Thumbnail

ჯორჯ ჰარისონის რჩეული ალბომი The Beatles-ის შემოქმედებიდან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა The Beatles 1963-70 წლებში ცამეტი ალბომი გამოუშვა. კოლექტივის დაშლის შემდეგ ჯორჯ ჰარისონს ჰკითხეს, რომელი სტუდიური ნამუშევარი მოსწონდა ყველაზე მეტად. იმის გათვალისწინებით, რომ 1968 წელს გავრცელებულ The White Album-ში მისი ოთხი საავტორო კომპოზიციაა თავმოყრილი, გასაკვირი არ იქნებოდა, თუ მუსიკოსი სწორედ ამ ჩანაწერს გამოარჩევდა, თუმცა, ჰარისონის ფავორიტი Rubber Soul აღმოჩნდა, რომელიც ბენდის მიერ გამოქვეყნებული რიგით მეექვსე სტუდიური ალბომია და "ბითლზის" ერთ-ერთ ყველაზე ექსპერიმენტულ ნამუშევრად მიიჩნევა.

ჯონ ლენონის რჩევა, რომელიც ჯორჯ ჰარისონს სიმღერების შექმნაში დაეხმარა

ჯორჯ ჰარისონის საავტორო სიმღერები, რომლებიც The Beatles-ის სხვა წევრებმა დაიწუნეს

The Beatles-ის სიმღერა, რომელიც ჯორჯ ჰარისონმა დროის გასაყვანად დაწერა

"Rubber Soul ჩემი რჩეული ალბომია. იმ პერიოდშიც ასე ვფიქრობდი, როცა მას ვქმნიდით. ჩვენი საუკეთესო ნამუშევარია. ზუსტად ვიცოდით, რომ კარგ ჩანაწერს ვაკეთებდით, მასზე მეტი დრო დავხარჯეთ და ბევრი ახალი რამ ვცადეთ. სხვა არტისტების გავლენას განვიცდიდით და ეს ალბომის ჟღერადობასაც დაეტყო. მაშინ აყვავების პერიოდი იყო, მათ შორის ჩვენი", - აღნიშნავდა ჰარისონი 1990-იან წლებში მიცემულ ინტერვიუში.

კოლექტივის კიდევ ერთი წევრი, ჯონ ლენონი კი ალბომთან დაკავშირებით ამბობდა:

"უბრალოდ, ტექნიკური და მუსიკალური კუთხით დავიხვეწეთ. სულ ესაა. სტუდიაში ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ჩვენს თავზე ავიღეთ. იყო პერიოდი, იმით დაკმაყოფილება გვიხდებოდა, რასაც სხვები გვთავაზობდნენ - მაგალითად, არ ვიცოდით, როგორ მიგვეღო მეტი ბასი. Rubber Soul-ზე მუშაობისას კი ტექნიკას დავეუფლეთ. ვიმუშავეთ მის გარეკანზეც და ყველა სხვა დეტალზე".

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული