Thumbnail

რას ჰყვებიან ქალები, რომლებიც მერილინ მენსონს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილ ამერიკელ მუსიკოს მერილინ მენსონს ყოფილი პარტნიორი ქალები სასტიკ მოპყრობაში, ფიზიკურ ძალადობაში, გაუპატიურებაში, მუქარასა და მათზე მანიპულირებაში ადანაშაულებენ. ყველაფერი მსახიობ ევან რეიჩელ ვუდის ინსტაგრამ პოსტით დაიწყო. მას არტისტი 2007-10 წლებში ხვდებოდა და, მანამ ურთიერთობას დაასრულებდნენ, დაინიშნენ კიდეც. ქალი აქამდეც საუბრობდა, რომ წარსულში ძალადობის მსხვერპლი გამხდარა, თუმცა, მხოლოდ ახლა გაამხილა, რომ მერილინთან რომანს გულისხმობდა.

მერილინ მენსონი: კორონავირუსის პანდემია ფსიქიკას მინგრევს

"ის მოძალადე ბრაიან უორნერია - მსოფლიოში ცნობილი, როგორც მერილინ მენსონი. ჯერ კიდევ თინეიჯერობისას დამადგა თვალი. წლების განმავლობაში ჩემზე ძალადობდა, ტვინს მირეცხავდა, მანიპულირებდა და მაიძულებდა, დავმორჩილებოდი. მანამ კიდევ ვინმეს ცხოვრებას დაანგრევდეს, მინდა, ეს სახიფათო ადამიანი ვამხილო და ისიც ვთქვა, რომ მას ბევრი უწყობდა ხელს. იმ მსხვერპლთა რიგებში ვარ, რომლებიც აღარ აპირებენ გაჩუმებას“, - დაწერა მსახიობმა ინსტაგრამზე.

რეიჩელ ვუდის შემდეგ მერილინ მენსონი სასტიკ მოპყრობაში კიდევ არაერთმა ქალმა დაადანაშაულა. ისინი ამბობენ, რომ მუსიკოსი თავდაპირველად მათ ნდობას იმსახურებდა, არწმუნებდა, რომ თითოეულთან განსაკუთრებულ კავშირს გრძნობდა, შემდეგ კი მათ შეურაცხმყოფელ მოთხოვნებს უყენებდა. ქალების თქმით, მიღებული სტრესის გამო დღემდე აწუხებთ ფსიქოლოგიური პრობლემები. მოდელი ეშლი ლინსი მორგანი წერს:

"სახლიდან ნახევრად შიშველს მაგდებდა, თუ დილის სამ საათზე დავიძინებდი. არც ჭამის, არც ძილის და არც წასვლის ნებას მაძლევდა. თუ ჩამეძინებოდა, ხმამაღალი მუსიკით მაღვიძებდა. თმას მჭრიდა, კანს მიწვავდა. არ მინდა, რომ ის კიდევ ვინმეს მოექცეს ასე. ისედაც დიდი ხნის განმავლობაში ვგრძნობდი პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ სხვებსაც აყენებდა ტკივილს".

ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა ეშლი უოლტერსმა, რომელიც მუსიკოსის პირად ასისტენტად მუშაობდა. ქალის მტკიცებით, მენსონი მის თავს, როგორც "საჩუქარს", სთავაზობდა სექსისთვის ადამიანებს. ეშლისვე თქმით, არტისტი სამსახურიდან წასვლის შემდეგაც ავიწროებდა.

მუსიკოსმა გაბრიელამ, იგივე SourGirrrl-მა კი ინსტაგრამზე დაწერა, რომ მენსონს არაერთხელ შეუბოჭავს მისთვის ხელ-ფეხი და გაუუპატიურებია.

"ბრაიან უორნერს 2015 წელს ერთ-ერთ კონცერტზე, კულისებში შევხვდი. მაშინ 22 წლის ვიყავი, ის კი 46-ის იყო. პირველი, რაც მითხრა, ის იყო, რომ ჩემს კბენას აპირებდა. მგონია, წლებია, გიცნობ და შენთან განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობო. შემდეგ კოკაინი შემომთავაზა. მითხრა, ტანზე გამეხადა და მის თვალწინ შხაპი მიმეღო. კულისებიდან გასვლას ვაპირებდი, როცა ტელეფონის ნომერი მთხოვა. როცა მეორედ შევხვდი, სასტუმროს ოთახში ღვინის ბოთლი გატეხა და შუშის ნატეხით ჩემი და თავისი ხელი გაკაწრა, რათა სისხლით გავერთიანებულიყავით. ურთიერთობის დასაწყისში სიმღერებს მიძღვნიდა და მონათესავე სულს მიწოდებდა, მისმა სამყარომ მთლიანად მომიცვა. არაერთხელ შეუბოჭავს ჩემთვის ხელ-ფეხი და გავუუპატიურებივარ", - დაწერა გაბრიელამ.

ამ და სხვა ქალების ბრალდებების შემდეგ მერილინ მენსონთან საქმიანი კავშირი გაწყვიტა ხმის ჩამწერმა ლეიბლმა Loma Vista Recordings.

"ევან რეიჩელ ვუდისა და სხვა ქალების მხრიდან გამოთქმული შემაშფოთებელი ბრალდებების შემდეგ, Loma Vista წყვეტს მერილინ მენსონის ახალი ალბომის We Are Chaos პრომოუშენს და მომავალშიც აღარ აპირებს მასთან თანამშრომლობას", - ნათქვამია ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში.

მერილინ მენსონმა ბრალდებებები ინსტაგრამის საშუალებით უარყო და აღნიშნა, რომ ქალის თანხმობის გარეშე მას ინტიმური ურთიერთობა არ ჰქონია.

"ჩემი შემოქმედება და ცხოვრება წლების განმავლობაში განხილვისა და დავის საგანი ხდებოდა, მაგრამ ბოლოდროინდელი ბრალდებებით რეალობა საშინლადაა დამახინჯებული. ჩემი ინტიმური ურთიერთობები ყოველთვის სრულად იყო მეორე მხარესთან შეთანხმებული", - წერს არტისტი.

ბრაიან უორნერმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო. მისი ფსევდონიმი Marilyn Manson ამერიკელი მსახიობის მერილინ მონროს სახელისა და ცნობილი დამნაშავის, ჩარლზ მენსონის გვარის კომბინაციაა. სკანდალური იმიჯით გამორჩეულმა მუსიკოსმა წარმატებას მეორე სტუდიური ნამუშევრის Antichrist Superstar გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არტისტის 3 ალბომს პლატინის სტატუსი აქვს მოპოვებული. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია The Beautiful People და ინგლისური ბენდების Depeche Mode და Eurythmics ქავერები Sweet Dreams და Personal Jesus.

კომენტარები

ბოლოს დამატებული