Thumbnail

ერთი შეხედვით, სანოტო ჩანაწერის გარჩევა თითოეული პროფესიონალი მუსიკოსისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ უნარს წარმოადგენს, თუმცა სხვადასხვა ეპოქიდან ათობით ისეთი არტისტის გახსენება შეგვიძლია, რომელთაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვეს და მილიონობით ალბომი გაყიდეს, მაგრამ გრანდიოზული წარმატების მიუხედავად, ნოტაციის კითხვა არასდროს იცოდნენ.

ჩვენს სტატიაში სწორედ შვიდ ასეთ გამორჩეულ შემსრულებელს წარმოგიდგენთ.

7. Slash

იმ ფაქტს, რომ მუსიკოსისთვის მელოდიურობის განცდა და რიტმის ბუნებრივი შეგრძნება ტექნიკურ უნარ-ჩვევებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ღირსებებს წარმოადგენს, Slash-ის ფსევდონიმით ცნობილი გიტარისტის, სოლ ჰადსონის შემოქმედება განსაკუთრებით ნათლად გვიდასტურებს. პოპულარული ამერიკული როკ კოლექტივის Guns N' Roses წევრი, რომელიც სხვადასხვა დროს არაერთი ეპოქალური რიფისა თუ სოლო პარტიის ავტორად მოგვევლინა, თეორიული განსწავლულობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის - როკ ვარსკვლავის თქმით, იგი ახალ მელოდიებს სმენით აწყობს, მუსიკალური ნოტაციის სისტემის ათვისება კი არასდროს უცდია.

6. Eric Clapton

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ისტორიაში ერთადერთ არტისტს, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში სამჯერაა შეყვანილი (ერთხელ როგორც სოლო არტისტი, ორჯერ როგორც კოლექტივების Cream და The Yardbirds წევრი), მუსიკალური ნოტაციის კითხვა არ შეუძლია. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად აღიარებულმა ერიკ კლეპტონმა სამოცწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და ათობით სხვა პრესტიჟულ ტიტულთან ერთად გრემის 18 ჯილდო მოიპოვა, ზემოხსენებული გარემოება კი წარმატებით სავსე კარიერულ გზაზე დაბრკოლებას ძალზე იშვიათად უქმნიდა.

5. Eddie Van Halen

ვირტუოზმა გიტარისტმა, ედი ვან ჰალენმა სახელი როკ ჯგუფში Van Halen მოღვაწეობით გაითქვა. ათასობით კოლეგის შთაგონების წყაროდ ქცეული ამერიკელი არტისტი მულტიინსტრუმენტალისტი გახლდათ და მოზარდობის წლებში ფორტეპიანოზე დაკვრის ხელოვნებასაც წარმატებით დაეუფლა, თუმცა მუსიკალური ნოტაციის კითხვა მაინც არ შეეძლო. საქმე იმაში გახლავთ, რომ უნიკალური ტალანტით დაჯილდოებულ ედის თეორიულ მასალაზე თავის მტვრევა მუდამ ეზარებოდა, გამოცდებზე ამა თუ იმ ნაწარმოების უნაკლოდ შესრულებას კი მხოლოდ მეხსიერების ხარჯზეც წარმატებით ახერხებდა, რის გამოც მის მასწავლებლებს ეჭვი არასდროს აუღიათ.

4. Michael Jackson

ის ფაქტი, რომ მაიკლ ჯექსონს მუსიკალური ნოტაციის კითხვა არ შეეძლო, პოპის მეფის გამაოგნებელ ტალანტს ყველაზე ნათლად უსვამს ხაზს. ლეგენდარული არტისტი თავის კომპოზიციებს გონებაში ზედმიწევნით თხზავდა, შემდეგ კი არანჟირებაში შემავალი თითოეული ინსტრუმენტის მელოდიურ ხაზს და ზოგ შემთხვევაში, სიმებიანი სექციის მთელ პარტიებს სტუდიაში სიმღერ-სიმღერით ასრულებდა, რასაც იქვე მყოფი სხვა მუსიკოსები უსმენდნენ და სანოტო რვეულებში სპონტანურად იწერდნენ. ზემოხსენებულ პროცესზე უკეთესი წარმოდგენის შესაქმნელად ჰიტის Beat It დემო ვერსია შეგიძლიათ მოისმინოთ, შემდეგ კი ეს ვიდეორგოლი ნახოთ, რომელიც საბოლოო სახით ჩაწერილ კომპოზიციაზეა გადაღებული.

3. Jimi Hendrix

სავსებით გასაგები მიზეზების გამო, გიტარისტები თანამედროვე დასავლური ნოტაციის სისტემას შედარებით იშვიათად ეუფლებიან და ფონს ტაბულატურის ხარჯზეც იოლად გადიან. ამ მხრივ გამონაკლისი არც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტალისტი, ჯიმი ჰენდრიქსი აღმოჩნდა, რომელსაც ფორმალური მუსიკალური განათლება საერთოდ არ გააჩნდა და თვითნასწავლი შემსრულებელი გახლდათ. 27 წლის ასაკში გარდაცვლილი, საკულტო სტატუსის მქონე არტისტი გიტარაზე მხოლოდ და მხოლოდ სმენის ხარჯზე უკრავდა, ახალი კომპოზიციების მელოდიური საფუძვლის ასაგებად კი ხშირად უკულელეს იყენებდა.

2. Paul McCartney

ეპოქალური ბრიტანული კოლექტივის The Beatles წევრის, პოლ მაკკარტნის მიერ მცირე ხნის წინ ტელეარხისთვის CBS მიცემული ინტერვიუს თანახმად, თითქმის 80 წლის ასაკს მიღწეულმა არტისტმა ნოტების გარჩევა კვლავ არ იცის. ერთი შეხედვით, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მუსიკალური ნოტაციის კითხვა არც ლივერპულური ოთხეულის დანარჩენ წევრებს შეეძლოთ და თეორიული საფუძვლების შესახებაც ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ. ეს გარემოება განსაკუთრებით მკაფიოდ უსვამს ხაზს ჯგუფის პროდიუსერის, ლეგენდარული ჯორჯ მარტინის ღვაწლს, რომელსაც "ბითლზის" უამრავი ჩანაწერის არანჟირება ეკუთვნის.

1. Elvis Presley

საკულტო შემსრულებელს, ელვის პრესლის მუსიკალური ნოტაციის კითხვა არ შეეძლო და არც თეორიაში გაეგებოდა რაიმე. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამერიკელ სუპერვარსკვლავს თავისი კომპოზიციების აბსოლუტური უმრავლესობის დაწერაში მინიმალური მონაწილეობაც არ მიუღია (ოცდახუთწლიანი კარიერის განმავლობაში იგი თანაავტორის სტატუსით სულ რაღაც ათამდე ნამუშევარში მოგვევლინა), ამ უნარის არქონას დიდად არასდროს განიცდიდა. როკ-ენ-როლის მეფე სიმღერებს აკუსტიკურ გიტარაზე სმენით აწყობდა, მისი რეპერტუარის უდიდესი ნაწილი კი დაქირავებული კომპოზიტორების მიერ იყო შექმნილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული