Thumbnail

მოუსმინეთ: Foo Fighters-მა მეათე ალბომი Medicine at Midnight გამოუშვა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა Foo Fighters ახალი, რიგით მეათე ალბომი Medicine at Midnight გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი 9 კომპოზიციას აერთიანებს. კოლექტივის ფრონტმენის, დეივ გროლის თქმით, მუსიკოსებს ლეგენდარული არტისტის, დევიდ ბოუის მიერ 1983 წელს გამოცემული ალბომის Let’s Dance მსგავსი ნამუშევრის ჩაწერა სურდათ. ამისთვის მათ კალიფორნიის შტატის ქალაქ ენსინოში მიტოვებული სახლი იქირავეს და მასში სტუდია მოაწყეს, თუმცა, ცოტა ხანში იქ პარანორმალური მოვლენები დაიწყო.

ნახეთ: Foo Fighters-ის 2009 წლის პერფორმანსი გადაცემაში Austin City Limits

"როდესაც ენსინოს სახლში შევედით, უცნაური გარემო თავიდანვე ვიგრძენით. მუშაობას რომ შევუდექით, მალევე უცნაური შემთხვევები დაიწყო. მეორე დღეს სტუდიაში დაბრუნებულებს გიტარები გამოერთებული გვხვდებოდა, გასწორებული ეფექტები არეული, Pro Tools-ში ტრეკები თავისით იშლებოდა ან ადგილს იცვლიდა, ჩანაწერებში უცნაური ხმებიც კი ისმოდა. ამის შემდეგ სათვალთვალო კამერა დავამონტაჟეთ, თავდაპირველად უცნაური არაფერი ჩანდა, თუმცა, შემდეგ ჩანაწერებში ისეთი რაღაცები ვნახეთ, რომელთა ახსნაც შეუძლებელია. შემდეგ ამ სახლის ისტორიას გავეცანით. წარსულში იქ რამდენჯერმე მოხდა ისეთი რაღაც, რასაც ვერ გიმხელთ, რადგან სახლის მფლობელი მის გაყიდვას ცდილობს. ამ ყველაფერმა ალბომი მაქსიმალურად მოკლე დროში ჩაგვაწერინა", - ამბობს გროლი Mojo-სთან ინტერვიუში.

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა მსმენელებს 2017 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Concrete and Gold შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული