Thumbnail

T.I-ს და მისი ცოლს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილ ჰიპ ჰოპ არტისტ კლიფორდ ჰარის უმცროსს, ფსევდონიმით T.I-სა და მის ცოლს, მუსიკოს ტამეკა ჰარისს, იგივე Tiny-ს ყოფილი მეგობარი, საბრინა პეტერსონი სექსუალურ ძალადობასა და ნარკოტიკების იძულებით მოხმარებაში ადანაშაულებს. პეტერსონმა ინსტაგრამის სთორებში 12-ზე მეტ ქალთან საუბრის აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლებიც, მისი მტკიცებით, ანონიმურად მიიღო. მათი ნაწილი ყვებოდა, თუ როგორ უყენებდა წყვილი მათთან მისულ ქალ სტუმრებს მოთხოვნას, მანამ სახლში შევიდოდნენ, აკრძალული პრეპარატები მიეღოთ, ზოგი მათგანი კი იხსენებს, როგორ გახდნენ მათ სახლში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

ნახეთ: T.I. ვიდეორგოლს Hypno აქვეყნებს

ერთ-ერთი ქალი, რომელსაც პეტერსონი ესაუბრება, ამტკიცებს, რომ მუსიკოსს 2011 წელს, 16 წლის ასაკში, ესტუმრა სიმღერის დემო ჩანაწერით, რათა მას კარიერის აწყობაში დახმარებოდა.

"ჩვენი არ სჯერათ, რადგან ისინი გავლენიანები და ცნობილები არიან, ჩვენ კი რიგითი ადამიანები ვართ. მაგრამ ვინ იტყვის ტყუილს იმის შესახებ, რომ გააუპატიურეს? 16 წლის ვიყავი, როცა ნარკოტიკებით გამაბრუეს. ამის შემდეგ ვინმე ბრენდონი მესაუბრა, რომელმაც მითხრა, რომ თუ ამას სადმე გავამხელდი, გამანადგურებდა", - ამბობს ერთ-ერთი სავარაუდო დაზარალებული.

რეპერმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოს საშუალებით კატეგორიულად უარყო ბრალდებები.

"ძალადობის მსხვერპლ ქალებს უნდა მოვუსმინოთ. ქალები, განსაკუთრებით კი შავკანიანები, უნდა დავიცვათ და მხარი დავუჭიროთ. თუმცა, ეშმაკს სქესი არ აქვს. ბოროტი მიზნების მქონე ხალხს სქესი არ აქვს. მათგან ათასგვარი საფრთხე მოდის. ისტორიები, რომლებიც მოისმინეთ, სინამდვილეში არ მომხდარა. მტკიცებულებები მაქვს", - ამბობს მუსიკოსი.

ტამეკამ კი მისი ქმრისა და პეტერსონის შვილების ერთობლივი ფოტო გაავრცელა ტექსტით:

"მოიცა, გინდა თქვა, რომ მოძალადეს შენი შვილები ანდე? ჯერ კიდევ ორი წლის წინ ის მათთვის ბიძა იყო. ახლა კი ამბობ, რომ ჩემი ქმარი შენზე ძალადობდა? ასე შეიცვალე აზრი? დამაბნეველია. შეწყვიტე ჩემი ოჯახის შევიწროება. ხალხმა კარგად იცის, რომ ყველაფერი რიგზე ვერ გაქვს. დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართე, ჩვენ კი თავი დაგვანებე".

რაც შეეხება ცოლ-ქმრის ოფიციალურ განცხადებას, ის თავდაპირველად გამოცემა Complex-ს მიაწოდა წყვილის წარმომადგენელმა.

"ბატონ და ქალბატონ ჰარისებს სურთ, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ისინი კატეგორიულად უარყოფენ ამ უაღრესად შემაძრწუნებელ ბრალდებებს, რომელთაც მათ საბრინა პეტერსონი უყენებს. ჰარისების ოჯახს მანამდეც, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა უთანხმოება ამ ქალთან. ისინი ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგებიან და, თუ ის მათ დადანაშაულებას არ შეწყვეტს, შესაბამის სამართლებრივ ზომებს მიმართავენ", - ნათქვამი იყო განცხადებაში.

ამის პასუხად პეტერსონმა მზადყოფნა გამოთქვა, ის სიცრუის დეტექტორის საშუალებით შეემოწმებინათ. აღსანიშნავია, რომ მანამდე ქალი თიაის იმაში ადანაშაულებდა, რომ მან თავზე ცეცხლსასროლი იარაღი მიაბჯინა.

რეპერმა ტამეკა ჰარისზე 2010 წელს იქორწინა. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ, ერთად კი 7 შვილს ზრდიან. ტელეკომპანია VH1-ის ეთერში მათი ოჯახის შესახებ რეალით შოუ T.I. & Tiny: Friends & Family Hustle გადის.

წყვილი შვილების გარემოცვაში

T.I.-მ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2003 წელს გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Trap Muzik გახდა. 2000-10 წლებში კლიფორდი კოლეგებთან, გუჩი მეინთან და იანგ ჯიზისთან ერთად ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა. ამჟამად თიაი ლეიბლის Grand Hustle Records მფლობელია, რომელშიც 10-ზე მეტი არტისტი წევრიანდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული