Thumbnail

უკანასკნელი სიმღერა, რომელიც ჯონ ლენონმა The Beatles-ის შემადგენლობაში ჩაწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი The Beatles ოფიციალურად 1970 წელს დაიშალა. იმის მიუხედავად, რომ კოლექტივის მიერ გავრცელებული უკანასკნელი სინგლი Let It Be იყო ამავე სახელწოდების სტუდიური ნამუშევრიდან, ლივერპულური ოთხეულის ყველა წევრმა სტუდიაში ბოლოს 1969 წელს ალბომზე Abbey Road იმუშავა. ხოლო უკანასკნელი სიმღერა, რომელიც ჯონ ლენონმა "ბითლზის" შემადგენლობაში ჩაწერა, მასში შესული Oh! Darling იყო.

გავრცელდა წერილი, რომელშიც სიკვდილამდე ჯონ ლენონის გეგმებზეა საუბარი

ჯონ ლენონის დაწერილი სიმღერა, რომელიც თავად სძულდა

ჯონი ამ სიმღერაში ბექ ვოკალს და ფორტეპიანოს პარტიას ასრულებს. პოლი კი, რომელიც კომპოზიციის ავტორია, წამყვან ვოკალისტად გვევლინება და ბასზე უკრავს. 1980 წელს, ჟურნალ Playboy-სთან ინტერვიუში, ლენონმა ჟურნალისტ დევიდ შეფს განუცხადა, რომ, მისი აზრით, ამ სიმღერას ის უკეთ გაართმევდა თავს, ვიდრე ეს პოლმა შეძლო.

"Oh! Darling პოლმა კარგად დაწერა, მაგრამ სათანადოდ ვერ შეასრულა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მე უკეთ ვიმღერებდი. სიმღერა მისი შექმნილი იყო, ასე რომ, სხვა ვარიანტი არც განიხილებოდა, მას უნდა ემღერა. უფრო ობიექტურად რომ მისდგომოდა საკითხს, წესით ჩემთვის უნდა დაეთმო მისი შესრულება", - ამბობდა მაშინ ჯონი.

როგორც ბრიტანული გამოცემა Far Out Magazine წერს, Oh! Darling-ზე მუშაობის დასრულების შემდეგ სტუდიიდან გასვლისას, ლენონმა კომპოზიციის სიტყვები ჩაილაპარაკა:

"არასდროს მოგაყენებ ზიანს".

"I’ll never do you no harm".

აღსანიშნავია, რომ ბოლო ახალ სიმღერაში I Me Mine, რომელიც კოლექტივმა დაშლამდე ჩაწერა, ლენონს მონაწილეობა აღარ მიუღია. 1970 წლის 3-4 იანვარს ჯორჯ ჰარისონი, პოლ მაკკარტნი და რინგო სტარი კვლავ მივიდნენ სტუდიაში, რათა ჯორჯის დაწერილი კომპოზიცია კოლექტივის უკანასკნელ ალბომში Let It Be შეეტანათ. სესიების დროს ჯონი ცოლთან, იოკო ონოსთან ერთად დანიაში ისვენებდა. მას ამ დროს უკვე გამხელილი ჰქონდა კოლექტივის წევრებისთვის, რომ ბენდის დატოვებას აპირებდა.

The Beatles-ის სიმღერები, რომლებიც ჯონ ლენონის გარეშე ჩაიწერა

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული