Thumbnail

ნიკი მინაჟის მამა ავტომანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტის, ნიკი მინაჟის მამა, რობერტ მარაჟი 64 წლის ასაკში დაიღუპა. ის ლონგ აილენდზე მდებარე სოფელ მინეოლაში, როზლინ როუდისა და რაფ ავენიუს კვეთაზე გადადიოდა, რა დროსაც მაღალი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა საღამოს, 18:15 საათზე მოხდა. რობერტი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

ადგილი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა

ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. თავად ნიკი მინაჟს ამ დრომდე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

ნიკი მშობლებთან ერთად

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მას, მსოფლიო მასშტაბით, 100 მილიონამდე ჩანაწერი აქვს გაყიდული, რის შედეგადაც კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული