Thumbnail

კინორეჟისორები საკუთარი ფილმების მუსიკალურ გაფორმებას როკ ვარსკვლავებს საკმაოდ ხშირად ანდობენ. იმის გარდა, რომ მსგავსი თანამშრომლობის შედეგად დამაინტრიგებელი ჟღერადობითა თუ ესთეტიკით გამორჩეულ ჩანაწერებს ვიღებთ, ცნობილი შემსრულებლების მიერ შექმნილი საუნდტრეკი აუდიტორიის მხრიდან ამა თუ იმ პროექტის მიმართ ინტერესსაც მნიშვნელოვნად ზრდის.

ჩვენს სიაში სწორედ პოპულარული როკ მუსიკოსების მიერ მხატვრული ფილმებისთვის შექმნილ ათ საუნდტრეკ ალბომს წარმოგიდგენთ.

10. Thom Yorke - Suspiria (2018)

1977 წელს იტალიურმა პროგრესივ როკ ბენდმა Goblin გამოჩენილი რეჟისორის, დარიო არჯენტოს საშინელებათა ფილმისთვის Suspiria ბრწყინვალე საუნდტრეკ ალბომი ჩაწერა, რომელიც მელომანთა შორის დღემდე საკულტო სტატუსით სარგებლობს. შესაბამისად, სურათის 2018 წელს გამოსული რიმეიქის მუსიკალური გაფორმება თვით ტომ იორკის კალიბრის არტისტისთვისაც კი მნიშვნელოვან გამოწვევად გამოიყურებოდა. მით უმეტეს, რომ ეპოქალური კოლექტივის, Radiohead-ის ფრონტმენს მანამდე კინომუსიკაზე მუშაობის გამოცდილება, ფაქტობრივად, არ გააჩნდა.

ბრიტანელმა არტისტმა სწორი გზა აირჩია და "გობლინის" ხაზგასმით ინტენსიური, ე.წ. ჯიალო კინემატოგრაფის ექსცენტრიზმით სავსე ჟღერადობის ბრმად კოპირების ნაცვლად ჩანაწერი რადიკალურად განსხვავებულ, ჰიპნოტურ-მელანქოლიურ ესთეტიკაზე ააგო, რომელიც კონკრეტული მუსიკით, ავანგარდული ელექტრონიკით, ნეო ფსიქოდელიითა და კრაუტროკით იყო შთაგონებული. იორკს თავდაპირველად ფილმზე მუშაობა არ სურდა და ლუკა გუადანინოს მის დასაყოლიებლად დაჟინებული თხოვნა დასჭირდა, ამ ალბომის მოსმენა კი ნათელს ხდის, რომ იტალიელი რეჟისორის სიჯიუტეს ამაოდ ნამდვილად არ ჩაუვლია.

მოუსმინეთ ალბომს

9. Arcade Fire - Her (2013)

დიდი ხანია, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სპაიკ ჯონზი თავისი ფილმებისთვის საუნდტრეკებს იდეალურად არჩევს. პოპულარულ მუსიკოსებთან ხშირი თანამშრომლობით ცნობილმა რეჟისორმა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, ეპოქალური სტატუსის მქონე ვიდეორგოლები ისეთი არტისტებისა და ბენდებისთვის შექმნა, როგორებიც არიან Fatboy Slim, Björk, The Pharcyde, Sonic Youth, Daft Punk, Beastie Boys, Kanye West და სხვა. თავისი რიგით მეოთხე სრულმეტრაჟიანი ფილმის Her მუსიკალური გაფორმება კი ამერიკელმა ხელოვანმა კანადურ კოლექტივს Arcade Fire მიანდო (ამ ჯგუფის ერთ-ერთ ჰიტზე The Suburbs გადაღებული კლიპი სწორედ სპაიკ ჯონზს ეკუთვნის).

Her ფუტურისტულ ლოს ანჯელესში მცხოვრები, მარტოსული მწერლის ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, ვირტუალური ასისტენტის მიმართ რომანტიკული გრძნობები უჩნდება. Arcade Fire-ის მელანქოლიური, ემპათიითა და სენტიმენტალიზმით გაჯერებული მუსიკა ზუსტ თანხვედრაში აღმოჩნდა ფილმის განწყობასა და სევდიან-ოპტიმისტურ სიუჟეტთან. აღსანიშნავია, რომ ფინალურ ტიტრებში გაჟღერებული სიმღერა The Moon Song, რომელიც საუკეთესო ორიგინალური კომპოზიციის ნომინაციაში ოსკარზე იყო წარდგენილი, კიდევ ერთი პოპულარული როკ ბენდის Yeah Yeah Yeahs ვოკალისტმა, Karen O-ს ფსევდონიმით ცნობილმა კარენ ლი ორზოლეკმა ჩაწერა.

მოუსმინეთ ალბომს

8. Eddie Vedder - Into the Wild (2007)

კრისტოფერ მაკკენდლესი 1968 წლის 12 თებერვალს შეძლებულ ამერიკულ ოჯახში დაიბადა. ატლანტის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან მთელი თავისი ქონება საქველმოქმედო ორგანიზაციებს შესწირა და ხეტიალს შეუდგა, 1992 წელს ის ალასკას ველურ რეგიონში გაემგზავრა, რათა გარკვეული პერიოდის განმავლობაში სრულ მარტოობაში ეცხოვრა. სამწუხაროდ, მაკკენდლესმა იქაურ რთულ პირობებს ვერ გაუძლო და შიმშილით გარდაიცვალა. მის მიერ ზემოხსენებულ პერიოდში ნაწარმოებმა დღიურმა კი, რომელშიც კრისტოფერი საკუთარ გამოცდილებას აღწერდა, ავტორს გარდაცვალების შემდეგ უდიდესი პოპულარობა და სათაყვანებელი გმირის სტატუსი მოუპოვა.

ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა, შონ პენმა კრისტოფერის მაკკენდლესის ცხოვრების მიხედვით სურათი "ველურ პირობებში" 2007 წელს გადაიღო. ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა ფილმის მუსიკალურად გაფორმება პოპულარული გრანჟ კოლექტივის Pearl Jam ფრონტმენს, ედი ვედერს მიანდო და აშკარად სწორი არჩევანიც გააკეთა - ფოლკ როკის ესთეტიკაში გადაწყვეტილი, უმეტესწილად აკუსტიკურ ჟღერადობაზე დაფუძნებული ალბომი, რომლის ლირიკაც მაკკენდლესის მსოფლმხედველობითა და იდეალებითაა შთაგონებული, არაერთ პრესტიჟულ ჯილდოზე იყო წარდგენილი. მასში შესულმა კომპოზიციამ Guaranteed კი საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში ოქროს გლობუსი მოიპოვა.

მოუსმინეთ ალბომს

7. Trent Reznor & Atticus Ross - Soul (2020)

ტრენტ რეზნორმა სახელი ინდასტრიალ კოლექტივში Nine Inch Nails მოღვაწეობით გაითქვა. ორმოცწლიანი კარიერის განმავლობაში ამერიკელმა არტისტმა მილიონობით ალბომი გაყიდა, ათობით პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და უამრავი კოლეგისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. კონტროვერსიული იმიჯის მქონე ხელოვანმა (თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი The Downward Spiral რეზნორმა იმავე სახლში ჩაწერა, რომელშიც ჩარლზ მენსონის კულტის წევრებმა გახმაურებული მკვლელობები ჩაიდინეს) 2010 წლიდან მოყოლებული NIN-ის კიდევ ერთ წევრთან, ატიკუს როსთან პარტნიორობით მუსიკალური გაფორმება არაერთი მხატვრული ფილმისა თუ ტელესერიალისთვის შექმნა.

რეზნორმა და როსმა გასულ წელს რეჟისორ პიტ დოქტერის ფილმისთვის "სული" ელექტრონიკის, ჯაზის, ნიუ ეიჯისა და ემბიენთის ელემენტებით გაჯერებული, შესანიშნავი საუნდტრეკი ჩაწერეს, რომელმაც კრიტიკოსების აღფრთოვანებასთან ერთად ოქროს გლობუსის ნომინაციაც დაიმსახურა. დიდი ალბათობით, წარსულში ვერავინ წარმოდგენდა, რომ რეზნორის რეპუტაციისა თუ დისკოგრაფიის მქონე ავტორი ოდესმე ასეთ პროექტში მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა ფაქტია, რომ მისი ნამუშევრის ჟღერადობა უკანასკნელი წლების ერთ-ერთ საუკეთესო, ოპტიმიზმითა და მხიარულებით აღსავსე ანიმაციურ სურათს ძალზე მოუხდა.

მოუსმინეთ ალბომს

6. Mark Mothersbaugh - The Royal Tenenbaums (2001)

ჩვენს სიაში წარმოდგენილი არტისტებიდან არავის მოუკიდია კინოკომპოზიტორობისთვის ხელი ისე აქტიურად, როგორც მარკ მაზერსბოს. ამერიკელმა არტისტმა სახელი 1973 წელს ჩამოყალიბებული საკულტო ნიუ ვეივ კოლექტივის Devo ფრონტმენობით გაითქვა, 1982 წლიდან მოყოლებული კი მუსიკალური გაფორმება უამრავ ტელესერიალთან თუ ვიდეოთამაშთან ერთად ათობით მხატვრული ფილმისთვისაც შექმნა. მათ შორის, ისეთი პოპულარული სურათებისთვის, როგორებიცაა "სასტუმრო ტრანსილვანია", სრულყოფილი სმენა", "დოგთაუნის მეფეები", "თორი: რაგნაროკი" და სხვა.

მარკის ნამუშევრებიდან განსაკუთრებული პოპულარობით უეს ანდერსონის ფილმისთვის "ტენენბაუმების ოჯახი" შექმნილი გაფორმება სარგებლობს. უმეტესწილად კამერული მუსიკის ელემენტებზე აგებული საუნდტრეკის ჟღერადობა ამერიკელი რეჟისორის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ ატმოსფეროში იდეალურად ჯდება. მაზერსბომ ჩანაწერში გამოყენებულ ინსტრუმენტთაგან თითოეული ამა თუ იმ პერსონაჟს შეუსაბამა, შედეგად კი სურათში განვითარებული მოქმედება მუსიკაში ისეთი პერფექციონიზმითა და სილამაზით გაშალა, როგორსაც მხოლოდ ანდერსონის პასტელურ ფერებში გადაწყვეტილ, უნაკლოდ სიმეტრიულ კადრებში წააწყდებით.

მოუსმინეთ ალბომს

5. Jonny Greenwood - There Will Be Blood (2007)

ისევ და ისევ Radiohead ჩვენს სიაში. ამჯერად, ბრიტანული კოლექტივის გიტარისტის, ჯონი გრინვუდის ნამუშევარს წარმოგიდგენთ. ეს უკანასკნელი კინოკომპოზიტორის ამპლუაში ბენდის ფრონტმენთან, ტომ იორკთან შედარებით გაცილებით ხშირად გვხვდება. გრინვუდის მიერ სხვადასხვა დროს არაერთი ფილმისთვის შექმნილი ბრწყინვალე ნამუშევრებიდან არჩევნის კონკრეტულ ჩანაწერზე შეჩერება მარტივ ამოცანას ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა გამოჩენილი ამერიკელი რეჟისორის, პოლ ტომას ანდერსონის სურათისთვის "აქ იქნება სისხლი" დაწერილი საუნდტრეკი რომ ცალკე გამოყოფას იმსახურებს, ამაში მისი მხოლოდ ერთხელ მოსმენაც დაგარწმუნებთ.

კშიშტოფ პენდერეცკის, არვო პიარტისა და მე-20 საუკუნის მინიმალიზმის სხვა ტიტანების შემოქმედებით შთაგონებულ, უაღრესად ავანგარდული ესთეტიკის მქონე ალბომში ატონალურობა ხშირად კაკაფონიის ზღვარზეა. ინტენსიური, არასტანდარტულ რიტმებსა და ტექსტურებზე აგებული მუსიკა ფილმში ერთგვარი ემოციური კატალიზატორის როლს ასრულებს და ისედაც დაძაბულ, ტრაგიზმით აღსავსე სცენებს კიდევ უფრო ამძაფრებს. ერთი სიტყვით, ანდერსონს ღვაწლს ნამდვილად არ ვუკარგავთ, მაგრამ ფაქტია, რომ კრიტიკოსთა მიერ შედევრად თითქმის ერთხმად აღიარებული სურათი გრინვუდის ნამუშევრის გარეშე ასეთი შთამბეჭდავი ვერ იქნებოდა.

მოუსმინეთ ალბომს

4. Nick Cave & Warren Ellis - The Assassination of Jesse James by the Coward Robert Ford (2007)

საკულტო კოლექტივის Nick Cave & The Bad Seeds წევრების, ნიკ ქეივისა და უორენ ელისის საკომპოზიტორო დუეტმა სხვადასხვა დროს მუსიკალური გაფორმება ათამდე მხატვრული ფილმისთვის შექმნა. ავსტრალიელი მუსიკოსების ნამუშევრებიდან ჩვენს სიაში შესატანად რეჟისორ ენდრიუ დომინიკის გახმაურებული სურათისთვის "ჯესი ჯეიმსის მკვლელობა" დაწერილი საუნდტრეკი შევარჩიეთ. ანტი-ვესტერნული ჟანრის დრამაში მოქმედება 1880-იან წლების შეერთებულ შტატებში ვითარდება და ცნობილი მძარცველების, ჯესი ჯეიმსისა და რობერტ ფორდის ათასგვარი ლეგენდის საფუძვლად ქცეულ, რეალურ თავგადასავალზე მოგვითხრობს.

კამერული მუსიკის, ამერიკანასა და ვესტერნის ელემენტებზე აგებული, ემოციური საუნდტრეკი იდეალურ თანხვედრაშია ფილმის ულამაზეს ვიზუალურ სტილთან, რომელზეც ლეგენდარულმა როჯერ დიკინსმა იზრუნა. მთელ ალბომს თან მინორული, სამგლოვიარო განწყობა გასდევს და აუდიტორიას თითქოს წინასწარ ამზადებს მთავარ პერსონაჟთა ოდისეის დიდებითა და სირცხვილით სავსე დასასრულისთვის - ჯესი ჯეიმსიც და რობერტ ფორდიც იმ ჯურის ანტიგმირები იყვნენ, რომელთა შესახებ ბნელი ბალადების შექმნა საუკეთესოდ სწორედ ქეივს გამოსდის. ამ ჩანაწერის მოსმენა კი ცხადყოფს, რომ ეპოქალურ ხელოვანს მსგავსი ამბების მოსათხრობად სიტყვები ხანდახან საერთოდ არ სჭირდება.

მოუსმინეთ ალბომს

3. Neil Young - Dead Man (1995)

არსებობენ ისეთი შემსრულებლები, რომლებიც დაუვიწყარი ემოციური ლანდშაფტის დახატვას და მსმენელის მოჯადოებას მხოლოდ რამდენიმე, უმარტივესი აკორდის საშუალებით ახერხებენ. მუსიკოსის ამ არქეტიპის სანიმუშო მაგალითი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორგზის შეყვანილი არტისტი, ათასობით კოლეგის შთაგონების წყაროდ ქცეული კანადელი ლეგენდა, ნილ იანგი გახლავთ. გრანჟის ნათლიმამა და ქანთრი როკის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა რამდენადაც შორს დგას ვირტუოზის წოდებისგან, იმდენად სამართლიანად იმსახურებს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტის წოდებას.

იანგის მიერ 1996 წელს ფილმისთვის "მკვდარი კაცი" შექმნილი მუსიკალური გაფორმება პიანინოსა თუ ორღანის ეპიზოდურ ჩანართებთან ერთად დიდწილად სწორედ აკუსტიკურ და ელექტრონულ გიტარებზეა დაფუძნებული. სანახევროდ იმპროვიზებული ნაწარმოებებით დაკომპლექტებული საუნდტრეკ ალბომის გამოუცნობი მელანქოლიით აღსავსე, მოუხეშავი ჟღერადობა ამერიკელი რეჟისორის, ჯიმ ჯარმუშის არტჰაუს ვესტერნში სრულიად უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის, რომლის ვერბალურად აღწერაზეც დროს ფუჭად არ დავხარჯავთ. სანაცვლოდ კი გირჩევთ, ეს საოცარი სურათი თავადვე იხილოთ და მისი პოეტური მაგიაც პირადად გამოსცადოთ.

მოუსმინეთ ალბომს

2. Pink Floyd - More (1969)

იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რომელიც Pink Floyd-ის შემოქმედებასთან ასოცირდება, გასაკვირი არაა, რომ ბრიტანულ კოლექტივთან თანამშრომლობით კინორეჟისორები ხშირად ინტერესდებოდნენ. ლეგენდარულმა ბენდმა მუსიკალური გაფორმება პირველად 1968 წელს, პიტერ საიკსის სურათისთვის "კომიტეტი" შექმნა, ორი წლის შემდეგ კი მიქელანჯელო ანტონიონის "ზაბრისკი პოინტისთვის" სამი კომპოზიცია ჩაწერა. ამასთან ერთად, მათი კანდიდატურა სხვადასხვა დროს არაერთ არშემდგარ პროექტში განიხილებოდა. (მაგალითისთვის, ალეხანდრო ხოდოროვსკი სამეცნიერო-ფანტასტიკური ნოველის, "დიუნის" ეკრანიზაციისთვის საუნდტრეკის შეკვეთას სწორედ მათთვის აპირებდა).

შვეიცარიელი რეჟისორის, ბარბე შრიოდერის ფილმისთვის More შექმნილი საუნდტრეკი პირველი ნამუშევარია, რომელიც კოლექტივმა შემადგენლობიდან დამფუძნებელი წევრის, სიდ ბარეტის წასვლის შემდეგ ჩაწერა. ეს ავანგარდული, ულტრაფსიქოდელიური, გარკვეულ მომენტებში ბენდის ტრადიციულ სტილთან შედარებით უჩვეულოდ მძიმე ჟღერადობის მქონე ჩანაწერი სწორედ ის იყო, რაც ჰალუცინოგენების, კონტრკულტურისა და სექსუალური თავისუფლების თემებზე შექმნილ ფილმს ესაჭიროებოდა. დასანანია, რომ ეს შესანიშნავი ალბომი, რომლის Pink Floyd-ის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დასახელებაც სავსებით თამამად შეგვიძლია, სათანადო დაფასებით დღემდე არ სარგებლობს.

მოუსმინეთ ალბომს

1. Peter Gabriel - The Last Temptation of Christ (1988)

პიტერ გებრიელის მსმენელებს კარგად მოეხსენებათ, რომ პროგრესივ როკ კოლექტივის, Genesis-ის ყოფილი ფრონტმენისთვის ამა თუ იმ ერის ფოლკლორული მუსიკა შთაგონების გამორჩეულ წყაროს წარმოადგენს. ბრიტანელი არტისტის შემოქმედებაში ეს ინსპირაცია განსაკუთრებით ეფექტურად მარტინ სკორსეზეს სურათისთვის "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება" შექმნილ მუსიკალურ გაფორმებაში აისახა. გამოჩენილი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის ამავე სახელწოდების მქონე წიგნის მიხედვით გადაღებული სკანდალური ფილმი იესოს ცხოვრების შესახებ ახალი აღთქმისგან სრულიად განსხვავებულ ვერსიას მოგვითხრობს.

ალბომზე სამუშაოდ გებრიელმა ათობით ევროპელი, ამერიკელი, აფრიკელი თუ აზიელი კოლეგა შემოიკრიბა, რომელთა რიგებშიც ნუსრათ ფატე ალი ხანი, იუსუ ნ'დური, ჰუსამ რამზი, ლაკშმინარაიანან შანკარი და არაერთი სხვა გამოჩენილი შემსრულებელი შედიოდა. მთელი ამ მულტიკულტურალიზმის შედეგად კი ალბომში არაბულ, ეგვიპტურ, ქურთულ, პაკისტანურ თუ ინდურ ტრადიციულ მუსიკას სინთეზატორებისა და სხვა ელექტრონული ინსტრუმენტების ჟღერადობა ძალზე შთამბეჭდავად შეერწყა. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე დასავლურ სამყაროში ეთნიკური მუსიკის მიმართ ინტერესის ზრდა დიდწილად სწორედ ამ ჩანაწერის გამოსვლამ განაპირობა.

მოუსმინეთ ალბომს

კომენტარები

ბოლოს დამატებული