Thumbnail

სტილისტი: მერილინ მენსონის სახლში შუშის გალია ვნახე, რომელშიც ქალებს ატყვევებდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი მუსიკოსის, მერილინ მენსონის წინააღმდეგ გამოთქმულ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს ყოფილი სტილისტი, ლავ ბეილი შეუერთდა. მისი მტკიცებით, 20 წლის იყო, როცა მუსიკოსმა თავის არეში იარაღი დაუმიზნა. როგორც ბეილი ყვება, ინციდენტი 2011 წელს მერილინის სახლში მოხდა.

ფიბი ბრიჯერსი: მენსონმა მითხრა, ქალების გასაუპატიურებლად სპეციალური ოთახი მაქვსო

სტილისტის თქმით, საკუთარი თვალით დაინახა, როგორ დასცინოდა მუსიკოსი ქალ მსახიობს, რომელიც მის ოთახში თითქმის გონდაკარგულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც დახმარება გადაწყვიტა, მენსონი მას ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა:

"იმ დღეს ერთ-ერთი ქალი მსახიობის ვიზუალზე უნდა მემუშავა ჟურნალისთვის Galore Magazine, რომელსაც მაშინ Lovecat Magazine ერქვა. მთხოვეს, რომ მას მერილინ მენსონის სახლში მოწყობილ სტუდიაში გავყოლოდი, სადაც ფოტოსესიისთვის მოვამზადებდი. მანამ საჭირო ნივთების ამოლაგებით ვიყავი დაკავებული, თვალში მომხვდა კედლები, რომლებიც საშიში ნახატებით იყო გაფორმებული. მითხრეს, რომ საძინებელში უნდა ავსულიყავი.

ოთახისკენ მიმავალმა შუშის გალია შევამჩნიე. ეს უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ის, ჩემი აზრით, თავის მსხვერპლ ქალებს ატყვევებდა, რადგან გალიას საკეტი ჰქონდა დამაგრებული. ოთახში კი მერილინი და ეს მსახიობი იყვნენ. ირგვლივ დასვრილი ზეწრები ეყარა. არ ვიცი, რა გააკეთა მენსონმა, მაგრამ იმ ქალს გონება ჰქონდა გათიშული. ვერ გავიგე, წამლებისგან თუ სხვა მიზეზით, თუმცა, საღ აზრზე არ იყო. რამდენჯერმე წაიბორძიკა, მაგიდის კუთხეს მიეჯახა და მუხლი იტკინა, მერილინი კი ამაზე იცინოდა, არც განძრეულა, როცა ქალი ძირს დაეცა.

მასთან მივირბინე, ვცდილობდი, წამოდგომაში დავხმარებოდი, როცა მენსონმა თავში იარაღი დამიმიზნა. ეს არ იყო სათამაშო, ეს იყო ნამდვილი, ლითონის პისტოლეტი. პირდაპირ შუბლზე მომაბჯინა და აგრესიულად გადაიხარხარა. ეს არ იყო ხუმრობა. მახსოვს, როგორი შეძრწუნებული ვიყავი იმ მომენტში. თავი უძლურად ვიგრძენი. მენსონმა მითხრა, აქ დახმარება არ არის დაშვებულიო", - ამბობს ლავ ბეილი ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში და აღნიშნავს, რომ ამ თემაზე მოდის ინდუსტრიიდან წასვლამდე ვერ საუბრობდა, რადგან ეშინოდა, ფოტოგრაფებს შავ სიაში არ შეეყვანათ.

რას ჰყვებიან ქალები, რომლებიც მერილინ მენსონს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ლავ ბეილი უკვე მეცხრე ქალია, რომელმაც მერილინ მენსონის საწინააღმდეგო ბრალდება გამოთქვა. ყველაფერი 1 თებერვალს, მენსონის ყოფილი მეგობარი ქალის, მსახიობ ევან რეიჩელ ვუდის ინსტაგრამ პოსტით დაიწყო, რომლის თქმითაც, მუსიკოსი მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა. ამის გამო მომღერალთან საქმიანი კონტრაქტი გაწყვიტა ლეიბლმა Loma Vista Recordings. სატელევიზიო შოუებიდან American Gods და Creepshow კი მისი სცენები ამოჭრეს. თავად არტისტმა ბრალდებებს "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა და აღნიშნა, რომ ინტიმური ურთიერთობები ყოველთვის შეთანხმებული ჰქონდა პარტნიორებთან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული