Thumbnail

ამა თუ იმ ერის კულტურისთვის დამახასიათებელი, ეთნიკური საკრავებითა და მუსიკალური ტრადიციებით შესრულებული ჰიტები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მსგავსი პერფორმანსები საქვეყნოდ ცნობილ კომპოზიციებს სრულიად ახალ ესთეტიკას სძენს, მელომანებს კი მათი ფავორიტი, მრავალგზის მოსმენილი ნამუშევრების განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვის საშუალებას აძლევს.

ჩვენს სტატიაში ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერების სწორედ ათ ასეთ, გამორჩეულ შესრულებას წარმოგიდგენთ.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Red Hot Chilli Pipers - Wake Me Up (Avicii)

გუდასტვირი კილტთან და ნაციონალურ ცეკვებთან ერთად შოტლანდიელთა ერთგვარ სავიზიტო ბარათად ითვლება. ქვეყნის მთიან რეგიონში გავრცელებულმა ინსტრუმენტმა პოპულარობა თავდაპირველად ბრიტანულ სამხედრო ორკესტრებში გამოყენების ხარჯზე მოიპოვა, მოგვიანებით კი ფეხი მთელ მსოფლიოში მოიკიდა და აზიისა თუ ევროპის სახელმწიფოებში მისი არაერთი ვარიაციაც გამოჩნდა. ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეორგოლში ცნობილი ამერიკული კოლექტივის, Red Hot Chili Peppers-ის მსგავსი სახელწოდების მქონე გლაზგოური ბენდი Red Hot Chilli Pipers ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე შვედი არტისტის, Avicii-ს ჰიტის Wake Me Up ქავერ ვერსიას ასრულებს.

9. Ba Cissoko - Sunday Bloody Sunday (U2)

დასავლეთ აფრიკაში გავრცელებული ოცდაერთსიმიანი საკრავი კორა კლასიფიკაციით ერთდროულად არფასა და ლუტას ოჯახებს მიეკუთვნება, რაც ძალზე იშვიათი მოვლენა გახლავთ. ამ ინსტრუმენტის შესახებ უძველესი ცნობები ჯერ კიდევ XIV საუკუნეში გვხვდება, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მას გაცილებით დიდი ისტორია გააჩნია. კორაზე დაკვრის ხელოვნება თაობიდან თაობას გადაეცემოდა, რის შედეგადაც სხვადასხვა ეპოქაში არაერთი ვირტუოზი შემსრულებელი აღიზარდა. მათგან ერთ-ერთი "აფრიკელ ჰენდრიქსად" წოდებული გვინეელი მუსიკოსი, ბა სისოკო გახლავთ, რომელმაც 2008 წელს ირლანდიური კოლექტივის, U2-ს კომპოზიციის Sunday Bloody Sunday ბრწყინვალე ქავერ ვერსია ჩაწერა.

8. The Fusion Labs - Sweet Child O' Mine (Guns N' Roses)

ეთნიკური, ლინგვისტური თუ კულტურული თვალსაზრისით ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა. შესაბამისად, იქაური კლასიკური მუსიკაც იმდენ ტრადიციას, ინსტრუმენტს, საშემსრულებლო ტექნიკასა თუ სხვა ელემენტს აერთიანებს, რომ მის ზედაპირულ აღწერასაც კი მთელ ჩვენს სტატიასთან შედარებით გაცილებით დიდი ტექსტი სჭირდება. ამ უაღრესად მრავალფეროვანმა, თვითმყოფადმა და მნიშვნელოვანმა ფენომენმა უდიდესი გავლენა მოახდინა დასავლურ ექსპერიმენტულ თუ პოპ მუსიკაზე. ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეორგოლში კი ფოლკ ბენდი The Fusion Labs პოპულარული როკ ჯგუფის, Guns N' Roses-ის კომპოზიციას Sweet Child O' Mine სწორედ ინდური კლასიკური მუსიკისთვის დამახასიათებელი საკრავების თანხლებით ასრულებს.

7. Gipsy Kings - Hotel California (Eagles)

ფლამენკოს წარმოშობის ისტორია ბურუსითაა მოცული, თუმცა, ყველაზე სარწმუნო ვერსიით, ის XVI საუკუნის ესპანეთში ბოშების მიერ შემოტანილი ტრადიციების ადგილობრივ ღირებულებებთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. XIX საუკუნეში ფლამენკოს ელემენტების კუბური მუსიკის ჟანრებთან, სონ კუბანოსთან, გუარაჩასთან და რუმბა გუაგანკოსთან შერწყმით ახალი მიმდინარეობა, რუმბა ფლამენკო შეიქმნა, რომლის ერთ-ერთი საფლაგმანო კოლექტივიც 1978 წელს ჩამოყალიბებული Gipsy Kings გახლავთ. ჩვენს სიაში წარმოდგენილ ჩანაწერებს შორის ყველაზე პოპულარულიც სწორედ მათ ეკუთვნით. ამერიკული ბენდის, Eagles-ის ჰიტის Hotel California ესპანურენოვანმა ვერსიამ ფილმში "დიდი ლებოვსკი" გაჟღერების შემდეგ საერთაშორისო ცნობადობა მოიპოვა.

6. Luna Lee - Stairway to Heaven (Led Zeppelin)

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კორეული საკრავის, გაეაგომის უძველესი ფრაგმენტები ძვ. წ. I საუკუნით თარიღდება. დაახლოებით 1,5 მეტრი სიგრძის, ძირითადად 12-სიმიან ინსტრუმენტს სპეციფიკური ჟღერადობა გამოარჩევს, რომელიც, როგორც წესი, მსმენელებისთვის აღმოსავლეთ აზიის სამყაროსთან ასოცირდება. ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეორგოლში ლეგენდარული კოლექტივის, Led Zeppelin-ის ეპოქალური კომპოზიციის Stairway to Heaven გაეაგომზე შესრულებული, ორიგინალისგან სავსებით განსხვავებული ესთეტიკის მქონე ვერსია შეგიძლიათ მოისმინოთ. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრის ავტორის, ლუნა ლის იუთუბ არხზე ასობით სხვა პოპულარული ჩანაწერის ერთიმეორეზე შთამბეჭდავი ქავერია ატვირთული, რომელთა გაცნობასაც აუცილებლად გირჩევთ.

5. მიშო ელიავა, დათო მეტრეველი, გიორგი ამბარდნიშვილი, ირაკლი კოდალაშვილი - Smells Like Teen Spirit (Nirvana)

ათასწლეულების ისტორიის მქონე ქართულ მრავალხმიანობას უამრავ სხვა ღირსებასთან ერთად მისი ეკლექტური ხასიათიც გამოარჩევს. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოში ბურდონული (აკომპანემენტის ფორმა, როდესაც ცალკეული ნოტი ან აკორდი მთელი ნაწარმოების განმავლობაში გაბმულად ჟღერს) სამხმიანობა გვხვდება, დასავლეთში კონტრაპუნქტული პოლიფონია, გურიაში გლოსოლალიური სიმღერის ერთ-ერთი უნიკალური ფორმა, კრიმანჭული და სხვა. მთელ ამ მრავალფეროვნებას დაუმატეთ უჩვეულო მოდულაციები, დისონანსური ჰარმონიის არაორდინარული ფორმები, დაუვიწყარი აკუსტიკური ეფექტი და მარტივად მისახვედრი გახდება, რატომ იწვევს ის ასეთ ინტერესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენს სტატიაში კი საკულტო გრანჟ კოლექტივის, Nirvana-ს ჰიტის Smells Like Teen Spirit ამ ქავერ ვერსიას ყოველგვარი დამატებითი კომენტარის გარეშე წარმოგიდგენთ.

4. Djoko Mangkrengg Performing Arts - Perfect (Ed Sheeran & Beyoncé)

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული გამელანი ძირითადად დასარტყამი ინსტრუმენტებით დაკომპლექტებულ ანსამბლს წარმოადგენს, რომელიც რელიგიური ცერემონიების, დღესასწაულებისა თუ თეატრალური დადგმების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა. უაღრესად მრავალფეროვანმა, უნიკალური საკრავებითა და ნოტაციის სპეციფიკური სისტემებით გამორჩეულმა კულტურამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, როგორც დასავლეთის კლასიკურ მუსიკაზე (განსაკუთრებით, ფრანგულ იმპრესიონიზმსა და ამერიკულ მინიმალიზმზე), ასევე ექსპერიმენტული როკის წარმომადგენლებსა თუ ელექტრონული მუსიკის პიონერებზე. ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეორგოლში კი ერთ-ერთი სინგაპურული ანსამბლი ორი პოპვარსკვლავის, ედ შირანისა და ბიონსეს ჩანაწერის Perfect ქავერ ვერსიას ასრულებს.

3. The HU - Sad But True (Metallica)

მონღოლური ხალხური მუსიკა ძალზე საინტერესო მოვლენაა, რომლის გამორჩეულ თავისებურებას ტუვური ყელისმიერი სიმღერა წარმოადგენს. ობერტონული სასიმღერო ხელოვნების ამ სახეობაში შემსრულებელი ფუნდამენტურ ტონთან ერთად დამატებით კიდევ ერთ ან რამდენიმე ტონს იღებს, შედეგად კი საოცარი აკუსტიკური ეფექტი იქმნება. ამ ტრადიციის ფესვები უძველეს შამანისტურ რიტუალებში იკარგება და ეთნომუსიკოლოგთა მოსაზრებით, საფუძვლად ბუნების ხმების იმიტირების მცდელობები უდევს. ულან ბატორში 2016 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივის The HU საფირმო სტილი, რომელიც ჰევი მეტალისთვის დამახასიათებელ ელემენტებთან ერთად, მონღოლურ ფოლკლორულ საკრავებს (მორინ ხუური, ტოპშუური და სხვა) და ყელისმიერ სიმღერას აერთიანებს, პოპულარული ამერიკული ბენდის, Metallica-ს კომპოზიციას Sad But True ძალზე მოუხდა.

2. Ahmed Alshaiba - Hello (Adele)

უმეტესწილად შუა აღმოსავლეთში გავრცელებულ, უდის სახელით ცნობილ საკრავს ლუტის ევროპული თუ აფრიკული სახეობებისგან შედარებით მოკლე გრიფი და ლადების არარსებობა გამოარჩევს. ინსტრუმენტის უძველეს ნიმუშებს მხოლოდ სამი სიმი გააჩნდათ, თუმცა საუკუნეების განმავლობაში მან ევოლუციის არაერთი ეტაპი განვლო და დღესდღეობით ყველაზე ფართოდ გამოყენებულ მოდელებს ექვს ქორში გადანაწილებული თერთმეტი სიმი ახლავთ, რომლებზე დასაკრავადაც სპეციალური მედიატორი, რიშა გამოიყენება. უდის კლასიფიკაცია სამ ძირითად კატეგორიად, არაბულად, თურქულად და ირანულად (ამ უკანასკნელის დასახელება, ბარბითი, დიდი ალბათობით, "ვეფხისტყაოსნიდან" გეცნობათ) იყოფა. ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეორგოლში კი იემენელი მუსიკოსი, აჰმედ ალშაიბა ინგლისელი არტისტის, ადელის ჰიტს Hello თურქულ მოდელზე ასრულებს.

1. Wuauquikuna - The Sound of Silence (Simon & Garfunkel)

სამხრეთ ამერიკის აბორიგენ მოსახლეობას ძალზე მდიდარი და თვითმყოფადი მუსიკალური კულტურა გამოარჩევს. კონტინენტზე მცხოვრებ ხალხებს შორის ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას ანდების მთების მკვიდრები იქცევენ, რომელთაც უძველესი, ჯერ კიდევ ინკების იმპერიის ხანაში ჩამოყალიბებული ტრადიციების ავთენტური სახით შენარჩუნება შეძლეს. ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეორგოლში ეკვადორული პროექტის Wuauquikuna პერფორმანსის ხილვა შეგიძლიათ, სადაც მუსიკოსები ეპოქალური ფოლკ დუეტის, Simon & Garfunkel-ის კომპოზიციის The Sound of Silence შესრულებისას რამდენიმე ეთნიკურ ინსტრუმენტს, მათ შორის ანდურ პან ფლეიტას, ტოიოსა და ქუენაჩოს იყენებენ. ეს უკანასკნელი სამხრეთამერიკული ფლეიტის, ქუენას ნაირსახეობაა და მასთან შედარებით უფრო ნათელი, ჰაეროვანი ჟღერადობით ხასიათდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული