Thumbnail

რაში დახარჯა BTS-ის ჯეი-ჰოუპმა $136 000 საკუთარ დაბადების დღეზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრი, ჯეი-ჰოუპი 18 თებერვალს 27 წლის გახდა. მუსიკოსმა საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით საქველმოქმედო ორგანიზაციაში ChildFund Korea 150 მილიონი ვონი გარაციხა, რაც 135 600 ამერიკულ დოლარზე მეტია. როგორც ადგილობრივი გაზეთი The Korea Herald იუწყება, თანხა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მოხმარდებათ, რომელთა ოჯახებიც მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან.

BTS-ის წევრების კოსტიუმებში აუქციონზე ნავარაუდებზე 8-ჯერ მეტი გადაიხადეს

"როგორც გავიგე, COVID-19-ით გამოწვეული მძიმე კრიზისის გამო, სოციალურად დაუცველ ოჯახთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს საჩქაროდ სჭირდებათ მხარდაჭერა. იმედი მაქვს, ეს შემოწირულობა სხვა ადამიანებსაც წაახალისებს მათი დახმარებისკენ", - ავრცელებს გამოცემა Newsen არტისტის განცხადებას.

ჯეი-ჰოუპმა, რომელიც ChildFund Korea-ს აქტიური მხარდაჭერის გამო 2019 წლიდან ორგანიზაციის უმსხვილეს შემომწირველთა ფონდის Green Noble Club for Children წევრია, გასულ წელს $90 000-ზე მეტი გაიღო კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ბავშვთა დასახმარებლად.

"მისი დადებითი გავლენის დამსახურებით, შემოწირულობების მსურველთა რაოდენობა იზრდება, როგორც "ბითიესის" კორეელ, ისე უცხოელი თაყვანისმცემლებში", - აღნიშნა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლი ჯა-ჰუნმა.

ჯეი-ჰოუპმა პოპულარობა BTS-ის წევრობით მოიპოვა. სეულში 2013 წელს ჩამოყალიბებულ ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც ჩარტებში Billboard 200, Billboard Hot 100 და Billboard Artist 100 პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა, 2021 წლის გრემიზე კი ბიჭებმა ნომინაციაც მიიღეს ბენდის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

ჯგუფში მოღვაწეობის გარდა, ჯეი ჰოუპი სოლო პროექტებსაც ავრცელებს. 2018 წელს მან მიქსტეიპი Hope World გამოუშვა, 2019 წელს კი ამერიკელ მუსიკოს Becky G-სთან ერთად DJ Webstar-ისა და რეპერ Bianca Bonnie-ს 2006 წლის ჰიტის Chicken Noodle Soup განახლებულ ვერსიაზე იმუშავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული