Thumbnail

ნახეთ: ბლუ აივი ბიონსეს ბრენდის Ivy Park რეკლამაში გადაიღეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბიონსემ კომპანია Adidas-თან თანამშრომლობით საკუთარი ბრენდის, Ivy Park-ის ზამთრის კოლექციის Icy Park ახალი პრომო ვიდეო გაავრცელა. კადრებში თავად მუსიკოსთან ერთად, მისი 9 წლის შვილი, ბლუ აივი კარტერიც მონაწილეობს, რომელიც კოლექციიდან საბავშვო ხაზს უწევს რეკლამირებას.

ნახეთ: ბიონსეს შვილის, 9 წლის ბლუ აივის ვიდეო ცეკვის გაკვეთილიდან

ბიონსეს დედამ, ბიზნესმენმა და დიზაინერმა, თინა ნოულსმა შვილიშვილის კადრები ვიდეორგოლიდან ინსტაგრამზე გააზიარა და აღნიშნა, რომ გოგონას გამოჩენა რეკლამაში სპონტანურად მოხდა.

"ჩემი ლამაზი შვილიშვილი, ბლუ აივი პატარა სუპერმოდელივით გამოიყურება. თვითონ გამოიჩინა ინიციატივა, კადრებში მოხვედრილიყო. მისი მონაწილეობა რეკლამაში არ ყოფილა დაგეგმილი. ხუმრობა-ხუმრობაში ჩაიცვა და, ალბათ, ასე თქვა - არ გეტყვით, რისი გაკეთება შემიძლია, ახლავე გაჩვენებთო. მიყვარს, მისი მიზანსწრაფული ბუნება", - წერს თინა ნოულსი.

თინა ინსტაგრამზე ხშირად ავრცელებს ვიდეოებს, რომლებშიც გამომწერებს უზიარებს, რით არის გატაცებული მისი შვილიშვილი. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გოგონას მიერ ჰელოუინისთვის გაკეთებული მაკიაჟით არის აღბეჭდილი, ხოლო მანამდე ვიდეო ატვირთა, რომელშიც ბავშვი ექსპერიმენტს ატარებდა პანდემიის პერიოდში ხელების დაბანის საჭიროების ხაზგასასმელად. ბიონსეს თაყვანისმცემლები, რომლებიც აქტიურად ადევნებენ თვალს გოგონას აქტივობებს, ტვიტერზე აღფრთოვანებით შეხვდნენ იმას, რომ ბლუ აივიმ მოდელის მონაცემებიც გამოავლინა.

"9 წლის ბლუ აივის რეზიუმე:
- გრემის ნომინანტი მომღერალი და კომპოზიტორი
- ვარსკვლავების მეიქაფ არტისტი
- რეპის დედოფალი
- საბავშვო აუდიოწიგნის გამხმოვანებელი
- ეპიდემიოლოგი
- პროფესიონალი მოცეკვავე და ქორეოგრაფი
- მსახიობი
- ბიონსეს და ჯეი ზის მუსიკალური მენეჯერი
- მოდელი".

"ქუინ ბი ბიონსეზე აღარ ითქმის, ის უკვე ბლუ აივის ჰქვია", - წერენ ტვიტერზე.

Icy Park-ის რეკლამაში ასევე მონაწილეობენ ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, გუჩი მეინი, კანადელი პოპვარსკვლავის, ჯასტინ ბიბერის ცოლი, 24 წლის მოდელი ჰეილი ბოლდუინი და სხვები. კოლექცია გაყიდვაში 19 თებერვალს ჩაეშვება.

ვარსკვლავური წყვილის, ბიონსესა და ჯეი ზის უფროსი შვილის მუსიკალური დებიუტი მამის 2017 წლის ალბომში 4:44 შესული ტრეკში Blue's Freestyle შედგა, რომელშიც გოგონა რეპავს. ბლუ აივი ანიმაციური ფილმის The Lion King რიმეიქის საუნდტრეკების ალბომში The Lion King: The Gift წარმოდგენილი კომპოზიციის Brown Skin Girl ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელიცაა, რისთვისაც 2019 წელს ღონისძიებაზე Soul Train Awards პირველი ჯილდო მიიღო წლის ჩანაწერის კატეგორიაში. ამავე სიმღერისთვის მას BET Her Awards-ისა და NAACP-ის პრიზებიც ხვდა წილად, ხოლო მასზე გადაღებულ კლიპში შეტანილი წვლილისთვის დედისა და ნიგერიელი შემსრულებლის, WizKiD-ის გვერდით 2021 წლის გრემის ნომინანტად დასახელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული