Thumbnail

მუსიკალურ პლატფორმებზე 2019 წელს გარდაცვლილი კალიფორნიელი რეპერის, ნიფსი ჰასლისა და მისი გავლენიანი კოლეგის, ჯეი ზის მონაწილეობით შექმნილი ახალი კომპოზიცია What It Feels Like გამოქვეყნდა. ეს არტისტების ერთადერთი კოლაბორაციული ნამუშევარია. ტრეკი პოლიტიკური მოძრაობა "შავი პანტერების" შესახებ შექმნილი კრიმინალური დრამის Judas And The Black Messiah საუნდტრეკების ალბომში არის წარმოდგენილი.

Funk Flex: დრეიქი Jay-Z-ზე კრეატიული არტისტია

ნახეთ: ნიფსი ჰასლის ნამუშევრის The Marathon ვიზუალური ვერსია გამოქვეყნდა

ერმიას დევიდსონ ასგედომმა, სასცენო სახელით Nipsey Hussle, მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ მიქსტეიპებით The Marathon და The Marathon Continues, ასევე, ჩანაწერების სერიით Bullets Ain't Got No Name გაიცნო. 2013 წელს რეპერმა კომერციულად წარმატებული ნამუშევარი Crenshaw გამოუშვა, რომლის თითო ასლიც 100 აშშ დოლარად გაიყიდა. ცამეტწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის შემდეგ, 2018 წელს არტისტმა გაყიდვაში პირველი ალბომი Victory Lap ჩაუშვა. სტუდიური ჩანაწერი "საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გრემიზე წარადგინეს. ნამუშევრის სინგლმა Racks In The Middle კი ცერემონიაზე "წლის საუკეთესო რეპ კომპოზიციის" კატეგორიაში გაიმარჯვა. ამასთან, ნიფსის რამდენიმე ფილმშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. 2010 წელს გავრცელებულ კინოსურათში Caged Animal მან მთავარი როლი შეასრულა. კრიმინალურ დაჯგუფება "ქრიფსთან" აფილირებული რეპერი 2019 წლის მარტში ლოს ანჯელესში თავისი ბრენდის ერთ-ერთი მაღაზიის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

22 გრემის მფლობელმა ჯეი ზიმ კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ჩანაწერი Reasonable Doubt, რომელიც გაყიდვაში 1996 წელს ჩაეშვა, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მუსიკალურმა გამოცემამ Rolling Stone ნამუშევარი ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს შონ კარტერის ქონებამ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით, ჯეი პირველი მილიარდერი ჰიპ ჰოპ არტისტი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული