრულოს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ბიბი რექსამ ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ჩართვისას გაამხილა, რომ სიმღერის სამუშაო ვერსია ჩაწერა, რომელიც სურს, რომ პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა, BTS-მა შეასრულოს. როგორც 31 წლის არტისტმა აღნიშნა, კოლექტივმა ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცის.

Bebe Rexha თავის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორს გამოეხმაურა

"BTS-ისთვის დემო დავწერე, მაგრამ ჯერ არ ვარგა, დასამუშავებელია. თუმცა, დიდი პოტენციალი აქვს, რომ ნამდვილი ბომბი გამოვიდეს. თავად მოსმენილი არ აქვთ, ეს მათთან შეთანხმებული სიმღერა არ არის. უბრალოდ, კომპოზიციის იდეას მივაწვდი, რომელიც კარგ დამუშავებას საჭიროებს. ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ძალიან მაგარი გამოვა", - ამბობს მუსიკოსი.

ბიბი რექსას კეიპოპ არტისტებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ის ჯგუფ SHINee-ს 2010 წლის კომპოზიციის Lucifer თანაავტორია. მან აგრეთვე Fin.K.L-ის ყოფილ წევრს, ლი ჰუორისაც დაუწერა სიმღერა As Long As I Love You. 2019 წელს მუსიკოსს თაყვანისმცემელმა ჰკითხა, იყო თუ არა დაინტერესებული კეიპოპ შემსრულებლებისთვის სიმღერების შექმნით, ან მათთან ერთად კომპოზიციის გამოშვებით, რაზეც მან უპასუხა:

"კი, ეს ძალიან მაგარი იქნებოდა".

Bebe Rexha "ბითიესის" წევრებს 2018 წელს ბილბორდის დაჯილდოებაზე შეხვდა და კოლექტივის წევრ V-ის მასთან ერთად სურათის გადაღებაც სთხოვა.

ბიბი და ვი Billboard Music Awards-ზე

ბიბი რექსამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Expectations გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტის ოცეულში მოხვდა. 2019 წელს გამართულ გრემის დაჯილდოებაზე ის საუკეთესო ახალბედა არტისტისა და დუეტის/ჯგუფის მიერ ქანთრის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიებში იყო წარდგენილი. ბიბის განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: No Broken Hearts, I'm a Mess, I Got You და Meant to Be მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული